ნინო ბურჯანაძე - ევრაზიული კავშირის მომხრეების რიცხვი საქართველოში გაცილებით მეტი შეიძლება იყოს

ნინო ბურჯანაძე - ევრაზიული კავშირის მომხრეების რიცხვი საქართველოში გაცილებით მეტი შეიძლება იყოს

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" დაკვეთით საქართველოში ჩატარებულ კვლევებში არც ერთი ციფრი რეალობას არ შეესაბამება. როგორც ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ყველა ბოლო კვლევა, რომელიც აშშ-ის ორგანიზაციების დაკვეთით საქართველოში ტარდება, ქვეყანაში არსებული რეალობის მაჩვენებელი არ არის.

"რაც შეეხება NDI-ის მონაცემებს, იცით ჩემი დამოკიდებულება კვლევებთან მიმართებაში, მე კარგად ვიცი, რომ პრაქტიკულად არც ერთი ციფრი ამ კვლევაში რეალობას არ შეესაბამება და ზუსტად ვიცი, რომელი ციფრი რატომ არის დაწერილი. ყველა ბოლო კვლევა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც აშშ-ის ორგანიზაციების დაკვეთით ტარდება, არის არა ქვეყანაში არსებული რეალობის მაჩვენებელი, არამედ არის იმის მაჩვენებელი, თუ რა სურათი უნდა აშშ-ს, რომ საქართველოში იყოს. ამერიკას, რა თქმა უნდა, არ უნდა რომ 31% იყოს ე.წ. ევრაზიული კავშირის მომხრეებისა საქართველოში, თუმცა ეს ციფრი გარწმუნებთ, რომ გაცილებით მეტი შეიძლება იყოს, თუ კვლევა უფრო ობიექტურად ჩატარდება. გარწმუნებთ, რომ კიდევ უფრო მაღალი იქნება", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ. მისივე თქმით, ეს არის შეგნებულად დაწერილი ციფრი, რათა საზოგადოების იმ ნაწილის დაშინება მოხდეს, ვისთვისაც ეს კურსი მიუღებელია.

"მე გეტყვით იმის მიზეზს, თუ რატომ დაფიქსირდა პირველად ეს მაღალი ციფრი იმ კვლევაში, რომელიც წესით აჩვენებს, თუ რა უნდა აშშ-ს. ამ შემთხვევაში ეს არ არის აშშ-ის სურვილი, რომ 31% იყოს ევრაზიის კავშირის მომხრე. ეს არის აბსოლუტურად შეგნებულად დაწერილი ციფრი, რომ გარკვეული ალარმიზაცია მოხდეს საზოგადოებისა და საზოგადოების იმ ნაწილის დაშინება, ვისთვისაც ეს კურსი მიუღებელია. მას შემდეგ, რაც ობიექტური კვლევების შედეგად, რომელიც ამერიკელებს კულუარებში აქვთ, მათ დაინახეს, რომ ვერც "ნაციონალური მოძრაობა", ვერც ალასანია თავისი "დემოკრატებით", ვერც "რესპუბლიკური პარტია", მათ შორის "ქართული ოცნებაც" ვერ იღებს არჩევნების შედეგად ხმების იმ რაოდენობას, რომ ვითარება აკონტროლოს და უმრავლესობა შექმნას და ქვეყანაში ამერიკული კურსი გაატაროს, მათ გადაწყვიტეს, რომ საფუძველი შექმნან იმისათვის, რომ ე.წ. პროდასავლური ძალები ყველაფრის მიუხედავად გაერთიანდნენ და ასე ვთქვათ, ალასანიას, "ნაციონალური მოძრაობის" და შესაძლოა, "რესპუბლიკური პარტიის" შესაძლო ალიანსი გაათეთრონ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 31% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."