ცხადია, როგორც ყველა სტუდენტს, მეც ხშირად დამჭირვებია ბიბლიოთეკა სხვადასხვა დავალების შესასრულებლად. მახსოვს, რომ გაცილებით უფრო მეტი დრო წიგნის ჩემამდე მოღწევას სჭირდებოდა, ვიდრე თვითონ კითხვას და მეცადინეობას. გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა ბიბლიოთეკაში მთელ დღეს ელოდით გამოწერილ წიგნს და ამ დროს საათი გატყობინებდათ, რომ სამუშაო საათები დასრულდა და კითხვას ვეღარ მოასწრებდით? მტვრიან კარტოთეკაში კოდის ძებნა, შემდეგ სპეციალური ბარათის შევსება და წიგნის უსასრულოდ ლოდინი დარბაზში - ეს ყველაფერი ჩემი სტუდენტობის შემადგენელი ნაწილი გახლდათ.
სწორედ ამიტომაც ცოტათი მშურს კიდეც იმ სტუდენტების, რომლებიც გაისად დასხდებიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზებში და სასურველ წიგნს საათების მაგივრად, რამდენიმე წუთში მიიღებენ.
და იცით, რატომ? მომავალი სასწავლო წლისთვის პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოში პირველად, ყველაზე ინოვაციურ საბიბლიოთეკო სისტემას, SIERRA-ს დანერგავს. SIERRA კომპანია Innovative-ის მიერ შექმნილი რევოლუციური და დროის დამზოგველი ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემაა.
წარმოიდგინეთ კომპიუტერული პროგრამა, რომელში მუშაობის დროსაც ბიბლიოთეკაში მიუსვლელად, სახლიდან ან ნებისმიერი სხვა ადგილიდან, სადაც ინტერნეტია, შეარჩევ სასურველ გამოცემას მილიონზე მეტი წიგნიდან, მარტივად მონახავ ბიბლიოგრაფიულ ჩანაწერს, წიგნის კოდს, შემდეგ კი ჯავშნი მას, წიგნის გატანის თარიღსა და გაცემის ადგილს დარბაზში. რას აკეთებს ამ დროს ბიბლიოთეკარი? ის თავის პროგრამაში ხედავს, რამდენი ადამიანი დგას ერთი წიგნის რიგში, რამდენმა გაიტანა და რამდენმა დააბრუნა ესა თუ ის გამოცემა და რომელი წიგნი რომელ არქივშია განთავსებული. რამდენიმე ხნის მერე მკითხველი ღებულობს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომელშიც წერია, რომ სასურველი წიგნი მას უკვე ამა და ამ დარბაზში ელის. ერთადერთი, რაც მკითხველს მოეთხოვება, ბიბლიოთეკის იმ კონკრეტულ დარბაზში მისვლა და კითხვაა. მკითხველს ასევე შეუძლია საიტი მობილურით ან პლანშეტით გახსნას და, სპეციალურად, გაჯეტებისთვის მორგებული ინტერფეისით მარტივად განახორციელოს ესა თუ ის ოპერაცია.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ნებისმიერ ორგანიზაციაში რაღაც ეტაპზე ყოველთვის დგება სიახლეების დანერგვის საჭიროება. მით უმეტეს, ისეთ ორგანიზაციაში, როგორიცაა ქვეყნის უდიდესი ბიბლიოთეკა. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად უამრავი სერვისი გადადის ციფრულ მომსახურებაზე. „სწორედ ამიტომაც, სასურველი ინფორმაციის მიღება ყველა დაწესებულებაში, რამდენადაც სამუშაოს სპეციფიკა ამის საშუალებას იძლევა, მაქსიმალურად უნდა გაადვილდეს", აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე.
კეკელიძე ამბობს, რომ ადრე თუ გვიან მსგავსი ტიპის განახლება გარდაუვალი იქნებოდა, მით უმეტეს, ისეთი მნიშვნელოვანი დაწესებულებისთვის, როგორიცაა ბიბლიოთეკა.
"ძირითადი პრობლემა, რაც აქამდე გვაჩერებდა ინოვაციური ტექნოლოგიური ცვლილებების დასაწყებად, იყო ფინანსები, თუმცა ახლა ესეც მოვაგვარეთ. ჩვენი აზრით, და ამაში ბიბლიოთეკის პერსონალიც და მკითხველიც დამეთანხმება, ეს სიახლე ბიბლიოთეკისთვის ყველაზე პრიორიტეტული და დროული იყო", - ამბობს კეკელიძე.
საიდან დაიწყო იდეა
პროგრამა SIERRA კომპანია Innovative-ის პროდუქტია. კომპანია 1978 წელს დაარსდა. მის მიერ შექმნილი პირველი პროდუქტი სრულად შეესაბამებოდა კომპანიის სახელწოდებას.
ამჟამად Innovative-ს ანგარიშზე უკვე 2400-ზე მეტი საბიბლიოთეკო სისტემაა შექმნილი, რომელიც 9500 ბიბლიოთეკაშია დანერგილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ანუ საუბარია დაახლოებით, 66 ქვეყანაზე. მაღალკვალიფიციურ ბიბლიოთეკარებს სრულად აქვთ ბიბლიოთეკების მიმართ არსებული ყოველდღიური მოთხოვნები გაცნობიერებული და რეგულარულ ტექნოლოგიურ გაუმჯობესებებს თავიანთ პრაქტიკაში გამუდმებით ნერგავენ. ეს კი, მოსახერხებელია უამრავი ადამიანისთვის, რომლებსაც 21-ე საუკუნეში არასდროს აქვთ საკმარისი დრო.
პროგრამა ყველანაირი სიდიდის ბიბლიოთეკისთვის მუშაობს. მასზე წვდომა შესაძლოა ნებისმიერი სიმძლავრის კომპიუტერიდან ან მობილური მოწყობილობიდან განხორციელდეს. მენიუ რეგულირებადი და კომფორტულია. ის მორგებულია კონკრეტულ ოპერაციაზე ისე, რომ თითოეული რგოლი - ეს იქნება მკითხველი თუ ბიბლიოთეკის თანამშრომელი, მხოლოდ მისთვის საჭირო ფუნქციებს ხედავდეს.
სწორედ ესაა კომპანია Innovative-ს სახელწოდების ზუსტი გამართლებაც – ტრადიციულ საბიბლიოთეკო სამუშაო დღეს ამცირებს და ფუნქციონალურად უფრო დატვირთულს ხდის. გამარტივებული დიზაინის, დახვეწილი საძიებო სისტემის და ვებსტილის ნავიგაციის მქონე ინოვაციური პროგრამა SIERRA უზრუნველყოფს სამუშაოს გამარტივებას როგორც მკითხველისთვის, ასევე ბიბლიოთეკის პერსონალისთვის. გარდა ბეჭდური გამოცემებისა, პროგრამას აქვს მხარდაჭერა ელექტრონული წიგნებისთვისაც.
რას ხედავს მკითხველი პროგრამაში? - მკითხველი რეგისტრირდება და მარტივ და მოსახერხებელ ინტერფეისში საძიებო სიტყვების გამოყენებით სასურველ წიგნს პოულობს, მონახავს მის შიფრს და თავისი პროფილით ჯავშნის წიგნს, დარბაზს, სადაც წიგნს მიიღებს და თარიღს. შეკვეთის გაუქმება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
ბიბლიოთეკარის რგოლი
ტრენინგებს ბიბლიოთეკარებს რეგულარულად უტარებს მწარმოებელი კომპანია. ახალი პროგრამა ბიბლიოთეკების თანამშრომლებისგან ახალ უნარებს მოითხოვს. ტრენინგები აგვისტომდე გაგრძელდება.
პროგრამა თითოეულ ბიბლიოთეკაზე მაქსიმალურადაა მორგებული. SIERRA-ს უამრავი შესაძლებლობიდან კონკრეტული ბიბლიოთეკა მხოლოდ მისთვის საჭირო ფუნქციებს არჩევს. გარდა ამისა, პერსონალს შეუძლია პროგრამაში გუგლის მრავალფეროვანი აპლიკაციებიც დააყენოს.
ბიბლიოთეკარები ამავე პროგრამაში შეძლებენ ახალი ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების ატვირთვას; ის დააკვირდება, კონკრეტულად, რამდენი მკითხველი ელოდება ამა თუ იმ წიგნს და მათ რიგითობას; ის ასევე უზრუნველყოფს მკითხველებისთვის შეტყობინებების დაგზავნასაც. შესაბამისად, გამარტივდება ბიბლიოთეკისთვის საჭირო ამა თუ იმ სტატისტიკის სწრაფად გამოთვლაც. მარტივი და მოსახერხებელი პროგრამის წყალობით, ეს პროცესი უფრო სწრაფი გახდება, ვიდრე მანამდე იყო.
SIERRA-ს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დანერგვაზე უკვე მუშაობს ბიბლიოთეკის IT-პროგრამისტთა ჯგუფი. სულ მალე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა იქნება საქართველოში პირველი ბიბლიოთეკა, რომელიც მკითხველს განახლებული, გამარტივებული და ინოვაციური ტექნოლოგიებით მოემსახურება.
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი და ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რუსუდან ასათიანი ამბობს, რომ ინოვაციების დანერგვა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკით არ შემოიფარგლება.
„ჩვენ ვყიდულობთ ისეთ სისტემას, რომელშიც სამომავლოდ შესაძლებელია, რომ ქვეყნის გაერთიანებული კატალოგი გაკეთდეს", აღნიშნავს რუსუდან ასათიანი. „წარმოიდგინეთ, ერთიანი საბიბლიოთეკო სისტემა - ამ ერთ ბაზაში მოიპოვებ ინფორმაციას ერთი ჩვეულებრივი კომპიუტერიდან საქართველოში მოქმედი ყველა ბიბლიოთეკის ფონდების შესახებ", - ამბობს რუსუდანი.
მომავალში დაგეგმილია სხვა ბიბლიოთეკებთანაც მოლაპარაკება. ეტაპობრივად, ფინანსების გათვალისწინებით, საქართველოში არსებული ყველა ბიბლიოთეკა ამ სისტემაში გაერთიანდება.
ირინა ალიაშვილი