"მთავრობამ ნდობა ამოწურა" - კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტთა ნაწილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"მთავრობამ ნდობა ამოწურა" - კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტთა ნაწილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კონსტიტუციის შინაარსი პარტიული, პიროვნული თუ სხვა მიმდინარე და იმწუთიერი ინტერესების მიხედვით არ უნდა განიმარტებოდეს, - აღნიშნულ განცხადებას კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტთა ნაწილი აკეთებს.

მათი განცხადებით, კონსტიტუციის არსებული რედაქციის სწორად წაკითხვა ითვალისწინებს იმას, რომ მე-7 მინისტრის გადადგომის მომენტიდან მთავრობამ ნდობა ამოწურა, არსებული კაბინეტი, პრემიერის ჩათვლით, ტექნიკურ მთავრობად იქცა და ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებამდე მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ამ ვითარებაში პრემიერი ვეღარ დანიშნავს მე-7 მინისტრს (მის მოვალეობას პირველი მოადგილე შეასრულებს) და ის იძულებულია დაელოდოს პარლამენტს.

მთავრობის შემადგენლობის განახლებისა და მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების კონსტიტუციურ წესებთან დაკავშირებით მმართველი უმრავლესობის ლიდერთა მიერ გაკეთებული განმარტებების პასუხად კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტთა ნაწილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებას ხელს აწერენ: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი გიორგი ბურჯანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი კოტე ჩოკორაია, თავისუფალი უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის ასისტენტ პროფესორი დავით ზედელაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი კარლო გოდოლაძე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ანა ფირცხალაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ვახუშტი მენაბდე.

Ambebi.ge მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ ქვემოთ ხელისმომწერებს, მიგვაჩნია რა, რომ კონსტიტუციის შინაარსი არ უნდა განიმარტებოდეს პარტიული, პიროვნული თუ სხვა მიმდინარე და იმწუთიერი ინტერესების მიხედვით, რომ თავად ამ დოკუმენტის ტექსტი განუყოფელია კონსტიტუციური წესრიგისგან, რომელსაც ის გამოხატავს და აფუძნებს. ვრჩებით რა ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპების ერთგული, თავს ვალდებულად ვთვლით დამატებით განვმარტოთ და გონივრულად დავასაბუთოთ მთავრობის მიმართ პარლამენტის ნდობისა და ზოგადად აღმასრულებელი ხელისუფლების ლეგიტიმაციის შესახებ ზოგიერთი კონსტიტუციური ნორმა.

კონსტიტუციის ტექსტისადმი ერთგულების ნორმატიული შინაარსი

მართალია კონსტიტუციის განმარტებისა და გამოყენებისას მისივე ტექსტი უნდა იყოს საწყისი და ამოსავალი წერტილი. მაგრამ ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ, კონსტიტუციონალიზმის ძირითადი პრინციპები რომელთა გარეშე იგი აზრს დაკარგავს. შესაბამისად, პარადოქსულია და ამავე დროს ირონიული, როდესაც კონსტიტუციის ტექსტის რაღაც განყენებულ სიტყვასიტყვით მნიშვნელობას არა სახელისუფლებლო ინსტიტუტების კონსტიტუციით შეზღუდვისა და მათი კონსტიტუციურ ფარგლებში მოქცევის, არამედ მათი კონსტიტუციური შეზღუდვებისგან თავის დაძვრენის სასარგებლოდ და მის გასამართლებლად იყენებენ. ამით არა მხოლოდ კონსტიტუციის ფუნდამენტური ლოგიკის შიგნიდან დანგრევა, არამედ მისი გაუფასურება და დაცინვა ხდება.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ 81 პრიმა მუხლს 2004 წლის მოდელი ითვალისწინებდა და 2010 წლის ტექსტში არ გვხვდებოდა. ის 2013 წელს მოქმედმა პარლამენტმა ავტომატურად, არსებულ კონსტიტუციურ სისტემაზე მორგების გარეშე აღადგინა, რაც არის კიდეც გაუგებრობის სათავე.

კონსტიტუციის ტექსტის სიტყვასიტყვითი შინაარსი მთავრობის განახლების შემთხვევაში ხელახალი ნდობის საჭიროების შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის 81/1 მუხლის სიტყვასიტყვითი შინაარსი მმართველი ძალის მიერ ასე განიმარტება:

1. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის მიერ ნდობის მიღების შემდეგ მთავრობის ერთი მესამედით განახლების კონსტიტუციური ფაქტი დგება არა მე-7 მინისტრის (მოცემულ ვითარებაში მე-7 მინისტრი ამოწურავს თავისუფალი განახლების ლიმიტს) გადადგომის შემდეგ, არამედ ამ მინისტრის შემცვლელის დანიშვნის შემდეგ.

2. მათი ხედვით ამ ფაქტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი შედეგი არის არა მთავრობისადმი პარლამენტის ნდობის მანდატის წყვეტა, არამედ ნდობის მანდატი არსებობს და მხოლოდ მისი "განახლებაა" საჭირო. ფორმალური ლოგიკით აბსურდული სიტუაციაა: ნდობა თან არსებობს და ამავე დროს "განახლება" სჭირდება. ის სრულფასოვანია, მაგრამ შევსებას მაინც საჭიროებს. ამ აბსურდს რომ თავი დავაღწიოთ, უნდა ვიფიქროთ რა შესაძლო იურიდიული ფიქცია შეიძლება გახდეს ამ საღი აზრისათვის ერთი შეხედვით აბსურდული მდგომარეობის მამოძრავებელი.

ნახევრად-საპრეზიდენტო რეჟიმის პრეზიდენტ-პრემიერის ქვეტიპის დამაბნეველი მემკვიდრეობა, როგორც არსებული უთანხმოების საფუძველი

არსებული მოდელი არის სისტემა, სადაც მთავრობის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია საკანონმდებლო ორგანოს განგრძობად ნდობაზე. ნდობის წყვეტის შემთხვევაში, აღმასრულებელი ხელისუფლების ბირთვს სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ განახლებული ნდობა ეძებოს.

მმართველი ძალის დასაბუთება აცდენილია საქართველოს კონსტიტუციის სისტემური და ფუნდამენტური პრინციპების ლოგიკას. რომელიც მთავრობას აღიქვამს როგორც კოლექტიურ ორგანოს და პარლამენტის წინაშე კოლექტიურ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აკისრებს. ეს ჩანს იქიდანაც, რომ პარლამენტის ნდობას ან უნდობლობას იღებს მთავრობის მთელი შემადგენლობა პრემიერ-მინისტრთან და სამთავრობო პროგრამასთან ერთად. ამის გათვალისწინებით, კონსტიტუციის 81 პრიმა მუხლის მიზანი შეიძლება იყოს მხოლოდ პარლამენტის გავლენის შენარჩუნება მთავრობის ინდივიდუალური შემადგენლობის საკითხზე.

ამგვარ სისტემურ და ნორმატიულ კონტექსტში წაკითხული 81 პრიმა მუხლი გულისხმობს არა მხოლოდ პარლამენტის მიერ უბრალო დადასტურებას მთავრობის შემადგენლობის არსებითი განახლებისა, რომელიც სავალდებულო ნდობის საგანია, არამედ პარლამენტის აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესში. პარლამენტი არის არა ორგანო, რომელიც უკვე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას აფორმებს, არამედ ამ პროცესის აქტიური მონაწილე.

2004-2013 წლების შერეულ (პრეზიდენტი-პრემიერის ქვეტიპი) რეჟიმში მთავრობა ანგარიშვალდებული იყო, როგორც პარლამენტის, ისე პრეზიდენტის წინაშე. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტს აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებაში განუზომლად დიდი როლი ჰქონდა. პარლამენტი კი მხოლოდ უკვე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების უბრალო ლეგიტიმატორის ფუნქციას ასრულებდა.

2010 წლის ცვლილებებმა დააფუძნა შერეული მმართველობის მქონე რესპუბლიკა (პრემიერი-პრეზიდენტის ქვეტიპი), სადაც აღნიშნული ლოგიკა პარლამენტის როლის გაძიერების სასარგებლოდ მოშალა. 81-ე პრიმა მუხლი სწორედ ამ სისტემური და ნორმატიული ლოგიკიდან გამომდინარე უნდა წავიკითხოთ. ამის საწინააღმდეგოდ მმართველი ძალა მიიჩნევს, რომ პარლამენტს შეუნარჩუნდა პასიური ნოტარიუსის ფუნქცია.

ფაქტია, რომ არსებული რედაქცის სწორად წაკითხვა საპირისპიროს მოითხოვს. ამდენად მივიჩნევთ, რომ მე-7 მინისტრის გადადგომის მომენტიდან მთავრობამ ნდობა ამოწურა, არსებული კაბინეტი, პრემიერის ჩათვლით, იქცა ტექნიკურ მთავრობად და შეუდგა მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე. ამ ვითარებაში პრემიერი ვეღარ დანიშნავს მე-7 მინისტრს (მის მოვალეობას პირველი მოადგილე შეასრულებს), ის იძულებულია დაელოდოს პარლამენტს, რომელიც დააკომპლექტებს ახალ კაბინეტს და ის შესაძლოა სრულიად განსხვავებული შემადგენლობის იყოს. ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ეს განმარტება კონსტიტუციის ერთადერთი შესაძლო წაკითხვაა, თუმცა მიგვაჩნია, რომ ის ყველა სხვა დასაბუთებაზე უფრო უკეთ ასახავს კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპების სულისკვეთებას", - ნათქვამია განცხადებაში.

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტთა განცხადება ღიაა ხელმოსაწერად ნებისმიერი უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური პერსონალისთვის.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."