საქართველოში სტუმრად მყოფი რუსი ბაიკერების საქციელი ყოვლად გაუმართლებლად მიმაჩნია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
"მივესალმებით რა ნებისმიერი სამოქალაქო ტრანსპორტით ჩამოსულ უცხოელ ტურისტებს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებსაც, ჩვენ ველით მათი მხრიდან შესაბამის ცივილიზებულ და ადეკვატურ საქციელს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენად წარმოადგენს ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში დაარსებული და შემდეგ მეორე მსოფლიო ომის დროს აღდგენილი "გიორგიევსკი ბაფთები" კომუნისტურ სიმბოლიკას, არამედ თუ როგორ აღიქვამს მას ჩვენი საზოგადოება",-აღნიშნა აბაშიძემ.
მისივე თქმით, გარდა დაწერილი კანონებისა არსებობს დაუწერელი კანონი, რომ სტუმარმა არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რაც გამოიწვევს ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანებას.
"ფაქტია, რომ ჩვენში ეს ბაფთები ასოცირდება არა მეორე მსოფლიო ომში გამაჯვების 70 წლისთავთან, არამედ რუსეთის იმპერიულ პოლიტიკასთან. რუსი ბაიკერების შემთხვევაში ეს მომენტი განსაკუთრებით აქტუალურია იმის გათვალისწინებითაც, რომ ბოლო ხანს მათ მიერ "გიორგიევსკი ბაფთების" დემონსტრაციულმა აფიშირებამ უკმაყოფილება გამოიწვია ევროპის რიგ ქვეყნებში. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი საზოგადოება არ აყვა რუსი ბაიკერების ამ გამომწვევ საქციელს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომდევნო დღეებშიც ასე იქნება",-განაცხადა ზურაბ აბაშიემ.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.