მოუნდება თუ არა მეორე ვადით პრეზიდენტობა? - გიორგი მარგველაშვილის კომენტარი

მოუნდება თუ არა მეორე ვადით პრეზიდენტობა? - გიორგი მარგველაშვილის კომენტარი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ აკონკრეტებს, მოუნდება თუ არა მეორე ვადით პრეზიდენტობა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა "არტარეას" ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა "პოლიტარტში" სტუმრობისას განაცხადა, არასდროს უთქვამს, მოუნდება თუ არა მეორე ვადით პრეზიდენტობა, რადგან როგორც პოლიტიკოსს, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არასწორად მიაჩნია.

"არც ერთ შემთხვევაში არ იქნება სწორი ამაზე კომენტარი გავაკეთო. რომ ვფიქრობდე - არასწორია, რომ არ ვფიქრობდე – არასწორია. შესაბამისად, აქ როგორც პოლიტიკოსი მივდევ იმ კანონებს, რომლითაც ვმოქმედებთ. ჩვენ ხომ ვმოქმედებთ ამ პოლიტიკურ რეალობაში, სივრცეში, სადაც მედია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ბუნებრივია ამაზე არ ვაკეთებ აქცენტს და ბუნებრივია, არც გავაკეთებ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა საზოგადოებასთან დიალოგის შესახებაც ისაუბრა.

"არასდროს გამიმარტივებია დიალოგი საზოგადოებასთან, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ისეთი ტიპის პრეზიდენტი, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება არ გააჩნია, რეალურად ყოველდღიურ პრობლემატიკას ვერ გადაწყვეტს და ამავე დროს რომელიღაცა პოლიტიკური ჯგუფის იდეების გამხმოვანებელი არ არის, თავიდან რთული აღსაქმელი იყო, ამას დასჭირდა დრო.

"მაგრამ არასდროს არ გამიმარტივებია დიალოგი საზოგადოებასთან, ყოველთვის, რაც არის რთული, ვამბობ გულწრფელად, ვამბობ რთულად და ყოველთვის ესმით, და ახლა ბევრად უფრო მეტად ესმით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას - რისი აღქმა გაუჭირდა აუდიტორიას ყველაზე მეტად: "თავიდან რთული იყო ამ დიალოგის დაყენება. რასაც მე ვსაუბრობდი, რომ იცით, ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგი არ არის კონკრეტული პარტიის. რა თქმა უნდა, მე კოალიციის მხარდაჭერილი კანდიდატი ვიყავი, მაგრამ თავიდანვე ითქვა, რომ პრეზიდენტი არ არის პარტიული ფიგურა და მისი პოლიტიკური დღის წესრიგი არის კონსტიტუციისა და საზოგადოების ინტერესების დაცვა და არა რომელიღაცა პოლიტიკური პარტიის დღის წერიგის დაფუძნება. ეს იყო თავიდან რთული, რადგან ყველა მიჩვეული იყო, რომ პრეზიდენტი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის არა უბრალოდ წევრი, არამედ ლიდერი იყო ხოლმე. ამ ვითარებაში თავიდან რთული იყო ამის გატანა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."