"ბიჭს მამა არ ჰყავს, სოციალურად ძალიან უჭირთ, როგორც ჩანს, ტვინი გადაუბრუნა ვიღაცამ, დაპირდა, რომ ფულს აშოვნინებდა."
"ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლები ინტერნეტქსელებში ბოლო ხანს საკმაოდ ხშირად აქვეყნებენ ვიდეოჩანაწერებს, რომელშიც ჩანს, 10-12 წლის ბავშვებს "სიკვდილის ჯარისკაცებად" როგორ წვრთნიან, ზოგჯერ კი მძევლებსაც კამერების წინ აკვლევინებენ. ისიც ვიცით, რომ ბოლო ხანს პანკისის ხეობიდან სირიაში საომრად ახალგაზრდების წასვლა ლამის ჩვეულებრივი ამბად იქცა. იყო არასრულწლოვანის წაყვანის ფაქტიც.
პანკისელები საგანგაშო ვითარებაზე ლაპარაკობენ და შველას ითხოვენ, მათი თქმით, ყველამ იცის, თუ ვინ არის სირიაში ახალგაზრდების "ექსპორტის" ავტორი და ორგანიზატორი, მაგრამ ყველა დუმს... როგორც გავიგეთ, სირიაში წასვლის მსურველთა მოძიება და იდეოლოგურად დამუშავება, მხოლოდ პანსკისის ხეობაში არ ხდება, ამ ცოტა ხნის წინ, ხაშურის ერთ-ერთი სკოლის მე-6 კლასელი ბიჭი სახლიდან წავიდა, შინ კი წერილი დატოვა, რომ სირიაში მიდიოდა. სკოლას და ბავშვის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ.
ინფორმაცია მომხდარის თობაზე ხაშურის მკვიდრმა მოგვაწოდა:
- დედას ბიჭი სკოლაში ეგულებოდა, ამიტომ გაუკვირდა მისი სასკოლო ჩანთა სახლში რომ ნახა, ჩანთაში კი წერილი იპოვა, სადაც შვილი წერდა: - არ მეძებოთ, სირიაში წავედიო. გადაირია ქალი თურმე, მაშინვე სკოლაში დარეკა, გაირკვა, რომ ბავშვი დილით სკოლაში იყო, თუმცა როცა დედამ დარეკა, უკვე ვეღარ იპოვეს. მთელი დღე ეძებდნენ ხაშურში, მაგრამ ამაოდ...