საქართველოში კიდევ რამდენიმე საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი შემოვა - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.
ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოში შემოვიდნენ ისეთი საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორები, როგორიცაა "რიქსოსი" ბორჯომში, "პარკინ ბაი რედისონი" - თბილისში, "მერიოტ"-ის უფრო დაბალპროფილიანი ქსელი "მოქსი".
"ჩვენ ძალიან გვჭირდება 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები. ასევე 2016 წელს დასრულდება მილენიუმის 220-ნომრიანი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის პროექტი და ასევე ისეთი პროექტები, როგორიცაა Intercontinental; Kempinski, Starwood, Mercure, Hyatt და სხვ. დასრულდება "ბესტ ვესტერნ"-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა და კომპანია, რომელზეც ახლა მე ვსაუბრობ, რეგიონების მიმართულებით, 12 რეგიონში 12 სასტუმროს ააშენებს. ეს არის 3 და 4 - ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელი "ბესტ ვესტრენი", რომელიც ასევე შემოვიდა საქართველოში. ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება ტურიზმის განვითარებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ნიშისთვის, რომელსაც ჩვენ ინტენსიურად ვიზიდავთ.
მთლიანობაში ამ ორ წელიწადში 2182 სასტუმრო ოთახი დაემატება საქართველოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მატებაა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.