"ეს იქნება ძალიან წარმატებული მინისტრობის პერიოდი" - 3 ახალი მინისტრის პირველი სამუშაო დღის ქრონიკა

"ეს იქნება ძალიან წარმატებული მინისტრობის პერიოდი" - 3 ახალი მინისტრის პირველი სამუშაო დღის ქრონიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 1-ელი მაისის ბრძანებით, ქვეყანას 3 ახალი მინისტრი ჰყავს. ბრძანებაში პრემიერი განმარტავს, რომ თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად, გიგლა აგულაშვილის – გარემოს დაცვის მინისტრად და ტარიელ ხეჩიკაშვილის სპორტის მინისტრად დანიშვნა საქართველოს კონსტიტუციის 79-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განახორციელა.

Ambebi.ge მინისტრების პირველ სამუშაო დღეს და მათ პირველ განცხადებებს გთავაზობთ.

მაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული მინისტრობის პერიოდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რა მოლოდინები აქვს, როგორც საქართველოში პირველ ქალ თავდაცვის მინისტრს.

"მე ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და კაშკაშა მაგალითია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებების, ჩვენი ხელისუფლების დემოკრატიულობის, იმისი, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები, მაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული მინისტრობის პერიოდი, პირველ რიგში, ქართული ჯარისთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ როგორც თავდაცვის მინისტრმა შევძლო ერთი მხრივ, ვემსახურო ქართველ ჯარისკაცებს და მეორე მხრივ, საქართველოს ყველაზე უფრო მთავარ და მნიშვნელოვან ინტერესებს, იყოს ქვეყანა დაცული, უსაფრთხო. ეს დაცულობა და უსაფრთხოება გადის ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებზე, სიძლიერეზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებზე და ამ მხრივ, მე ვფიქრობ, მე ძალიან ბევრს შევძლებ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება ახალი მინისტრის გუნდი, ხიდაშელი აცხადებს, რომ როგორც აღმოჩნდა, ბევრ ადამიანს იცნობს თავდაცვის სამინისტროში, მათ შორის, ხელმძღვანელობაში. დანარჩენზე კი, მომავალ კვირას ისაუბრებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის სამინისტროში მივიდა. გიგლა აგულაშვილი უწყებაში ყოფილ მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად მივიდა.

როგორც გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არ არის მათი პირველი შეხვედრა. მისივე თქმით, გუშინ ელგუჯა ხოკრიშვილთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც გარკვეული საკითხები გაიარეს.

"გავაგრძელებთ საუბარს, თანამშრომლობას, ურთიერთობას ამ და სხვა სფეროებში", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს შეხვდა.

ლევან ყიფიანმა ხეჩიკაშვილს თანამდებობა გადააბარა და სამინისტროს საქმიანობას გააცნო.

ტარიელ ხეჩიკაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამრომლებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. როგორც ხეჩიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ძალიან ძვირფასია და ამ სამინისტროსთან ყოველთვის ხშირი შეხება ჰქონდა.

"მზად ვარ, რომ სამინისტროს ყველა თანამშრომელი გავიცნო, უამრავი სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი და ის ტემპი, რომელიც იყო, არათუ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ. ასევე უნდა ვიმუშაოთ ახალ პროექტებზეც", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

მისივე თქმით, სპორტის კომიტეტთან ძალიან ინტენსიური კონსულტაციები აქვს.

"ძალიან მნიშვნელოვანია მათი აზრი, მათი ნდობისა და მხარდაჭერის მოპოვებაც არის აუცილებელი", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-ს მასალების მიხედვით.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."