რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების პანაშვიდი მიმდინარეობს. ეკლესიაში ბავშვების ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები იმყოფებიან.
სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძეც, რომელმაც "რუსთავი 2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებელია რეგულაციების შემუშავება, რომლებიც ბავშვთა ჯგუფების გადაადგილებას გააკონტროლებს:
"გამოძიებაც ჩატარდება და ყველაფერი, მაგრამ ეს ამ ბავშვებს ვერ დააბრუნებს. ჩემ კოლეგებთან ერთად განათლების სამინისტროდან, სპორტის და ახალგაზრდობის, ჯანდაცვის სამინისტროდან, აუცილებლად შესამუშავებელია შესაბამისი რეგულაციები, რომლებიც განსაზღვრავს იმ წესს, რა წესითაც ბავშვების ჯგუფები მოძრაობენ", - ამბობს მინისტრი.
სამოქალაქო პანაშვიდს ესწრებიან გარდაცვლილი ბავშვების მასწავლებლებიც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ საზოგადოებამ და ხელისუფლებამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს:
"დაიღუპა სამი მოსწავლე, ეს არა მარტო სკოლის ტრაგედიაა არამედ, ქალაქის ტრაგედიაა. მსგავსი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. მე ვფიქრობ, რომ მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ყველა";
"ეს არის ჩვეულებრივი ცხოვრების წესი და ფორმა ცეკვების. ესენი სულ ასე დადიან. არჩეული აქვთ სასტუმროები, სასტუმროების უსაფრთხოების წესი უნდა დაიცვას ადგილობრივმა ხელისუფლებამ, როდესაც იბარებენ სასტუმროებს, უნდა იცოდნენ, რა როგორ არის".
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა "სასტუმრო "არმაზში" გუშინ, გამთენიისას მოხდა. გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მოზარდი დაიღუპა.