საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის ცვლილება კოალიციის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა. როგორც კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, კოალიციამ გადაწყვეტილება მიიღო კონსულტაციების შედეგად და "რესპუბლიკური პარტიის" მხრიდან რაიმე სახის ულტიმატუმს ადგილი არ ჰქონია.
"თავდაცვის მინისტრის ცვლილება განპირობებული იყო კოალიციის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს იყო კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილებოდა ესა თუ ის კანდიდატურა ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება ერთიანი მოსაზრებით იქნა მიღებული. გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო პრემიერ-მინისტრმა, მე მივესალმები", - აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, ვიცე-პრემიერის თქმით, სამთავრობო ცვლილებებში პრეზიდენტის ჩართულობა, კონსტიტუციიდან გამომდინარე, აუცილებელი არ იყო. თუმცა, როგორც კალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო.
"პრეზიდენტის ჩართულობის აუცილებლობა კონსტიტუციიდან გამომდინარე არ იყო. კონსტიტუციით პირდაპირ არის გაწერილი, რომ მთავრობის დაკომპლექტებას უშუალოდ პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. პრეზიდენტი განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო და ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა", - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ ერთი კვირით გადადო ნდობის გამოსაცხადებლად პარლამენტისთვის მთავრობის წარდგენის საკითხი, კალაძის განცხადებით, ეს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება იყო, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა გამოიყენა. "ამაში რაიმე პრობლემას, უთანხმოებას ნამდვილად ვერ ვხედავ", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.