თუ ოჯახები მტკიცე იქნება, სახელმწიფოც მტკიცე და ურყევი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა საკვირაო ქადაგება მთლიანად ოჯახის მნიშვნელობის თემას დაუთმო. "როგორც თქვენ იცით, ღვთის ლოცვა-კურთხევით დაწესდა ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესასწაული. ამ დღესასწაულს ყველას გილოცავთ. მინდა შეგახსენოთ, რომ ოჯახი არის კაცობრიობის ფუძე და ფუძე სახელმწიფოსი. თუ ოჯახები მტკიცე გვექნება, სახელმწიფოც მტკიცე და ურყევი იქნება. დღეს მე მინდა დავლოცო საქართველოს ყველა ოჯახი, ოჯახის ყველა წევრი, ყველა პიროვნება, ვინც უფლის ჭეშმარიტი მადიდებელია და მისი გზით ცხოვრობს", - აღნიშნა ილია მეორემ.
პატრიარქის თქმით, ოჯახის სიმტკიცე არის ადამიანის ბედნიერების საკითხი. უწმინდესმა მრევლს ეფესელთა მიმართ პავლე მოციქულის წერილი წაუკითხა, სადაც ნათქვამია, რომ ქმარს უნდა უყვარდეს ცოლი, როგორც უფალმა შეიყვარა ეკლესია თვისი.
არქიდიაკვანმა დემეტრემ კი მრევლს ეფესელთა მიმართ პავლე მოციქულის წერილის ის ნაწილი წაუკითხა, რომელიც ოჯახს ეხება.
ილია მეორე მიმართავს ყველას, რომ შეწყდეს საქართველოში აბორტები. საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აბორტების თემაზე გაამახვილა ყურადღება და განსაკუთრებით ექიმებს მიმართა. მისი განცხადებით, მათთვის აბორტის გაკეთება არის უდიდესი და საშინელი ცოდვა.
"უნდა მივმართო ყველას, რომ უნდა შეწყდეს აბორტები საქართველოში. უნდა გახსოვდეთ, რომ აბორტი არის შვილის კვლა. ეს არის უდიდესი ცოდვა და განსაკუთრებით მინდა მივმართო ექიმებს, რომლებიც აბორტებს აკეთებენ, რომ ეს არის უდიდესი და საშინელი ცოდვა თქვენთვის, ამიტომ უნდა შეწყდეს აბორტები და ღმერთი რამდენ შვილსაც მისცემთ, იმდენი შვილი უნდა იყოლიონ", - აღნიშნა პატრიარქმა.