"არ გამოვრიცხავ, უახლოეს მომავალში ბუნებრივ აირზე ფასის შემცირება მოხდეს" - კახა კალაძე

"არ გამოვრიცხავ, უახლოეს მომავალში ბუნებრივ აირზე ფასის შემცირება მოხდეს" - კახა კალაძე

არ გამოვრიცხავ, უახლოეს მომავალში ბუნებრივ აირზე ფასის შემცირება მოხდეს, - აღნიშნული განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გააკეთა.

"ჩვენ თუ გადავხედავთ ტენდენციას გაზის ფასთან დაკავშირებით, აშკარაა, რომ იწყებს კლებას, თუნდაც რუსულ გაზთან მიმართებაში. იცით, რომ აზერბაიჯანულ გაზზე სპეციალური ფასი გვაქვს. არ გამოვრიცხავ, უახლოეს მომავალში ბუნებრივ აირზე ფასის შემცირება მოხდეს", - განაცხადა კალაძემ.

მან აქვე აღნიშნა, რომ არსებობს ლარის გამყარების ოპტიმიზმი და ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ელექტროენერგიის ფასის მატება არ განხორციელდეს.

ამასთან, ენერგეტიკის მინისტრი ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას არ გამორიცხავს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, მთავრობისგან მიზნობრივი სუბსიდირების გადაწყვეტილების მიღებას ელოდება.

როგორც ენერგეტიკის მინისტრი განმარტავს, მარეგულირებელ კომისიაში შესულია ენერგოკომპანიების განაცხადი ტარიფის გადახედვის თაობაზე. ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა, რაზეც კომისიის გადაწყვეტილება 10 სექტემბრისთვის გახდება ცნობილი. კალაძე კომპანიების განაცხადს ტარიფების გადახედვაზე ლარის გაუფასურებით ხსნის.

ამასთან, კალაძე ამბობს, რომ "არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს".

"ბოლო თვეების განმავლობაში აქტუალურია თემა, თუ რა მოხდება ენერგოტარიფებთან დაკავშირებით. მარეგულირებელ კომისიაში შევიდა განაცხადი რამდენიმე კომპანიის მხრიდან ტარიფის გადახედვის თაობაზე. ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა. მარეგულირებელ კომისიას 10 სექტემბრამდე აქვს ვადა შეისწავლოს არსებული სიტუაცია, პრობლემები, რაც კომპანიებს გააჩნია და რაც მათ ლარის გაუფასურებამ შეუქმნა. შესაბამისად, იქნება მიღებული გადაწყვეტილება მარეგულირებელი კომისიის მიერ – ტარიფი შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება. აჟიოტაჟი ტარიფის გაძვირების თაობაზე ტელევიზიების მხრიდან ხელოვნურად და მიზანმიმართულად შეიქმნა. ჯერ საკითხის შესწავლა დაიწყო მარეგულირებელმა კომისიამ და გარკვეულმა ტელევიზიებმა დაიწყეს საუბარი, რომ მოსახლეობას ტარიფი გაუძვრიდება. ლარის გაუფასურებამ ენერგეტიკულ კომპანიებს დიდი დარტყმა მიაყენა. პრობლემები შეიქმნა.

განსაკუთრებით ეს ეხება თბოელექტროსადგურებს, რადგან ისინი ძირითადად ბუნებრივ აირზე მუშაობენ, რომელიც აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოდის, ხოლო ანგარიშწორება ხდება დოლარში, მოსახლეობის მხრიდან კი ანაზღაურება ლარით ხორცხიელდება. ამის გამო მიმართეს მათ მარეგულირებელ კომისიას, რათა გადათვალოს ტარიფი. არ გამოვრიცხავ მოხდეს ელექტროენერგიის ტარიფის მატება, იყოს ამის გარდაუვალობა, თუმცა ეს მთავრობის მსჯელობის საგანი იქნება. შესაძლებელია ამ მიმართულებით გარკვეული მიზნობრივი სუბსიდირება განხორციელდეს", - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."