"...ამის შესახებ ახალგაზრდობამ არაფერი იცის" - საქართველოს ცეკას ყოფილი მდივნის ცხოვრების დეტალები და გამოუქვეყნებელი ფოტოარქივი

"...ამის შესახებ ახალგაზრდობამ არაფერი იცის" - საქართველოს ცეკას ყოფილი მდივნის ცხოვრების დეტალები და გამოუქვეყნებელი ფოტოარქივი

ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი - "ციფრული ფოტომატიანე" ძალებს იკრებს, ცნობილნი თუ უცნობნი ენთუზიაზმით ერთვებიან ბიბლიოთეკის ინიციატივაში, - პირად არქივებში არსებული ფოტომასალა გაციფრდეს.

პროექტში ჩაერთო საქართველოს ცეკას ყოფილი მდივნის, ვასილ მჟავანაძის ოჯახიც. მისმა ქალიშვილმა - ნინა მჟავანაძემ ბიბლიოთეკას არაერთი უნიკალური ფოტო გადასცა. გასულ კვირას კი ამ გაციფრებული ფოტომასალის გამოფენაც მოეწყო, რომელსაც ქალბატონმა ნინამ მამის რამდენიმე პირადი ნივთიც დაურთო.

ლევან თაქთაქიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი:

- იცით, რომ ვმუშაობთ "ციფრულ ფოტომატიანეზე". ფოტოები, რომლებიც უკვე წარსულის კუთვნილებაა, მათი უმრავლესობა დღესდღეობით ოჯახებშია დაცული. ძველ სურათებს ოჯახის წევრების დახმარებით ვაციფრულებთ. ახლახან ვასილ მჟავანაძის მთელ არქივზე ვიმუშავეთ. ნინო მჟავანაძე ამაში ძალიან დაგვეხმარა და გამოფენაც ამიტომ მოვაწყვეთ. ეს ყველაფერი კი ჩვენი ისტორიის ნაწილია.

- თქვენთვის რითია ვასილ მჟავანაძის პიროვნება საინტერესო?

- ჩვენთვის ყველა პიროვნება საინტერესოა და მათ შორის, რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც საქართველოს ამდენი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თუმცა პიროვნეებს მაინცდამაინც თანამდებობრივად არ ვყოფთ. ყველა, უბრალო გლეხიც კი, საინტერესოა. ეს არის 20-30-40-50-იანი წლების ყველაზე მდიდარი მასალები იმ მხრივ, რომ ეს არა მარტო ჩვენთვის, საინტერესოა საბჭოთა ისტორიის კვლევისთვის.

- აქ დოკუმენტებიც არის გამოფენილი. როგორც ცნობილი გახდა, 1956 წელს სწორედ ვასილ მჟავანაძეს მოუწერია ხელი რეპრესირებული მწერლებისა და პოეტების რეაბილიტაციის განკარგულებაზე...

- დიახ, 1956 წელს მათი რეაბილიტაცია მოხდა და ვასილ მჟავანაძემ ხელი შეუწყო ამ პროცესს. პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ნიკოლო მიწიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი - 37 წელს რეპრესირებული ყველა ქართველი მწერალი და პოეტია ამ სიაში.

"...1956 წლის სექტემბერი... საქართველოს ცეკას პირველი მდივნის, ვასილ პავლეს ძე მჟავანაძის პირველი სამუშაო დღე იწყება. მის კაბინეტში ერთ-ერთი მაღალჩინოსანი შემოდის, ხელში საქაღალდე უჭირავს... ვასილ პავლოვიჩ, აი, იმ პირთა სია, რომელთა მიმართ სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო – ფურცელზე შავით თეთრზე, ორ მწკრივად დაუბეჭდავთ სახელები და გვარები. პირველი მწკრივის დასაწყისში ლამაზად მოყვანილი მსხვილი ასოებით ხელით წერია: "დასახვრეტები!" მეორე მწკრივის დასაწყისში – "დასაპატიმრებლები." "მე აქ ხალხის დასახვრეტად და დასაჭერად არ ჩამოვსულვარ! – მკაცრად და მოჭრით პასუხობს ცეკას პირველი მდივანი აქტივისტ ჩინოსანს, – მე საქართველოში სიკეთის საკეთებლად ჩამოვედი..." – ასე დაიწყო ოცი წლის უნახავ სამშობლოში დაბრუნებული თადარიგის გენერლის, ვასილ პავლეს ძე მჟავანაძის სამოქალაქო სამსახურის პირველი დღე საქართველოში", - ამის წაკითხვა კი შეიძლება ნინა მჟავანაძის მიერ საკუთარ მამაზე გამოცემულ წიგნში "ვასილ მჟავანაძის საქართველო 50-60-იან წლებში", ანუ თუ როგორი პიროვნებები იდგნენ სათავეში და როგორ მართავდნენ ქვეყანას...

თავად ვასილ მჟავანაძე ქუთაისში, 1902 წელს დაიბადა. გარდა სამხედრო ჩინისა, ის კომუნისტური პარტიის მუშაკი და სოციალისტური შრომის გმირი გახლდათ. იყო მეორე მსოფლიო ომის (1941-1945) მონაწილე, შენაერთების კომისარი, არმიების სამხედრო საბჭოს წევრი. 1945-1953 წლებში ხარკოვის, კიევისა და კარპატისპირეთის სამხედრო ოლქების სამხედრო საბჭოს წევრი, ხოლო 1956-1972 წლებში კი საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. კურირებდა სტალინის მუზეუმის დაარსებას ქალაქ გორში. პენსიაზე 1972 წელს გავიდა.

ჯუმბერ პატიაშვილი, ცეკას ყოფილი მდივანი:

- მიმაჩნია, რომ ადამიანი საერთოდ, რჩება ადამიანად... თუ კაცს თანამდებობის მიხედვით აფასებ, მაშინ შეცდომას უშვებ... დღეს როგორც კი სასიკეთო სიტყვას იტყვი, - ამბობენ, - ეს კომუნისტიაო და აღარ გისმენენ. არადა, მე ამ კატეგორიას არ მივეკუთვნები და არც ის მინდა, რომ ადამიანი მომავალმა თაობამ ასე განსაჯოს და შეაფასოს. თუ კაცი, სადაც უნდა იყოს, სასიკეთო საქმეს აკეთებ, ვალდებული ხარ და გრძნობ პასუხისმგებლობას ერისა და ქვეყნის წინაშე, მაშინ უკვე კარგია. დიახ, ასეთი ადამიანი იყო ვასილ პალვეს ძე მჟავანაძე, რომელიც პირველ რიგში ქართველი იყო და ეს ქართველობა გამოჩნდა კიდევაც ბევრი საკითხის გადაწყვეტისას, რომლის მოწმეებიც ჩვენც ვიყავით. მე სრულიად ახალგაზრდა გახლდით, როდესაც მის გვერდით მომიხდა მუშაობა.

- ალბათ მაშინ კომკავშირულ სამუშაოზე იყავით, არა?

- კი, კომკავშირის ცეკას პირველი მდივანი გახლდით, ბიუროს წევრობის კანდიდატი... ასე რომ, 3 წელი თითქმის ერთად ვიმუშავეთ. მის საქმეებს სულ თვალ-ყურს ვადევნებდი... მაგალითად, ნატანებში კულტურის სახლის საძირკველი პირველად მე და ვასილ პავლეს ძემ გავჭერით, ბარი ჩვენ დავკარით. საოცრად კეთილშობილი კაცი იყო და ახალგაზრდობის დიდი მოყვარული. ვერ იტანდა ცუღლუტებსა და მლიქვნელებს. შეიძლება მათ მიმართ სათქმელი პირდაპირ არ გამოეხატა, მაგრამ სიტუაციებში ჩანდა, რომ იმ პიროვნებას ის არ იღებდა, რადგანაც მან ცუდი რამ იკადრა...

მახსოვს, 72 წელს, პლენუმის შემდეგ, ასაკის გამო რომ გათავისუფლდა თანამდებობიდან (პენსიაზე გავიდა), მითხრა, - ყველას ნუ ენდობი, ვისაც ვედნობოდი, სწორედ მათ მიღალატესო...

ნინო მჟავანაძე, ვასილ მჟავანაძის შვილი:

- ახლა მამაჩემის გახსენებაში წვლილი ეროვნულ ბიბლიოთეკას მიუძღვის, ინიციატივა მათგან მოდიოდა, რომ გაციფრებულიყო მისი ფოტოები და მოგვეწყო ფოტოგამოფენა. მერე მისი პირადი ნივთებიც დავუმატე, საინტერესო გამოვიდა. ეს ყველაფერი ისტორიაა და ამის შესახებ ახაგაზრდობამ არაფერი იცის, გამიხარდა, რომ დღეს აქ ახალგაზრდებიც შევნიშნე.

- თქვენ მისი უმცროსი შვილი ხართ?

- მე უმცროსი ვარ, მამა 52 წლის იყო, რომ გავჩნდი...

- როგორ შემორჩა ის თქვენს მეხსიერებას?

- 1988 წელს გარდაიცვალა, მაშინ 34 წლის ვიყავი და უკვე შვილიც მყავდა. მასთან მოსკოვში ხშირად ჩავდიოდი. პენსიაზე რომ გავიდა, 1973 წლიდან იქ ცხოვრობდა. დედა კი უფრო ადრე გარდაიცვალა. მამამ ის აქ, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალა, სადაც ბოლოს თვითონაც დაიკრძალა.

- დედათქვენი ტერეშკევიჩი იყო, ხომ? ამბობენ, რომ ნიკიტა ხრუშჩოვს ენათესავებოდაო...

- არავითარი ნათესაობა, ეს დიდი ჭორია... დედამ და მამამ ომის დაწყების წინ გაიცნეს ერთმანეთი. ქართველი ოფიცერი და უკრაინელი სტუდენტი გოგონა ერთმანეთს ლენინგრადში შეხვდნენ. დედა სამედიცინო ინსტიტუტის მეოთხე კურსზე სწავლობდა. მაშინ სავალდებულო სამხედრო მომზადებაში ჩათვლის მისაღებად აუცილებელი იყო ცხენოსნობის ცოდნა. იმ დროს საბჭოთა კავშირში ცხენოსანთა არმია ფუნქციონირებდა და სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები სამხედრო ბაზაზე გაგზავნეს.

დგას თურმე განმარტოებით 19 წლის გოგონა და ეშინია. ჩამოიქროლა ცხენზე ამხედრებულმა ოფიცერმა, დასტაცა ხელი და ცხენზე შეისვა. დედა იხსენებდა, ბუმბულივით ამიტაცაო. ეს მხედარი მამა გახლდათ...

ხრუშჩოვი მამას უკრაინიდან იცნობდა. იცნობდა როგორც გენერალს, უკრაინის უზენაესი საბჭოს დეპუტატს, პატივს სცემდა და ენდობოდა. გარდა ამისა, იცოდა რა, მისი ბიოგრაფია, საქართველოს ცეკას პირველი მდივნის პოსტზე ვასილ მჟავანაძის კანდიდატურის წარდგენა მიზანშეწონილად ჩათვალა... მამა იხსენებდა: "შევედი კაბინეტში და ხრუშჩოვი მეუბნება: "საქართველოს ცეკას პირველ მდივნად გიშვებთ!" რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან, ეს ბრძანება იყო. როდესაც მისი კაბინეტიდან გამოვედი, მისაღებში ალექსი ინაური შევნიშნე. ვკითხე, - აქ რას აკეთებ-მეთქი? არ ვიციო, – მიპასუხა მან. მეორე დღეს მოსკოვი-თბილისის რეისზე თვითმფრინავში გვერდიგვერდ აღმოვჩნდით. ისევ ვეკითხები ინაურს, ხრუშჩოვთან რაზე იყავი-მეთქი. ვერ გეტყვით, – ისევ მპასუხობს ინაური და თვითონაც იმავეს მეკითხება: თქვენ რატომ იყავით? ვერც მე გეტყვით-მეთქი. ასე ჩამოვფრინდით თბილისში. საქართველოს ცეკას ბიურომ ჩვენი კანდიდატურები განიხილა და მეორე დღეს მე საქართველოს ცეკას პირველი მდივნის კაბინეტი დავიკავე, ალექსი ინაურმა კი – სუკის თავმჯდომარის. ეს ეპიზოდი მამამ პენსიაზე ყოფნისას გვიამბო...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია