ნებისმიერ ქვეყანაში მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან და მოდიდან არასოდეს გადადიან ქვეყნის პრეზიდენტის ოჯახის წევრები, მათი პირადი ცხოვრებაც საზოგადოებისთვის საინტერესო გასარჩევი თემაა. ქრონოლოგიურად თუ მივყვებით, ამ კუთხით არც საქართველოს პრეზიდენტები გახლდნენ გამონაკლისები და მათი თუ არა, მათი ოჯახის წევრების პირადი ცხოვრება მაინც აღმოჩენილა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
ზვიად გამსახურდიას საქართველოს პრეზიდენტებიდან ყველაზე მძიმე ბედი ერგო. ქვეყნიდან გადახვეწილი პრეზიდენტის შვილები, გიორგი და ცოტნე, მუდმივად დევნასა და მალვაში გაიზარდნენ. ზვიადს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია ჰყავს. კოკომ პოლიტიკაში სცადა ბედი, თუმცა წარუმატებლად, ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი და ცხოვრების დიდ ნაწილს უცხოეთში ატარებს.
გიორგისა და ცოტნეს უფრო მძიმე ბედი ერგოთ. გიორგი ქართულ პოლიციაში მსახურობდა და ძმებს შორის სწორედ ამ პერიოდში დაიძაბა ურთიერთობა. გიორგი არასოდეს ლაპარაკობს პირად ცხოვრებაზე, არ უყვარს ჟურნალისტებთან ურთიერთობა და დღეს არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს ცოტნესთან, რომელმაც ბოლო დროს ყველაზე მძიმე პერიოდი გადაიტანა, რადგან რამდენიმე წელი ციხეში გაატარა. მარტივი არ ყოფილა მისი პირადი ცხოვრებაც. წლების წინ მოდელი სოფო ჩიკვილაძე საზოგადოებას ცოტნეს მეუღლედ გაეცნო და საერთო შვილი, თამარი გამოაჩინა. გამსახურდიები მას რძლად არ აღიარებდნენ, თუმცა ცოტნეს დაკავების შემდეგ სოფო გადაცემა ''სიმართლის დროში''მივიდა და ყოფილ მეუღლეზე სკანდალური განცხადებები გააკეთა, თან აღიარა, რომ მისგან კიდევ ერთ შვილს ელოდებოდა. ბავშვს ცოტნე დაარქვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ წყვილი არ შერიგებულა, ცოტნეს სოფია ღიად არასოდეს უღიარებია, პირიქით, ერთხელ სოციალური ქსელით მისი სახელით ფულის გაკეთებაშიც დასდო ბრალი. ცოტნეს ახლა რუსი მეუღლე და კიდევ ერთი შვილი ჰყავს, რომელიც მანამდე დაიბადა, ვიდრე სოფოს ცოტნე შეეძინებოდა. ცოტნე არ ელაპარაკება დედას და ცუდი ურთიერთობა აქვს ძმებთან.
ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ყვითელი პრესა ახლად ყალიბდებოდა, თუმცა მისი მრავალრიცხოვანი ოჯახი უგემრიელესი ლუკმა იყო. შევარდნაძის პირადი ცხოვრების პიკანტურ დეტალებს ნაკლებად შევეხებით, რადგან მხოლოდ ჭორის დონეზე ვრცელდებოდა, ღიად კი ჩანდა, რომ სიგიჟემდე უყვარდა თავისი მეუღლე, ნანული.