მეორადი ავტომობილების ფასმაც და რეალიზაციამაც საოცრად იკლო. გაჭირვების გამო ხალხი მანქანების გაყიდვას ცდილობს, მაგრამ მყიდველი სადღაც გაქრა. ამიტომ ზოგს ლოდინი თვეობით უწევს. იშვიათ შემთხვევაში მყიდველის გულის მოგებას ფასდაკლებით ახერხებენ, მაგრამ ხშირად ეს ცდაც წარუმატებელია. პრობლემაა რუსთავის ავტობაზრობაზეც. მყიდველი იქაც შემცირდა, რის გამოც მანქანების მფლობელები სადგომის ხარჯსაც ერიდებიან და გაყიდვას ინტერნეტის საშუალებით ცდილობენ. იმის გასარკვევად, თუ როგორია მეორად ავტომობილებზე მოთხოვნა და რის ფასად ახერხებენ მძღოლები ავტომანქანების რეალიზაციას - "რეზონანსი" გამოქვეყნებული განცხადებების ავტორებს დაუკავშირდა.
როგორც აღმოჩნდა, ერთი და იგივე შინაარსის განცხადებას ავტორები თვეობით ავრცელებენ, ადვილად მიდიან ფასდაკლებაზეც, მაგრამ მყიდველის დარწმუნება მაინც უჭირთ.
ლევან კასრაძე 2005 წელს გამოშვებულ "ტოიოტას" 3500 დოლარად ყიდის. ამბობს, რომ მისი რეალური ღირებულება გაცილებით მეტია, მაგრამ იაფად გაყიდვაც კი უჭირს. "განცხადება სხვადასხვა საიტზე გავავრცელე, პრესაშიც დავბეჭდე, მაგრამ მყიდველმა ჩემამდე ვერ მოაღწია. "ტოიოტა" შარშან შევიძინე, გაცილებით ძვირი მაქვს გადახდილი, მაგრამ ხალხს ეს არ აინტერესებს. ყველა ცდილობს იაფად იყიდოს, ხარისხზეც აქვთ პრეტენზია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას უკან იხევენ. სულ ოთხმა ადამიანმა დამირეკა, ნახეს კიდეც ავტომობილი, მითხრეს, რომ მოიფიქრებენ, მაგრამ არავინ დაბრუნებულა. ოჯახით საზღვარგარეთ ვაპირებ გამგზავრებას, ამიტომ ვჩქარობ, მაგრამ ლოდინი კიდევ დიდხანს მომიწევს. ყველაფერი ცუდმა ცხოვრებამ მოიტანა. ვისაც ლარში აქვს შემოსავალი, დოლარის ყიდვას ვერ რისკავს. ყველა ელოდება, რომ ლარი დასტაბილურდება, მაგრამ დღითიდღე უფასურდება", - ამბობს ლევან კასრაძე.