რა წესებით ხელმძღვანელობენ ქართველი სამართალდამცავები სპეცოპერაციებისას: როდის აქვთ ცეცხლის გახსნის უფლება და რამდენად დაცულია მათი სიცოცხლე

რა წესებით ხელმძღვანელობენ ქართველი სამართალდამცავები სპეცოპერაციებისას: როდის აქვთ ცეცხლის გახსნის უფლება და რამდენად დაცულია მათი სიცოცხლე

პოლიციელობა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროფესიაა. საზოგადოებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული არაერთი პოლიციელი ახსოვს. AMBEBI.GE დაინტერესდა, რა წესებით ხელმძღვანელობენ სამართალდამცავები სპეცოპერაციების დროს, როდის აქვთ ცეცხლის გახსნის უფლება და ა.შ. ჩვენს შეკითხვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა უპასუხა.

- რა წესებით ხელმძღვანელობენ პოლიციელები სპე-ოპერაციის ჩატარებისას და დამნაშავის დაკავებისას, მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად რომ იყოს დაცული?

- შსს სისტემაში შემავალი ყველა შეიარაღებული დანაყოფი, სარგებლობს "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონითა და შს მინისტრის "საპოლიციო პრევენციული ღონისძიეებების განხორციელების ზოგიერთი წესის განსაზღვრის შესახებ" 2015 წლის 11 აპრილის N290 ბრძანებით დადგენილი ერთიანი წესით, კონკრეტული ვითარებისა და პოლიციის წინაშე მდგომი ამოცანების გათვალისწინებით. დანაყოფის თანამშრომლები მათი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით გადიან შესაბამის ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებას, სამინისტროში არსებული შეიარაღებისა და სპეციალური საშუალებების გათვალისწინებით. "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლი და შსს მინისტრის "პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ" 2013 წლის 31 დეკემბრის N 1006 ბრძანება განსაზღვრავს პოლიციელის მიერ გამოსაყენებელ პასიურ და აქტიურ სპეცსაშუალებების ჩამონათვალსა და გამოყენების წესს, რომლის მიხედვით პასიური სპეციალური საშუალებები განკუთვნილია პოლიციელის ან/და მის მიერ დასაცავი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის. ასეთი სპეციალური საშუალებებია: ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი, ფარი, აირწინაღი და სხეულის დაცვის სხვა სპეციალური საშუალებები.

- რა შემთხვევაში აქვთ ცეცხლის გახსნის უფლება?

- პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც პოლიციელს აქვს ცეცხლის გახსნის უფლება. კერძოდ:

1. პოლიციელს უფლება აქვს, შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად - დამატებითი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.

2. პოლიციელის განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესს ადგენს მინისტრი.

3. ცეცხლსასროლი იარაღის პასიურ გამოყენებად ითვლება პოლიციელის მიერ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იარაღის დემონსტრირება.

4. ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებად ითვლება იარაღიდან გამიზნული გასროლა.

5. პოლიციელს უფლება აქვს, უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი:

ა) პირისა და საკუთარი თავის დასაცავად, როდესაც საფრთხე ექმნება სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

ბ) უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის გასათავისუფლებლად;

გ) მისთვის წინასწარი ცნობით ძალადობრივი ქმედებისათვის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დაკავებულის გაქცევის აღსაკვეთად;

დ) ძალადობრივი დანაშაულის აღსაკვეთად, თუ პირი წინააღმდეგობას უწევს პოლიციელს;

ე) დაცულ ობიექტზე, სახელმწიფო ორგანოზე ან/და საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე თავდასხმის მოგერიებისას;

ვ) საშიში ცხოველის თავდასხმისაგან ადამიანის დასაცავად;

ზ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით მისი დაზიანებისათვის, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და მძღოლი არ ემორჩილება პოლიციელის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ, გარდა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის სროლისა.

6. პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს მისი გამოყენების შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება - "პოლიციაა, სდექ, თორემ გესვრი!", შემდეგ - გამაფრთხილებელი გასროლა. აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა არ განხორციელდეს.

7. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება:

ა) შეიარაღებული თავდასხმისას, აგრეთვე საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას;

ბ) პოლიციელისთვის წინასწარი ცნობით სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დაკავებულის ან დაპატიმრებულის გაქცევისას;

გ) პირის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას;

დ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად;

ე) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;

8. ცეცხლსასროლი იარაღის ისეთი გამოყენება, რომელიც შეიცავს სასიკვდილოდ დაჭრის საფრთხეს, შეიძლება მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

9. პოლიციელს ეკრძალება ცეცხლსასროლი იარაღის ისეთ ადგილებში გამოყენება, სადაც არსებობს სხვა პირთა დაშავების საფრთხე, აგრეთვე ცეცხლსაშიშ და აფეთქებასაშიშ ადგილებში, გარდა აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევისა.

10. პოლიციელი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის აქტიური გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსსა და პროკურორს.

11. პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხა დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

- ყოველთვის აცვიათ ჯავშან-ჟილეტი?

- შსს შეიარაღებული დანაყოფის თანამშრომლები, გარდა სპეციალური დანიშნულების რაზმისა, ჯავშანჟილეტს გამოიყენებენ მხოლოდ შეიარაღებული წინააღმდეგობის მოსალოდნელი საფთხის შემცველი ინფორმაციის მიღებისას, შესაბამის დავალებაზე გასვლის დროს. ხოლო, სპეციალური დანიშნულების დანაყოფის თანამშრომლები კი ჯავშანჟილეტს იყენებენ მუდმივად, გარდა კონკრეტული დავალების შესრულებისა.

- იყო საუბარი ცვლილებებზე, რა ცვლილებები განხორციელდა?

- 2015 წლის 11 აპრილს შს მინისტრის N 290 ბრძანებით დამტკიცებული იქნა "საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ზოგიერთი წესი", რომელიც აკონკრეტებს "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლით განსაზღვრული ცეცხლსასროლი იარაღის პასიური გამოყენების წესს და განკუთვნილია საპოლიციო პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, მისი მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩატარებისა და პოლიციელთა უსაფრთხოების დაცვისათვის.

თამარ ბოჭორიშვილი

ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ