ირაკლი ღარიბაშვილი "თავისუფალ დემოკრატებს" - მოგესალმებით, ძვირფასო თანამებრძოლებო

ირაკლი ღარიბაშვილი "თავისუფალ დემოკრატებს" - მოგესალმებით, ძვირფასო თანამებრძოლებო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "თავისუფალ დემოკრატებს" "მეგობრებად" და "თანამებრძოლებად" მოიხსენიებს. სწორედ ასეთი შეფასებით დაიწყო მთავრობის მეთაურმა შეხვედრა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრებთან.

ირაკლი ღარიბაშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" კოალიციიდან გასვლას "სამწუხარო" უწოდა და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით აღნიშნულ ძალასთან მმართველ გუნდს ფუნდამენტური ღირებულებითი შეუთავსებლობა არ გააჩნია.

"მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო თანამებრძოლებო - მე მინდა ასე მოგმართოთ: ჩემთვის მართლაც ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს თქვენ ოპოზიციას წარმოადგენთ საქართველოს პარლამენტში, მაგრამ ეს იყო თქვენი არჩევანი, თქვენი გადაწყვეტილება. მე უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა თქვენი ფრაქციის თითოეული წევრისადმი.

მიმაჩნია, რომ პრინციპულად დიდი სხვაობაა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ცოტა ხნის წინ გავაცანი მთავრობის სამოქმედო გეგმა და თქვენს შორის. ვთვლი, რომ არ გაგვაჩნია ფუნდამენტური ღირებულებითი შეუთავსებლობა. მე ვგულისხმობ იმ ღირებულებებს, რომელთა გარეშეც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, თავისუფალ სასამართლოს და ა.შ. ეს ქვეყნის დემოკრატიულობის მთავარი კრიტერიუმებია. ჩვენ ერთად ვიბრძოდით სწორედ ასეთი სახელმწიფოს შექმნისთვის", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს.

ამასთან, პრემიერის მტკიცებით, მთავრობას და "თავისუფალ დემოკრატებს" ერთი საერთო მიზანი აქვს, რასაც ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჰქვია.

"მე გეტყვით გულწრფელად იმასაც, რომ როცა კოალიციიდან გახვედით, ჩემი აზრით, საკმაოდ ხმამაღალი, უსაფუძვლო და მე ვიტყოდი ემოციური განცხადება გააკეთეთ, თითქოს საქართველოს დასავლურ კურსს საფრთხე დაემუქრა. ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო იყო, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ერთი საერთო მიზანი გვაქვს და ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია", - აღნიშნა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."