უდიპლომო მოსამართლის შემოსავლები და 3 წლის წინ დაწყებული დაუსრულებელი გამოძიება

უდიპლომო მოსამართლის შემოსავლები და 3 წლის წინ დაწყებული დაუსრულებელი გამოძიება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ბესარიონ ალავიძეს, რომლის კვალიფიკაციაც ეჭვქვეშ 2013 წელს დადგა, 2011-2014 წლებში, 283 819 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, აქედან 123 852 ლარი პრემიის სახით მისცეს.

ბესარიონ ალავიძის შესახებ სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ადვოკატმა ალექსანდრე ალადაშვილმა მისი დიპლომის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მოსამართლეს იურიდიული განათლება მიღებული არ ჰქონდა.

საქმეზე გამოძიება მთავარმა პროკურატურამ დაიწყო და პირველადი შედეგიც დადო, რომ ბესარიონ ალავიძეს იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა, თუმცა გამოძიების გაგრძელების გადაწყვეტილებაც მიიღეს, "დანაშაულის ჩამდენი პირის და დანაშაულებრივი ქმედების გამოსავლენად, რასაც შედეგად მოჰყვა კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევა".

თუმცა, როგორც "გურია ნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, საქმე მათ ძიებაში აღარ აქვთ. რის საფუძველზე შეწყდა გამოძიება, ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. ბესარიონ ალავიძე კი, უზენაეს სასამართლოში საქმეებს დღესაც განიხილავს.

ბესარიონ ალავიძის შესახებ "გურია ნიუსი" 2013 წელსაც წერდა, როდესაც ადვოკატმა ალექსანდრე ალადაშვილმა მოსამართლის წინააღმდეგ ინფორმაცია გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას იურიდიული განათლება არ ჰქონდა. მაშინ, სტატიას იუსტიციის მინისტრის გამოხმაურებაც მოჰყვა.

"გურია ნიუსმა" მაშინ მოსამართლე ალავიძის დიპლომის ასლიც მოიპოვა, რომლის მიხედვითაც მას იურისტის კვალიფიკაცია ან რაიმე იურიდიული ხარისხი არ მინიჭებია.

ადვოკატი ალექსანდრე ალადაშვილი კი ამბობდა, რომ მოსამართლე ალავიძის, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება, ბათილობას ექვემდებარება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაშინდელი მდივანი ვალერი ცერცვაძე კი ამტკიცებდა, რომ მაშინ მოქმედ ყველა მოსამართლეს უმაღლესი იურიდიული განათლება ჰქონდა, ხოლო ბესარიონ ალავიძის დიპლომზე დავას "განსხვავებული გემოვნებით" ხსნიდა.

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის მინისტრმა მოსამართლე ალავიძის დიპლომთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას "მეტისმეტად შემაშფოთებელი" უწოდა, მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს თანამდებობას ამ დრომდე ინარჩუნებს.

რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოკვლევის შედეგებს, როგორც უზენაეს სასამართლოში 2013 წლის 27 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, საქმის მასალების გამოთხოვისა და ანალიზის შედეგად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ადგილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, მტკიცებულების ფალსიფიკაციას, რის გამოც უზენაესი სასამართლო საქართველოს მთავარ პროკურატურას რეაგირებას სთხოვდა.

"კერძოდ, ალექსანდრე ალადაშვილმა თავის განცხადებას ბესარიონ ალავიძის დიპლომის ასლთან ერთად დაურთო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ წერილში გამოთქმული მოსაზრებები გაკეთებულია არა უშუალოდ ბესარიონ ალავიძის, არამედ სხვა პირის სახელზე გაცემულ დიპლომთან დაკავშირებით, რომელიც შინაარსობრივად განსხვავებულია და ეხება 2001-2005 სასწავლო წელს, მაშინ როდესაც ბესარიონ ალავიძეს 1995-1998 წლებში აქვს მიღებული განათლება", - აცხადებდნენ უზენაეს სასამართლოში.

თუმცა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მთავარ პროკურატურაში სიცრუე უწოდეს და აღნიშნეს, რომ ბესარიონ ალავიძეს მეორადი სწავლების განყოფილების დიპლომები აქვს, რომელიც პირს იურისტის კვალიფიკაციას არ ანიჭებს, შესაბამისად, ასეთი დიპლომი არ არის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კონსტიტუცია კატეგორიულად მოითხოვს, რომ მოსამართლეს უნდა გააჩნდეს იურისტის კვალიფიკაცია.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."