სპექტაკლი, სადაც მსახიობი და მაყურებელი ატირდა - საქართველოში ყველაზე ხანდაზმული რეჟისორის წარმატება

სპექტაკლი, სადაც მსახიობი და მაყურებელი ატირდა - საქართველოში ყველაზე ხანდაზმული რეჟისორის წარმატება

სიახლე არ არის, რომ ნოდარ დუმბაძე თავისი ჩვეული სევდანარევი იუმორითა და კოლორიტული პერსონაჟებით, დიდი ხანია ხალხმა შეიყვარა. სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში მწერალი კიდევ ერთხელ გაცოცხლდა, რადგანაც იქ რეჟისორმა ნუგზარ გაჩავამ "ღმერთო, რისთვის?" დუმბაძის მოთხრობების - "მზიანი ღამე," "ღმერთო რისთვის?" "ნუ გეშინია დედა", მიხედვით დადგა.

სცენაზე თამაშდება ფრაგმენტები ნოდარ დუმბაძის ავტობიოგრაფიიდან - იხსენებს დედას, რომელსაც საბჭოთა რეპრესიების "წყალობით" 12-წლიანი განშორების შემდეგ ხვდება, იგონებს გაუზიარებელ, ტკივილიან სიყვარულს, თბილისელ კოლორიტ ვანიჩკა ბიძიას და მეგობრობას ძველ თბილისურ, იტალიურ ეზოში. სპექტაკლს გასდევს თემა - უდანაშაულო ადამიანების ტრაგედია, რომლებიც ეპოქის და სისტემის მსხვერპლნი ხდებიან... ღმერთო, რისთვის?! - ისმება მთავარი კითხვაც...

ინსცენირების ავტორი და რეჟისორი ნუგზარ გაჩავაა, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოში ყველაზე ხანდაზმული რეჟისორი, რომელიც, როგორც აღნიშნავს, მონატრებულია მისი ახალგაზრდობისდროინდელ თბილისს და ეს ნამუშევარიც სწორედ ამას მიუძღვნა.

და კიდევ, ეს არის სპექტაკლი, სადაც მე, როგორც მაყურებელმა, დარბაზში მსხდომებთან ერთად, ვიტირე...

ნუგზარ გაჩავა:

- დადიხარ თბილისში და შენთვის უცხოა ქალაქი, ეს საშინელი შეგრძნებაა, მით უფრო, რომ აქ დაბადებული კაცი ვარ (თან, სახლში). ისე გავივლი რუსთაველს, ნაცნობი არავინ შემხვდება. უთბილისოდ დარჩენილ ადამიანებს თავისებური სევდა გვაქვს, რომელიც კიდევ სხვა რამ არის და ეს მეც მაწუხებს...

- სახლში რატომ გაჩნდით?

- დედაჩემის ბიძა გარდაიცვალა, ყველანი რაიონში წავიდნენ და დედას კი სწორედ მაშინ ასტკივდა მუცელი. არადა, ბებიაჩემი რკინიგზის საავადმყოფოში გინეკოლოგი იყო, მაგრამ... ერთი დავიღნავლე და ასე მოვევლინე ამ ქვეყანას (იცინის)...

- მოკლედ, ამ სპექტაკლზე დუმბაძემ საშუალება მოგცათ, რასაც ფიქრობდით და განიცდიდით, გეთქვათ და განგეხორციელებინათ.

- კი, ვეძებდი მასალას და ვიპოვე, ნოდარი ხომ ამის საბადოა. თან, ისეთი მრავალწახნაგოვანი და ნაღდია, რომ რაც დრო გავა, მეტად დატკბება. მწერლები ბევრნი არიან და შეიძლება საუკეთესონიც, არ ვდავობ, მაგრამ დუმბაძე სხვაა.

- მისი სამი ნაწარმოები ერთ სპექტაკლად აქციეთ.

- კი, ასე გადავწყვიტე და სამივე ნამუშევრის ასე ერთმანეთთან დაკავშირება, ერთ ქარგაში მოქცევა, აბსოლუტურად ჩემი იდეაა...

ირაკლი გოგია, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- რეჟისორს რა ჩანაფიქრიც ჰქონდა, განხორციელდა, ანუ ის ტრადიციები, კოლორიტი, რაც თბილისს ახასიათებდა, ეს ყველაფერი უკანასკნელ ათ წელიწადში გაქრა... პირველ რიგში, ადამიანურ დამოკიდებულებას ვგულისხმობ, რაც ნებისმიერ თბილისელში იდო, წარმოიდგინეთ, ის შენობებშიც, ასფალტშიც, ხეებშიც კი იყო... ეს ფასეულობები გაქრა და თითქოს, ყველაფერი გაცივდა...

აღნიშნული მოთხრობები და ზოგადად სპექტაკლი ზუსტად ამ ადამიანურ ურთიერთობებზეა. ჩვენი სურვილია, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად საბოლოოდ არ გადაშენდეს.

ბატონი ნუგზარი ქარულ თეატრში ყველაზე ხანდაზმული რეჟისორია და თბილისის იმ ურთიერთობების შემქმნელი, რომელსაც მივტირით, ამიტომ ეს დამოკიდებულება ყველაზე კარგად მან იცის, ესმის და ამ ყველაფრის გაქრობაც აწუხებს...

გიგი მიგრიაული, მთავარი როლის (მიტო) შემსრულებელი:

- სერიოზული სამუშაო იყო. დუმბაძე იცით, როგორ არის? რაც უფრო მეტს აკეთებ, მეტს ითხოვს. ჩადის და ჩადის სიღრმეებში...

- სპექტაკლის ბოლოს თვალზე ცრემლი არა მარტო მაყურებელს, შენ, მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობსაც მოგადგა.

- კი, ბოლოს ტექსტებზე მეტირებოდა... ძალიან გამიჭირდა, თავი ვერ შევიკავე და ჩემი სათქმელი ვეღარ ვთქვი...

- არ მეგონა, თუ მსახიობიც შეიძლებოდა, სპექტაკლის მძიმე ფინალის გამო სცენაზე ატირებულიყო. დარბაზში რომ მაყურებელი ტიროდა, ეს ფაქტია, რაც არა მარტო შენი, მთელი შემოქმედებითი ჯგუფის დამსახურებაა.

- ეს სპექტაკლი თუ ბევრჯერ იქნება, ალბათ, დავპატარავდები... არ ვიცი... სხვა სპექტაკლებში ფიზიკურად თუ უფრო მეტად ვიღლები, ეს წარმოდგენა შინაგანად დიდ ემოციას მოითხოვს. ხომ ვამბობ, ბოლო ტექსტი ისე გამიჭირდა, ვქვითინებდი.

- რა იყო შენთვის ბატონ ნუგზართან მუშაობა?

- ბატონ ნუგზარს ბევრი თაობა ჰყავს გამოზრდილი, ამიტომ მასთან მუშაობა ჩემთვის იყო ახლის ძიება. ბევრ რეჟისორთან მიმუშავია, მიუხედავად იმისა, რომ სულ 28 წლის ვარ, მაგრამ, ვიმეორებ, ეს იყო სიახლე, მუშაობის მყარი პრინციპიც და სტილიც..

- ანუ ბატონ რეჟისორზე, როგორც ვნახეთ, ასაკი არანაირ გავლენას არ ახდენს?

- რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, უამრავი ენერგია აქვს. ის თანამედროვეობას მიჰყვება, ზოგჯერ ასწრებს კიდეც...

- ბევრი როლი გაქვს შესრულებული და ამის გამო შარშან, წლის პროდუქტიული მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვე... ეს როლი რა ადგილს დაიკავებს შენს ცხოვრებაში?

- დიდ ადგილს დაიკავებს. სხვათა შორის, დუმბაძეში პირველად ვითამაშე და უკვე ვატყობ, რომ უკვე სერიოზული ადგილი დაიკავა.

გარდა იმისა, რომ მსახიობები ვართ, სცენიდან "ვიტყუებით", ეს ისეთი წარმოდგენაა, რომ ვერ მოიტყუები, ტექნიკურად ვერ გაივლი იმ ხაზს, რაც უნდა გაიარო, თუ გული არ ჩადე და შენი გრძნობები არ გამოააშკარავე.

რეპეტიციებზე არასდროს მომსვლია ასე, რაც პრემიერაზე დამემართა, - ეს ხაზი მთლიანად რომ გაგრძელდა, ანუ მთელი ცხოვრება წარმოვადგინეთ, ამიტომ მივედით იმ ფინალამდე, რაც მივიღეთ. დადგმული არაფერი ყოფილა, ბოლოში ცრემლების გამო ვერაფერი ვთქვი. ძალიან გამიჭირდა...

სპექტაკლის მხატვარი აივენგო ჭელიძეა, გიგი მიგრიაულის გარდა მონაწილეობენ: ნუგზარ ყურაშვილი, მარინა ხარჩილავა, მზია ტალიაშვილი, თამთა პატაშური, ვალერი ტორონჯაძე, ვასო შიხაშვილი, ვაჟა ციცილოშვილი...

ლალი ფაცია

LIVE: საღამოს ნიუსრუმი "პალიტრანიუსზე"

როგორ ცხოვრობს გერმანიაში თსუ-ს ყოფილი რექტორი, რომელიც ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტის პრეზიდენტია - "ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ოჯახია"

ქართველი მძღოლების გადასამზადებლად ფონიჭალაში სასწავლო ცენტრი აშენდება - ვინ მიიღებს ევროკავშირში აღიარებულ სერტიფიკატს?