"სახელმწიფოს მხრიდან იმ ადამიანების წახალისება არ ხდება, ვისაც ახალი ავტომობილის შეძენა სურს"
ავტომანქანა მხოლოდ გადაადგილების საშუალება როდია, იმავდროულად ის ფუფუნებასთან და სოციალურ სტატუსთან ასოცირდება. თუ საკუთარი ჯიბე გასაქანს გაძლევთ, მაშინ უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ ბოლო მოდელის ავტომობილით თავი მოიწონოთ. მართალია, საქართველო თავისი ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობით მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას, თუმცა, ეს ერთეულებს ექსკლუზიური მოდელის შეძენაში ხელს სულაც არ უშლის. საქართველოში კანტიკუნტად, მაგრამ მაინც თვალს მოჰკრავთ ძვირად ღირებულ ახალ ავტომობილებს, რომელთა ღირებულება ბევრს შეიძლება ასტრონომიულ ფასადაც მოეჩვენოს.
საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების ფოტოები სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა. მაგალითად, მერსედეს s500 maybach, რომლის სასტარტო ღირებულება 150 ათასი ევროა. ასევე, "აუდი R 8" , "ლამბორგინი", "ლამბორგინი ავენტადორი" და სხვა. ეს იმ ავტომანქანების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდებიან. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი სპეცშეკვეთით დამზადებული ავტომანქანებითაც გადაადგილდება, რომელთა სასტარტო ღირებულება უცნობია. ასეთ ძვირად ღირებულ ავტომობილებს ძირითადად ექსკლუზიური სანომრე ნიშნები აქვთ.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის დავით მესხიშვილის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მოცემულ მომენტში 2015 წლის გამოშვების 379 ავტომობილი გადაადგილდება: "სტატისტიკის მიხედვით, შარშან, 2014 წლის გამოშვების 4 851 ავტომობილი გადაადგილდებოდა. საერთო ჯამში, მოცემულ მომენტში საქართველოში 5 230 ახალი ავტომობილი გადაადგილდება. პრაქტიკულად, საქართველოში ერთი და იმავე მოდელის ანალოგი არ მოიძებნება. ასეთ ძვირად ღირებულ ავტომობილებს მხოლოდ ერთეულები ყიდულობენ," - ამბობს bpn.ge-თან საუბარში დავით მესხიშვილი.
რომელია ყველაზე ძვირადღირებული ახალი ავტომობილები? ამის გასარკვევად bpn.ge საქართველოში სხვადასხვა ავტომწარმოებლების ოფიციალურ წარმომადგენლობას დაუკავშირდა. ფასები მართლაც შთამბეჭდავია. თუმცა, გამოკითხულებიდან ყველა ცალსახად აღნიშნავს, რომ ძვირად ღირებული ავტომანქანების რეალიზაციის დონე დაბალია და მათ მხოლოდ ერთეულები ყიდულობენ.
"პორშეს" ოფიციალურ ცენტრში წარმოდგენილი ავტომანქანების სასტარტო ფასი 43 ათას ევროდან იწყება. მოცემულ მომენტში ყველაზე ძვირად ღირებული 4,8 ძრავიანი (570 ცხენის ძალით) "პორშე პანამერაა", რომლის ღირებულებაც 174 ათასი ევროა. ასევე," პორშე სპაიდერი 918" – 720 ათასი ევრო ღირს.
იხილეთ გაგრძელება