საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიას განცხადებით, ნდობის მანდატი "ქართულ ოცნებას" ხალხმა მისცა და არავითარი დამატებითი ლეგიტიმაცია საჭირო არ არის, განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან.
ამის შესახებ ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ დღეს გამოქვეყნდა ევროკავშირის მნიშვნელოვანი ანგარიში ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით და დღესვე შესრულდა 7 წელი, რაც უდანაშაულო გიორგი გამცემლიძე მოკლეს.
"სიმბოლურია იმ ღირებულებათა სისტემის სრულიად შეუთავსებელი დემონსტრირება, რასაც ჩვენი საზოგადოება დღეს და გუშინ უყურებს", - განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის მთავარი ფასულობა ადამიანია. ბესელიას თქმით, ხელისუფლების მონაპოვარია პოლიციის დეპოლიტიზება, მედიის გათავისუფლება, სასჯელაღსრულების რეფორმა, დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების გამოყოფა.
"ჩვენ დავიბრუნეთ მთავარი რამ - ეს არის ადამიანი, როგორც მიზანი. რა თქმა უნდა ეშველება ლარსაც, საწარმოებსაც, ეშველება იმას, რაც ჯერ კიდევ გვაქვს ერთად გასაკეთებელი. მთავარი, რასაც ჩვენ ვერ ვუშველით, ეს არის ის მსხვერპლი, რომელიც საქართველომ გაიღო იმ ძალადობრივი სისტემის გამო, რომლის მხარდამჭერები და იდეოლოგები ამ დარბაზშიც სხედან", - განაცხადა ბესელიამ.