1 მაისს "ფეისბუქზე" ახალი იუმორისტული გვერდი, "ჩეშირის საგრაფო" გამოჩნდა, რომელმაც ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა. ორ კვირაში გვერდის მომწონებელთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია. გვერდის შემქმნელები ცნობილ ნახატებს კომიქსებად აქცევენ და სხვადასხვა თემებზე ხუმრობენ. საიდან გაჩნდა გვერდის შექმნის იდეა და რატომ "ჩეშირის საგრაფო", ამაზე გვერდის ერთ-ერთ შემქმნელთან ერთად ვისაუბრეთ, რომელმაც იმის მიუხედავად, რომ მის მიმართ დიდი ინტერესია, ვინაობის გამხელა არ ისურვა:
- "ფეისბუქში" არსებულ ქართული გვერდების უმეტესობა უცხოურის ანალოგია და ძალიან ხშირად პირდაპირი თარგმანია ხოლმე. მე და ჩემმა ერთმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, რამე ახალი და რაც მთავარია, ქართული გაგვეკეთებინა. სიმართლე რომ გითხრათ, ნამდვილად არ ველოდით ასეთ გამოხმაურებას. ორი კვირაა გვედრი არსებობს და 10 000-მდე მოწონება აქვს, რაც ქართული რაელობიდან გამომდინარე ცოტა ნამდვილად არაა. ბევრი ადამიანი გვიგზავნის სურათებს რომ დავდოთ, სხვათაშორის ჩვენს მიერ გაკეთებულ სურათებს ბევრ სხვა გვერდზე ვნახულობთ (თან ისე, რომ საავტორო უფლებებს არღვევენ).
- ანუ გვერდი შექმენით გასართობად...
- კი, სხვა ინტერესი არც გვქონია. არც პოლიტიკური, არც რელიგიური ქვეტექსტები გვერდს არ აქვს. არის მხოლოდ იუმორი (თუ ვინმე ვერ გაიგებს, ეგ უკვე ჩვენი ბრალი არაა) და სხვა არაფერი. სხვათა შორის, ერთ საინტერესო რამეს დავაკვირდი - სურათები, რომელიც 1-2 მაისს დავდეთ, დღეს უკვე სასაცილოც აღარაა, რადგან იმ სურათში იმ პერიოდის აქტუალურ მომენტებზეა აქცენტი. გვერდის კეთებისას ფინანსურ მოგებაზეც კი არ გვიფიქრია. ჩვენ ვფიქრობთ მხოლოდ იმაზე, თუ რა იქნება სასაცილო და ეს ზოგს არ მოწონს და ზოგსაც მოწონს.
- თქვენი კომიქსების უმეტესობა ფიროსმანის ნახატებზეა გაკეთებული. რამდენიმე კომენტარში წერია კიდეც, რატომ აშარჟებთ ფიროსმანსო, პირადადაც გწერენ ასეთ შენიშვნებს?
- თუ დააკვირდებით, ფიროსმანის გარდა გუდიაშვილის ნახატებზეც დავიწყეთ კომიქსების კეთება. 2-3 მესიჯი მოგვივიდა, მაგრამ იქაც ძირითადად იმაზე გვაძლევდნენ შენიშვნას, რომ სასულიერო პირის სურათზეც ვაკეთებთ კომიქსს. ჩემი აზრით, ჩვენი გვერდი ფიროსმანის პოპულარიზაციას უფრო ეწევა, ვიდრე პირიქით. პირად მესიჯებში ბევრი ადამიანი ნახატის თავის ვერსიას გვიგზავნის და რომ არ ვდებთ, ძალიან უკმაყოფილოები არიან ხოლმე.
- რატომ "ჩეშირის საგრაფო"?
- მოგეხსენებათ, "ჩეშირის საგრაფო" ალისას თავგადასავალშია. ეს სამყარო ყველაზე კეთილი და იუმორით სავსეა. ჩვენთვის დაცინვა არ არსებობს, ჩვენ ვხუმრობთ, უბრალოდ, ზოგი ადამიანი ამ ხუმრობას იღებს დაცინვად. სხვათა შორის, თავდაპირველად გვინდოდა, Game Of Thrones-ის სურათებზე დაგვედო ქართული ანდაზები, მაგრამ საბოლოოდ, ამ ვარიანტზე შევჯერდით. უახლოეს დღეებში სტილის შეცვლას ვაპირებთ, რადგან ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ამ სტილმა თავი ამოწურა. ჩვენ ნახატებს სერიოზულად არავინ არ უნდა შეხედოს, ჩვენ თვითონ არ ვუყურებთ სერიოზულად და სხვებმა რატომ უნდა შეხედონ?!
- გვერდს გასართობად აკეთებთ, რაღაც პერიოდში არ მოგბეზრდებათ ამის კეთება?
- რომ არ მოგვბეზრდეს, მაგიტომ ვცდილობთ, ხშირ-ხშირად მივმართოთ სიახლეებს, შევცვალოთ სტილი და ასე შემდეგ. მაგალითად, ჩვენს კომიქსებში ერთ-ერთი მთავარი გმირია ძაღლი, რომელიც ვცდილობთ, რომ ნელ-ნელა საერთოდ გავიყვანოთ კომიქსებიდან.
- სარეკლამო შემოთავაზება არ გქონიათ?
- 1-2-მა ადამიანმა მოგვწერა და გვთხოვა, თუ შეიძლება თქვენი ძაღლი არაკომერციული მიზნებით მაისურზე დავბეჭდოთო. რაც შეეხება სარეკლამო შემოთავაზებას, არ გვქონია.
- თავად თქვენ რა სპეციალობის ხართ?
- სტუდენტები ვართ, ვსწავლობთ და პარალელურად "ჩეშირის საგრაფოს" ვხელმძღვანელობთ. სამომავლოდ იმედი მაქვს, რომ სერიოზულ კომიქსს გავაკეთებ და მერე ფინანსურ მოგებაზეც შეიძლება ვიფიქროთ.
ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE