ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ლარის კურსი დასტაბილურდეს და უკან დაიწიოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განუცხადა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რაც მან "იბიარდის" პრეზიდენტთან ერთად პრესკონფერენციაზე განაცხადა, რატომღაც მისი არასწორი ინტერპრეტირება მოხდა.
"დღევანდელ ამ ღონისძიებას, რომელიც თბილისში ტარდება, აქვს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი შედეგი. სამწუხაროდ, მოკლევადიანი შედეგი მყისიერად და წამიერად არ დგება. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია გრძელვადიანი სტაბილურობა, მათ შორის ეროვნული ვალუტის კურსთან მიმართებაში", - განაცხადა ხადურმა.
მისივე თქმით, მთავრობას არ აქვს ყოველდღიური და ოპერატიული ინფორმაცია, ამიტომ ის მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელოს ღონისძიებები, თუმცა, "როგორც ცნობილია, მთავრობამ რამდენიმე თვის წინ წარმოადგინა გეგმა და ხედვები, რომლებიც ითვალისწინებდა იმას, რომ ბიუჯეტს ლარზე დაწოლა არ ექნებოდა და არ აქვს".
"ჩვენ წარმოვადგინეთ გეგმა და ხედვები, რომლებიც ითვალისწინებდა იმას, რომ ბიუჯეტს არ ექნებოდა დაწოლა ლარზე და არ აქვს. ასევე იმას, რომ პრივატიზაცია დაჩქარდებოდა და თქვენ იცით, რომ წელს 4 თვის განმავლობაში უფრო მეტი ქონების პრივატიზაცია მოხდა, ვიდღე შარშან მთელი წლის განმავლობაში იყო. შემოსავლები მიდის ბიუჯეტში, ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება. არ გვაქვს დეფიციტური ხარჯვა, რასაც შეიძლებოდა თეორიულად ზეგავლენა ჰქონოდა", - განაცხადა ხადურმა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მთავარი პრობლემა, რაზეც ყველა საუბრობს, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტები, არის საგარეო შოკები. "ჩვენ ნაბიჯები უნდა გადავდგათ იქითკენ, რომ აღნიშნული შოკების ზეგავლენა შევანელოთ და მათი გავლენა არ იყოს იმდენად მტკივნეული, როგორც სამწუხაროდ დღეს არის", - განაცხადა ხადურმა.
კითხვაზე, რით ხსნის ის დღეს არსებულ ვითარებას, რომ ყოველდღე ლარის გაცვლითი კურსი ორი პუნქტით უფასურდება, ნოდარ ხადურმა განაცხადა, სამწუხაროა, რომ ასეთი ტენდენცია შეიმჩნევა. "იმედი მაქვს, რომ ჩვენ ეროვნულ ბანკთან კომუნიკაციაში მივიღებთ სრულ და ამომწურავ ინფორმაციას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ოპერატიულ ინფორმაციას არც ფინანსთა სამინისტრო, არც მთავრობა კონკრეტულად დღევანდელი ვაჭრობის შესახებ ჯერჯერობით არ ვფლობთ. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვისაც ეს თემა ძალიან მტკივნეულია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ეს დაწოლა შემცირდეს", - აღნიშნა ხადურმა.
კითხვაზე, რა პროგნოზს გააკეთებდა ის სამომავლოდ, მინისტრმა განაცხადა, რომ პროგნოზი არ გაუკეთებია და არც მომავალში აპირებს კონკრეტული პროგნოზის გაკეთებას. "კონკრეტული პროგნოზის გაკეთება არ არის არც პროფესიონალურად გამართული და არც ფსიქოლოგიურად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა კურსი დასტაბილურდეს და უკან დაიწიოს", - განაცხადა ხადურმა.