ლაშა მახარაძის ნამდვილი მკვლელის ვინაობას ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე იტყვის, - ამის შესახებ ნაფიცი მსაჯულების პირობებში მკვლელობის საქმის არსებითი განხილვის გადადების შემდეგ ბრალდებულ ოქროპირიძის ადვოკატმა დავით მოდებაძემ განაცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, პროცესების მიმდინარეობისას დასახელდება სხვადასხვა გვარები, ვისაც ამ საქმეში ინტერესი ჰქონდა.
"პროცესებზე დასახელდება გვარები და ასევე ნაფიცი მსაჯულებისთვის ცნობილი გახდება, ვინ არის სინამდვილეში დამნაშავე. შესაბამისად, იმ სტრატეგიას, თუ როდის დავიწყებთ ამ ხალხის დასახელებას, მე ვერ გეტყვით. მკვლელის ვინაობას თავად ბრალდებული იტყვის", - განაცხადა დავით მოდებაძემ.
პროცესზე ჩვენება მისცა გარდაცვლილის დედამ, ნინო დიდებულიძემ. მან შვილის გარდაცვალების ღამის ამბები დეტალურად გაიხსენა.
"2014 წლის 2 სეტემბერს ჩვეულებრივი დღე გათენდა. თურმე რას გვიმზადებდა ღმერთი თუ სატანა. ლაშა მოვიდა 18:30 საათზე და მითხრა, დაბადების დღეზე მივდივარ, 20 ლარი მომეციო. მეც მივეცი, სუნამო დაისხა და გავიდა. მე ახლობელთან წავედი, ავად იყო და ეზოში ვსაუბრობდით, როცა ატყდა ჩოჩქოლი. ვერ მივხვდი რა ხდებოდა. გამოვიდა ჩემი ახლობლის შვილი და მითხრა ლაშა ფეხშია დაჭრილიო. 4 დღის წინ იყო წლისთავი იმ უბედურებისა, რაც მე თავს დამატყდა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზო გადაჭედილი იყო. ძალიან ბევრი ხალხი იყო. ლაშას ამხანაგები, ნათესავები, მთელი თბილისი იყო... ვინ უნდა ყოფილიყო-თქო და... იმ წუთას ყველამ ერთად, ეს იყო გიორგი ოქროპირიძე, ოქრიკაო. მას არ ვიცნობდი ასე კარგად. რისთვის-თქო? - ვიკითხე.
მე არ მეგულებოდა ადამიანი საქართველოში, ვინც ამ მდგომარეობაში, ამხელა ტრაგედიის შემდეგ ხელს აწევდა ჩემ შვილზე. ასეთი ბოროტმოქმედი მე საქართველოში არავინ მეგულება",- ამბობს გარდაცვლილის დედა, ნინო დიდებულიძე.