ადგილი საქართველოში, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად ლოცულობდნენ

ადგილი საქართველოში, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად ლოცულობდნენ

ხევსურეთში არის ადგილი, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ჯერ კიდევ წარმართობის პერიოდიდან მოყოლებული იკრიბებოდნენ, შესაწირსაც გაიღებდნენ და ადგილის დედას, ბუნების ძალას კეთილდღეობას შესთხოვდნენ...

ამ ყველაფერმა შემდგომ ათენგენობის სახე და სახელწოდება მიიღო. სხვადასხვა რწმენის ადამიანს, ერთ სოციუმში ყოფნის სურვილი ჰქონდა... ეს თემა დღევანდელი მსოფლიოს მაგალითზე, ცოტა ძნელი წარმოსადგენია, როცა რელიგიურ ნიადაგზე ამდენი სისატიკე ხდება, მაგრამ ეს საქართველოში ხდებოდა და დღესაც არსებობს ამის მცდელობა, რომ ოდნავ მივიწყებული ტადიცია, კვლავაც აღდგეს.

ამ თემით სერიოზულად კინოკომპანია "ნუნკი ენტერტაინმენტი" დაინტერესდა, რომელიც ფილმის გადაღებას აპირებს. ამ პროექტს მოუთმენლად ელიან საერთაშორისო ფესტივალებზე და საერთაშორისო ორგანიზაციები.

აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები ძალიან საინტერესო თემის ირგვლივ ექსკლუზიურად გაგვესაუბრნენ.

ნინო აღლაძე, პროდიუსერი, იდეის ავტორი:

- ჩვენამდე მოაღწია ინფორმაციამ, რომ ხევსურეთში იყო ადგილი, სადაც ქართველები და ჩეჩნები ერთად ლოცულობდნენ...

ეს ამბავი იქ სათავეს ჯერ კიდევ წარმართობის პერიოდიდან იღებს და ამ ეტაპზე ათენგენობის სახით არის შემორჩენილი. ეს თავყრილობა ერთ დღეს, ივლისის ბოლო შაბათ-კვირას იმართებოდა, სწორედ მაშინ იკრიბებოდნენ.

წარმართობის პერიოდში, გადმოცემების თანახმად, ხევსურეთის ტერიტორიაზე მონადირეები ადიოდნენ და ნადირობის ღმერთს სთხოვდნენ, მათთვის ცხოველი გამოეგზავნა, რათა ამით თავი ერჩინათ. მოგვიანებით, საქართველოს გაქრისტიანების შემდეგ, ამ ადგილმა რელიგიური დატვირთვაც შეიძინა და ძველი ტრადიცია ახალს ორგანულად შეერწყა. თავიდან ჩეჩნები ქრისტიანები იყვნენ, შემდეგ კი ისლამი შევიდა მათთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძველი ტრადიციის თანახმად, იმ დღესასწაულს მაინც ერთად აღნიშნავდნენ და ზეიმობდნენ. ამ წმინდა ადგილზე ასულები ახლობლების ჯანმრთელობას შესთხოვდნენ, ბუნებრივია, ჰქონდათ მატერიალური ყოფის გაუმჯობესების სურვილები და იმედიც, რომ იქაური ბუნების ძალა მათ აუცილებლად დაეხმარებოდათ.

- მოკლედ, ჩეჩენების გამაჰმადიანების შემდეგ ამ ადგილს მათთვის ეს დატვირთვა დაუკარგავს. მიუხედვად იმისა, რომ ახალ სარწმუნოებას შეუდგენ, ძველი, საუკუნოვანი ტრადიცია არ მოიშალეს. ეს ყველაფერი რა პერიოდამდე იყო?

- გასული საუკუნის 50-იან წლებამდე, როცა სტალინმა ისნი ბარში გადაასახლა, მთის პირობებთან შეუგუებლობის გამო, თუ სხვა პოლიტიკური ნიშნით. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ინარჩუნებდნენ ამ ტრადიციას და ამ დღესასწაულისთვის ხევსურეთში თავიანთი საჯარე ჰქონდათ, ანუ იმ წმინდა ადგილის ოდნავ ქვემოთ, ხევსურების საჯარის ახლოს. იქვე ხევსური ხევისბერი ილოცებოდა, სუფრა იშლებოდა, მაგრამ მოგეხსენებათ, მუსლიმები ალკოჰოლს არ სვამენ, ამიტომ მათ ტაბლაზე ყველაფერი ზუსტად ისევე იყო, ოღონდ, ალკოჰოლის ნაცვლად, იდგა წყალი. ტაბლები და შესაწირი ძირითადად მათი სურვილებისა და მიცვალებულების მოსახსენიებლად ეწყობოდა.

- ტაბლაზე გარდა სასმელისა, რას დებდნენ?

- კვერები, ქადები, საკლავი და ეს ყველაფერი ორივე მხარეს ერთნაირად ჰქონდათ. ვიმეორებ, განსხვავება იმაში იყო, რომ მუსლიმებთან ალკოჰოლს წყალი ენაცვლებოდა, ანუ ტაბლა მუსლიმანური ადათ-წესების დაცვით იშლებოდა. ამ დღესასწაულზე კი უკვე დეტალური ინფორმაცია, ანუ იმას, რასაც ახლა ვფლობთ, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან არსებობს.

- თქვენ რატომ დაინტერესდით ამ ყველაფრით?

- ყველაზე მნიშვნელოვანი, რატომაც ამ თემას ხელი მოვკიდეთ, ის იყო, რომ ეს ყველაფერი საერთაშორისო ასპარეზზე გაგვეტანა, რადგანაც დღეს თანამდეროვე მსოფლიოში რელიგიურ ნიადაგზე მკვეთრი დაპირისპირებებია.

ისე, ეს ტრადიცია საქართველოში თავის სახეს 90-იან წლებამდე ინარჩუნებდა, მერე კი შეწყდა.

- რატომ?

- ჩეჩნეთში რადიკალური ისლამი გააქტიურდა და ამიტომ.

ნათია ნიგურიან-გლოორი, კომპანიის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- შარშან ორივე მხრიდან იყო მცედლობა, რომ აღედგინათ, საკლავებით ავიდნენ და დღესასწაული აღნიშნეს და ეს ყველაფრი ისევ შედგა...

ნინო:

- კი, იყვნენ ქისტები პანკისიდან, გროზნოდანაც, ანუ ის მოსახლეობაც, ვინც იქიდან გადაასახლეს. დღესაც არსებობენ ადამიანები, ვისაც ეს ყველაფერი ახსოვს და ამბებს ჰყვებიან. სურვილი აქვთ, ორივე მხრიდან, რომ ამ ზეიმმა ის სახე დაიბრუნოს. მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში ისიც იყო, რომ ქისტები ხევისბერის მითითებებს ემორჩილებოდნენ და სანთელსაც კი ანთებდნენ. შარშან ხევისბერმა ოჯახებით მოიხსენია ისინი, დალოცა.

ნათია:

- მაგრამ ამ ტრადიციას სადღაც 25 წლის განმავლობაში წყვეტა ჰქონდა.

ნინო:

- მოკლედ, იქ პატარა, სალოცავია, სადაც ზარებიცაა ჩამოკიდებული, მაგრამ ქალების ასვლა არ შეიძლება...

წარმართობის პერიოდში, როდესაც ნადირობის ღმერთს მონადირეები დახმარებას სთხოვდნენ და შემდეგ იმ ადგილზე თუ დაჭრილი ცხოველი დაეცემოდა, მონადირე ხელს აღარ ახლებდა, რადგანაც ეს ადგილი წმინდა იყო.

როდესაც ქისტები წლების წინ იქიდან გადაასახლეს, ხევსურები მათ დანატოვარ სახლებში არ შესულან, ისევე დგას, დღესაც არავინ ცხოვრობს, იმდენად მყარი მეგობრობა ჰქონდათ.

ნათია:

- ქისტების ნაწილი ქართველებზე თხოვდებოდა და პირიქით, ქისტებს ხევსურები მოჰყავდათ. მაგალითად, სულთან ბორჩაშვილს, მუსიკოსს, რომელიც ჩვენს ფილმში ზუმბასთან (ზაზა კორინთელი) ერთად, სერიოზულ მონაწილეობას მიიღებს, ბებია ხევსური ჰყავდა.

- ე.ი. ამ თემაზე ფილმს იღებთ...

- კი, ამით გვინდა, რომ ეს თემა საერთაშორისო ბაზრისთვის მისაწვდომი გავხადოთ იმით, რომ შევქმნათ დოკუმენტური ფილმი, მხატვრული ელემენტებით, თავისი ისტორიითა და ქისტების დღევანდელი ყოფით, თუ როგორები იყვნენ წარსულში. როგორც აღვნიშნეთ, ცოცხლები არიან ადამიანები, რომლებიც 50-იან წლებში იქიდან გაასახლეს და ცხადია, საინტერესო ისტორიებს მოჰყვებიან. იმასაც, თუ როგორ შეინარჩუნეს და როგორ მოიტანეს დღემდე ეს ყველაფერი. ასევე იმაზე, თუ როგორი მოტივირებულები არიან იმისთვის, რომ ეს ზეიმი აღდგეს და ყოველწლიური დატვირთვა დაიბრუნოს. ამაზე მოტივაცია ორივე მხრიდან არსებობს. ფილმის გადაღებისას მოვუსმენთ ასევე ხევისბერს, ეთნოგრაფებს, ფოლკლორისტებს, ისტორიკოსებს...

- როდის იწყებთ გადაღებას?

- ივლისის ბოლო კვირას, ჩვენი გადამღები ჯგუფი დაესწრება იმ დღესასწაულს და მერე უკვე ყველაფერს მივყვებით.

ნათია:

- დოკუმენტური ფილმი, როგორც უკვე ვთქვით, მხატვრული ელემენტებით იქნება, ანუ ორი სცენის რეკონსტრუქცია მოხდება - როგორც ხდებოდა ეს ყველაფერი ვთქვათ, XVII საუკუნეში და მეორე - 1951 წლისთვის, როდესაც ქისტების იქიდან დეპორტირება პანკისში მოხდა.

ფილმში ორი ადამიანი, ქისტი და ქართველი მუსიკოსი ცდილობს, აღადგინოს ეს ტრადიცია. ისინი მაყურებელს გააცნობენ იმას, რომ ასეთი ტრადიცია არსებობდა: ამისთვის ზუმბა ჩავა პანკისში, სულთანი _ თბილისში. ერთად ჩაწერენ მუსიკას და შეეცდებიან ამ ტრადიციის ისევ აღორძინებას. მოკლედ, სიუჟეტური ხაზი ასეთია. ამასთან, ალბათ ორივე მხრიდან ამ ფაქტის ისტორიის მოსმენა საინტერესო იქნება, რაც მთავრია, დიდ საერთაშორისო ინტერესს უკვე იწვევს. მშვენიერი გუნდია ჩამოყალიბებული, ვინც ამ პროექტზე იმუშავებს. მთავარი ოპერატორი ამერიკიდან ჩამოდის. მას იდეა მოეწონა და "ქართულ" ჰონორარზეც თანახმაა.

- ფილმს მაყურებელი როდის იხილავს?

ნინო:

- ქართველი მაყურებელი - ალბათ, ერთ წელიწადში. თუმცა ოქტომბერში პროექტი გამზადებული იქნება, რომელმაც საერთაშორისო ფესტივალები უნდა მოიაროს, საფესტივალო ცხოვრებით იცხოვროს.

- ზუმბა, რა ნიშნით შეარჩიეთ?

ნათია:

- ზუმბა არის ის ადამიანი, ვინც ფესტივალ "არტ გენს" უდგას სათავეში. ამასთან, კარგი ურთიერთობა აქვს პანკისთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან. პირველად მან აღმოაჩინა და თბილისში ჩამოიყვანა მუსიკოსი ქისტები...

ისე, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ახალგაზრდები პანკისში ასეთ ცუდ სიტუაციაში იყვნენ, მათი არანაირი ინტეგრირება არ ხდება თანამედროვე სამყაროსთან. მიტოვებულებივით არიან. მათ მიმართ ყურადღება და ის, რომ ოდესმე ეს რეგიონი განვითარების პროექტში ყოფილა ჩასმული, არც იგრძნობა.

ლალი ფაცია

ამბები.გე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია