17 მაისს მთელი მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა:
"იმ ღირებულებებს შორის, რომელსაც ვაღიარებ, ყველაზე ღირებული თავისუფლებაა. არსებობის და ისეთობის თავისუფლება, როგორიც ხარ. ერთადერთი, რასაც ვერ ვეგუები, არის სიძულვილი. ამაზე დიდი ნაკლი ადამიანის სულს არ გააჩნია. და დარწმუნებული ვარ, ამ გრძნობის უფლება ჩვენთვის კეთილ ძალებს არ მოუციათ.
ჰომოსექსუალობა არის ადამიანების ნაწილის ფიზიკური და ფსიქიკური რეალობა. ამგვარი რეალობა არსებობდა და იარსებებს ყოველთვის. ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ, მათ, ვისაც ერგო მსგავსი რეალობა, ხშირად საკუთარი ოჯახის წევრებიც კი არ უდგანან გვერდით, არ ამაყობენ მათით, მიუხედავად იმისა, როგორი ძვირფასი ადამიანური თვისებებიც არ უნდა ჰქონდეთ, ან ნიჭიერებით გამოირჩეოდნენ. ეს კიდევ უფრო ურთულებს ბევრ მათგანს, მიაღწიოს წარმატებას, პიროვნულ აღიარებას, ორმაგად უწევთ საკუთარი პროფესიონალიზმის და კარგობის მტკიცება, ან ვერ პოულობენ მტკიცების ძალას და თავს გრძნობენ მიტოვებულად, სხვებზე ხშირად აქვთ დეპრესიის ეპიზოდები.
თუ ვინმეს სურვილი აქვს ღიად განაცხადოს, - ვარსებობ, არ მინდა ვიმალებოდე, მრცხვენოდეს იმის გამო, რომ რაღაცით განვსხვავდები, მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვარ... - ძალიან გასაგები, ადამიანური სურვილია. და ამ სურვილის პასუხად ერთადერთი ნორმალური, ზრდასრული რეაქცია არის მეგობრული, ბუნებრივი განწყობა" - წერს ნათია.