სოციალური ქსელი, როგორც პოლიტიკური იარაღი: კიდევ ერთი წაგებული "ფრონტი" მთავრობისთვის?

სოციალური ქსელი, როგორც პოლიტიკური იარაღი: კიდევ ერთი წაგებული "ფრონტი" მთავრობისთვის?

სოციალური ქსელების პოპულარობა და მასზე დამოკიდებულება მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოში დღითი დღე იზრდება. ბევრისთვის გასართობი საშუალება, ზოგისთვის პოლიტიკური საქმიანობისა და საკუთარი ინტერესების გავრცელების საუკეთესო საშუალებაა.

სოციალური ქსელების საშუალებით პოლიტიკოსები აქტიურ კამპანიას აწარმოებენ, პირდაპირი კავშირი აქვთ საკუთარ ამომრჩევლებთან თუ საზოგადოების სხვა წევრებთან და მათი უმეტესობა სოცქსელებს საკუთარი თავის პიარისთვის იყენებს.

Ambebi.ge დაინტერესდა, რომელი პოლიტიკური გუნდი უფრო აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას, როგორც ელექტორატთან პირდაპირი კომუნიკაციის რესურსს და ვისი კამპანია უფრო ეფექტურია პოლიტიკური შეხედულებების ინტერნეტაუდიტორიაში პოზიციონირებისას -  ხელისუფლების, თუ ოპოზიციის...

როგორც Ambebi.ge-ს სოციალური მედიის მენეჯერმა, სოციალური მედიის ლექტორმა ზურა ბალანჩივაძემ უთხრა, სოციალური ქსელები სამოქალაქო აქტივობის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა და მისი საშუალებით ინფორმაციის გაცვლა ორმხრივად გახდა შესაძლებელი.

ზურა ბალანჩივაძე: ტრადიციული მედია საშუალებები ინფორმაციის ცალმხრივი გაცვლაა, ხოლო სოციალური ქსელების მეშვეობით, ინფორმაცია გახდა უფრო მამოტივირებელი იმ მხრივ, რომ საზოგადოებამ შეძლო თავისი შეხედულებების საჯაროდ დაფიქსირება იმ პიროვნებების მიმართ, ვის მიმართაც რაღაც ჰქონდა სათქმელი. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო სათქმელის პირდაპირ ადრესატამდე მიტანას.

როგორც 2012 წელს აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა, ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელებს მოიხმარენ, პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო მეტად არიან ჩართულნი, ვიდრე ის ადამიანები, ვინც არ მოიხმარენ. სოცქსელები მეტ-ნაკლებად პოლიტიზებულია, რადგან მათ პოლიტიკა თავისი სათქმელის საზოგადოებამდე მისატანად იყენებს", - ამბობს ზურა ბალანჩივაძე.

მისი თქმით, განსაკუთრებული მოვლენის შემთხვევაში, სოცქსელები პოლიტიკურ ნაღმად იქცევა და ამის მაგალითად უკრაინაში განვითარებული მოვლენები და აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიის წარმატებით ჩატარება მოჰყავს.

როგორც სოციალური მედიის მენეჯერი ამბობს, საქართველოში ოფიციალური უწყებები სოცქსელებში ზუსტად იმ ინფორმაციას ავრცელებენ, რასაც მათ ოფიციალურ ვებ გვერდზე, თუმცა როგორც ბალანჩივაძე აღნიშნავს, შეცდომა სწორედ ამაშია. მისივე თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ხალხის ენაზე უნდა იყოს დაწერილი, რომ ადრესატამდე მარტივად და გასაგებად მივიდეს.

"რეალურად, "ფეისბუქი" სოციალური მედია, სოციალური ჟურნალისტიკაა. ამ შემთხვევაში პოლიტიკოსებისთვის ტელევიზია "ფეისბუქია", თუმცა თუ ვებ გვერდზე არსებული ინფორმაცია სპეციალურად არ გადაამუშავე, რომ მომხმარებელმა რაღაც გაიგოს, შენ კი უბრალოდ, მისი გამოქვეყნებით ვალი მოიხადე, ამის შედეგად კარგ კამპანიას ვერ ააგებ. ამ მხრივ, სამთავრობო სექტორში სერიოზული ხარვეზებია.

მახსენდება ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის კამპანია, როდესაც "ფეისბუქის" საშუალებით საზოგადოების შეკითხვებს პასუხობდა - ეს არის სწორედ ის მიდგომა, რაც ბევრს ეზარება, არ უნდა და ასე შემდეგ... სწორედ ამიტომ ის მარილი, რაც აქვს სოცქსელებს, არასწორი სტრატეგიისა და მიდგომის გამო, იფანტება", - ამბობს ზურა ბალანჩივაძე.

მისი თქმით, თითოეულ პოლიტიკურ პარტიას სოციალურ ქსელში საკუთარი ბლოგერი უნდა ჰყავდეს: "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ეს არის გოგა ხაჩიძე, რომელსაც მე პირადად "ნაციონალური მოძრაობის" ბლოგერს ვეძახი. ხანდახან მეჩვენება, რომ ის ცოტა არასერიოზულია, მაგრამ მისი ეს არასერიოზულობა ვიღაცის დამცირებაში არ გამოიხატება.

გოგას ბევრი მიმდევარი ჰყავს, რომელიც იზიარებს მის სტატუსებს, შეხედულებებს. ბევრი შეიძლება, არც იზიარებდეს, მაგრამ მის სტატუსებზე ხალისობს, ყოველ შემთხვევაში, "ფეისბუქი" და პიარი მის ამ ქცევას ცუდ ტონად არ აღიქვამს. დღეს თუ ვიზიტორი არ გყავს, ე.ი ცუდი და უინტერესო ხარ – ასეთია "ფეისბუქის" მესიჯი.

მეორე მხარის საპირწონედ, "ქართულ ოცნებას" და ხელისუფლებას, ასეთი ლიდერი სოცქსელში არ ჰყავს, რაც ძალიან ცუდია. შეიძლება თავი ვერ მოაბეს, არ უნდათ, ან ამ ფორმით საზოგადოებასთან ურთიერთობა დამამცირებლად მიაჩნიათ, მაგრამ როდესაც ხელისუფლება ხედავს, რომ სოცქსელში ვიღაც უგებს, საჭიროა პატარა ინსტიტუციების შექმნა.

პოლიტიკოსებიდან, "ფეისბუქზე" აქტიურობის მხრივ, გამოირჩევა ირმა ინაშვილიც. მისი და გოგა ხაჩიძის აქტიურობის დონე რომ შევადაროთ, ხაჩიძის აქტიურობა უფრო საქმით გამოიხატება და არა ერის დამოძღვრით, რასაც აკეთებს ირმა ინაშვილი", - ამბობს ზურა ბალანჩივაძე.

ზურა ბალანჩივაძის თქმით, სოცქსელებში მესამე მხარე ექსპერტები არიან:

"ეს არის ე.წ ექსპერტების კასტა, რომელთა ნაწილს ძირითადად უარყოფითი პოზიცია უჭირავს. რა თქმა უნდა, მათაც ჰყავს დიდი ფანკლუბი. ექსპერტთა ნაწილი ცდილობს სიტუაციის ანალიზის გაკეთებას, სადაც ამბობენ, რომ არაფერი გვეშველება, ხოლო მეორე ნაწილს ჰგონია, რომ ყველაფრის შესახებ ყველაფერი იციან", - ამბობს ზურა ბალანჩივაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" პრესამსახურის უფროსის, გიორგი პატარაიას თქმით, მათი პარტიის საქმიანობის პიარისა და ხალხთან კონტაქტისთვის "ფეისბუქსა" და "ტვიტერს" აქტიურად იყენებენ.

"სოციალური ქსელები ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ყოველდღე უამრავი ადამიანი ნახულობს ჩვენს გვერდს, მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება არა მარტო" ფეისბუქში", არამედ "ტვიტერზეც". სოცქსელებს ჩვენ აქტიურად და ხშირად ვიყენებთ.

ვაკონტროლებთ კომენტარებს, ვცდილობთ, წავშალოთ ხელისუფლებისა და ჩვენი მიმართულებით დაწერილი უცენზურო სიტყვები. მომხმარებელს ასაკის, სქესისა და რეგიონების მიხედვით ვყოფთ. ბოლო პერიოდში ფეისბუქს რეგიონებისთვისაც აქტიურად ვიყენებთ. ვკითხულობთ ხალხის პრობლემას, რა აწუხებთ, რა უნდათ. სოცქსელების საშუალებით ვგეგმავთ ხალხთან შეხვედრასაც და ნებისმიერი ჩვენი აქტივობა სოციალურ ქსელებში მუდამ შუქდება", - ამბობს გიორგი პატარაია.

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორის, ბექა მჭედლიშვილის თქმით, პრემიერის გვერდზე მასალების დამატება და განახლება პრემიერის აქტივობებიდან გამომდინარე ხდება.

ბექა მჭედლიშვილი: "იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერ-მინისტრის აქტივობები ყოველდღიურია, გვერდზე ინფორმაციის განთავსება თუ განახლება ყოველდღიურად ხდება. გვერდზე იწერება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კომენტარები, თუმცა უფრო ხშირად დადებითი.

ხშირია შემთხვევებიც, როდესაც პრემიერს მოქალაქეები ამა თუ იმ თხოვნით მიმართავენ როგორც კომენტარებში, ასევე ინბოქსში და ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვცდილობთ მივაწოდოთ მათ სწორი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში დავაკავშიროთ შესაბამის სამინისტროსთან და ა. შ.

ინბოქსში შემოსული წერილები ძირითადად, სოციალურ საკითხებს ეხება. პერიოდულად პრემიერი წერილებს თავადაც ეცნობა", - ამბობს ბექა მჭედლიშვილი.

კითხვაზე, პრემიერის რეიტინგის დაცემის პარალელურად, იცვლება თუ არა ხალხის განწყობა, ბექა მჭედლიშვილის თქმით, გვერდს ყოველდღიურად უფრო მეტი ვიზიტორი ჰყავს.

"პრემიერ-მინისტრის ოფიციალური გვერდის მონიტორინგიდან გამომდინარე არ გვაქვს საფუძველი დაგეთანხმოთ. მაგალითად, გასულ კვირას პრემიერის გვერდს 1 000-ზე მეტი მოწონება დაემატა და ეს სტაბილურად ასეა. თითქმის ყოველ კვირას დაახლოებით 5 00-1 000 ახალი მომწონებელი ემატება", - ამბობს ბექა მჭედლიშვილი და დასძენს, რომ პრემიერის ოფიციალური გვერდისთვის ბიუჯეტი გამოყოფილი არ არის და არც იმ ინფორმაციას ადასტურებს, რომლის თანახმადაც, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის ფეისბუქ-გვერდი პრემიერის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

"ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრის ოფიციალური გვერდის დასარეკლამებლად ბიუჯეტი გამოყოფილი არ არის და რამდენადაც ვიცი, არც უახლოეს მომავალში იგეგმება. ქალბატონი ნუნუკა თამაზაშვილის გვერდი თავად მას ეკუთვნის და შესაბამისად, ამ გვერდის რეკლამირებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა არც და ვერც იქნებოდა გამოყოფილი", - ამბობს ბექა მჭედლიშვილი.

ვიდრე ქართულ ინტერნეტსივრცეში პოლიტიკური დისკუსიების არენად "ფეისბუქი" გადაიქცეოდა, პოლიტიკური ძალების ინტერნეტში პოზიციონირება თბილისის ფორუმზე ხდებოდა, სადაც განსაკუთრებული აქტიურობით "რესპუბლიკური პარტია" გამოირჩეოდა. ცნობილია, რომ პარტიის რამდენიმე ლიდერი ფორუმის პოლიტიკის განყოფილების აქტიური "იუზერი" იყო.

საბოლოოდ, დღეისათვის სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი "ფეისბუქზე", მეტწილად, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების აქტივობები ჭარბობს. რისი ბრალია ეს, - იმის, რომ ხელისუფლებას, "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, არ ჰყავს ლობისტები  "ფეისბუქზე", თუ იმის, რომ ზოგადად მოსახლეობაშია ნეგატიური, სკეპტიკური და კრიტიკული მუხტი ხელისუფლების მიმართ. ალბათ, ამაზე ხელისუფლებას დაფიქრება მოუწევს...

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია