გუშინ საღამოს, თბილისში, №49 სამარშრუტო ტაქსიში ინციდენტი მოხდა, სადაც ორი შეიარაღებული პირი ფიგურირებს, - ამის შესახებ ინფორმაცია "აფხაზეთის ხმამ" გაავრცელა. აღნიშნულ გამოცემასთან ამ ფაქტის შესახებ სამარშრუტო ტაქსიში მყოფი მგზავრი ჰყვებოდა. მისი თქმით, ყველაფერი სალონში დაიწყო, როცა ერთი მგზავრი და ორი ნასვამი მამაკაცი, რომლებიც ამავე მიკროავტობუსით მგზავრობდნენ, წაკინკლავდნენ. გაწევ-გამოწევას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც უკვე გაჩერებული "მარშრუტკიდან" ჩასვლის შემდეგ, ქუჩაში გაგრძელდა.
"მოჩხუბრები მგზავრებმა გააშველეს და ახალგაზრდა მამაკაცი სალონში ამოიყვანეს, ორი ნასვამი მგზავრი კი ქუჩაში დარჩა, თუმცა, დაახლოებით 5-7 წუთში ისინი სამარშრუტო მიკროავტობუსს ტაქსით დაედევნენ და გაჩერება აიძულეს, მანქანიდან კი შეიარაღებულები გადმოვიდნენ.
ორივეს პისტოლეტი ეჭირა, იგინებოდნენ და სალონში ასვლა მოინდომეს, ამბობდნენ, რომ "იმ პიჟონს" მოძებნიდნენ და ჩაიყვანდნენ, ერთ-ერთი მგზავრებს ბოდიშსაც უხდიდა შეწუხებისთვის და ჰპირდებოდა, სხვებს არაფერს დაგიშავებთო. მგზავრებიდან რამდენიმე ჩავიდა და შაიარაღებულებს დაწყნარება დაუწყო, ვისაც ეძებთ, უკვე ჩავიდაო...
მათაც თითქოს დაიჯერეს, მაგრამ ერთმა შეიარაღებულმა სალონში ამოსვლა მაინც მოახერხა და იმ ბიჭს ეძებდა, მაგრამ საბედნიეროდ, ჩქარობდა, თან, მგზავრებიც რეპლიკებს ისროდნენ და ვერ იცნო, უკან გაბრუნდა და ჩავიდა. ის-ის იყო, ყველა ამოვიდა და უნდა დავძრულიყავით, რომ ქუჩაში მყოფმა შეიარაღებულმა მეორე პირმა შენიშნა სალონში მჯდომი მამაკაცი, რომელიც მათ ეჩხუბა, ფანჯარაზე დააბრახუნა და კარისკენ გამოიქცა, მაგრამ მძღოლმა მოასწრო და მანქანა დაძრა, - ამოსვლა ვერ მოახერხა...
ამ ისტორიაში ყველაზე მაგარი ის არის, რომ ცოტა ხანში საპატრულო პოლიციის მანქანა წამოგვეწია, გააჩერა "მარშრუტკა" და დაინტერესდა, რა მოხდა. ხოლო მას შემდეგ, რაც მძღოლმა და მგზავრებმა ეს ისტორია უამბეს, უკან გაბრუნდა", - ყვება თვითმხილველი "აფხაზეთის ხმასთან" საუბრისას.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, Ambebi.ge კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს" დაუკავშირდა.
ნინო პოდჟევსკაია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:
- კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" ადასტურებს აღნიშნული იდციდენტის შესახებ გავრცელებულ ვიდეომასალასა და ინფორმაციას. მოგახსენებთ, რომ გუშინ, საღამოს, ერთ-ერთ მიკროავტობუსში მოხდა ინციდენტი, მაგრამ მგზავრებმა და მძღოლმა მოახდინეს შესაბამისი რეაგირება, გამოიძახეს პატრულის ეკიპაჟი, რომლებმაც, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დააკავეს ის პიროვნებები, ზეწოლას რომ ახდენდნენ როგორც ზოგადად მგზავრებზე, ასევე კონკრეტულად, ერთ მგზავრზე. ჩემი ინფორმაციით, მძღოლიც იმყოფებოდა გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში, მას ჩამოერთვა ახსნა-განმარტებითი ბარათი, ხოლო ის პიროვნებები კი დაკავებულები არიან.
- ე.ი. თვითმხილველის მიერ მოყოლილ ამბავში გაზვიადებული არაფერია?
- არა, ვიმეორებ, მგზავრებმა გამოიძახეს პატრული, რომელმაც კანონის შესაბამისად იმოქმედა. დააკავა ისინი. თუ რა, როგორ და რატომ მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს.- თვითმხილველის მონაყოლში, რომელიც გავრცელდა, პატრულის რეაგირებაზე არაფერია ნათქვამი. ის ამბობდა, რომ პატრულმა მოისმინა ეს ამბავი და უკან გაბრუნდაო...
- ვიმეორებ, პატრულმა იმოქმედა კანონის შესაბამისად.მოამზადა ლალი ფაციამ
AMBEBI.GE
სტატიაზე თანდართული ფოტო არ ასახავს მონათხრობს