გაზრდილი ავტოსაგზაო შემთხვევები და გამომწვევი მიზეზები - რატომ ვაგდებთ სიცოცხლეს საფრთხეში

გაზრდილი ავტოსაგზაო შემთხვევები და გამომწვევი მიზეზები - რატომ ვაგდებთ სიცოცხლეს საფრთხეში

გადაჭარებული სიჩქარე, შეუმოწმებელი ავტომობილები, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლები, მართვის მოწმობის აღების გამარტივებული გამოცდები, მძღოლის მოუწესრიგებლობა - ეს ავტოავარიების გამომწვევი მიზეზების ის მცირე ჩამონათვალია, რაზეც ექსპერტები საუბრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ბოლო მონაცემებით, რომელიც 2014 წელს ასახავს, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია.

კვლევის თანახმად, 2014 წელს სულ 5992 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, 2013 წელს – 5510, 2012 წელს – 5359 და 2011 წელს - 4486. აქედან, ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა 2014 წელს მოხდა თბილისში – 2744, იმერეთი/რაჭა – 658, აჭარა/გურია 581, შიდა ქართლი/სამცხე-ჯავახეთი – 571, ქვემო ქართლი - 497, სამეგრელო/ზემო სვანეთი – 393, კახეთი – 359.

2014 წელს ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა აგვისტოს თვეში მოხდა, მას მოჰყვება დეკემბერი და ივლისი. იმავე წელს ავტოავარიების შედეგად გარდაიცვალა 511 ადამიანი, 8536 კი დაშავდა.

"ამბები.გე"-სთან საუბარში მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი შალვა ოგბაიძე ამბობს, რომ ავტოავარია გარკვეულ სფეროში ხარვეზია, რომელსაც სუბიექტური და ობიექტური მიზეზი იწვევს.

შალვა ოგბაიძე: "ეს შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურული ხარვეზი, დაწყებული აყრილი და ამომტვრეული ასფალტით, ჩამქრალი შუქნიშანით, არასწორად დადგმული ან საერთოდ არარსებული ნიშნით, მძღოლის უნარ-ჩვევებით დამთავრებული. მძღოლების კულტურაში მხედველობაში მაქვს ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა, ღვედის არგაკეთება, მოძრაობის დროს მობილურით საუბარი და ა.შ.".

ექსპერტის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, როდესაც საპატრულო პოლიცია პირველად ოქმს ადგენს, თუ საქმე სასამართლომდე არ მივიდა, გამომწვევ მიზეზად "ბანალური შეფასება" იწერება: "მაგალითად წერენ, რომ რომელიმე A მანქანამ საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა შემდგომ მოძრაობის ზოლზე და დაეჯახა B მანქანას. იქ არ წერია ამ მანქანის საჭეს ჰქონდა პრობლემა, სამუხრუჭე სისტემა არ ვარგოდა, მანქანა იყო გაუმართავი თუ სხვა პრობლემა იყო, აქედან გამომდინარე, ავტოავარიის ასეთი შემთხვევების დროს ზუსტ დიაგნოზს ვერ დავსვამთ.

თუმცა მოგახსენებთ, რომ თუ მუხრუჭები წელიწადში ერთხელ მაინც არ მოწმდება, სატრანსპორტო საგზაო შემთხვევისთვის ის საფრთხეს წარმოადგენს, ისევე როგორც ხშირ შემთხვევაში, ბევრი ტაქსი. მართალია, მათი გარკვეული ნაწილი გამართულია, მაგრამ ზოგ ტაქსიში მართლა ვერ ჩაჯდები, ყველა შეამჩნევს, რომ ამ მანქანას ან ახლა მოძვრება რაღაც, ან ეხლა. ახალი ავტომობილებისთვის ტექდათვალიერება ოთხ წელიწადში ერთხელ იქნება, შემდგომ კი ორ წელიწადში ერთხელ, თუმცა ორ წელში ერთხელ ტექდათვალიერება ამ ავტომობილების გამართულობის ხარისხს მკვეთრად ვერ აამაღლებს. მე მაინც ვფიქრობ, რომ მთავარი სამძღოლო კულტურის ამაღლებაა. ისევე როგორც ადამიანმა სახლში დენის გაუმართავი ჩამრთველი უნდა შეაკეთოს, რომ არაფერი მოიწიოს, ასეთივე დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ავტომანქანასთან. მუხრუჭი იქნება, საჭე თუ სხვა რამ, აუცილებლად უნდა ამოწმოს ხოლმე", - ამბობს შალვა ოგბაიძე.

მისივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზი მართვის მოწმობის აღების ხელმისაწვდომობაა.

"ეს საკითხი ორ ნაწილად უნდა გავყოთ, ერთი არის მართვის მოწმობის აღების პროცედურა, ეს არის მომსახურების სააგენტო, რომელიც მართლა მოწესრიგებულია, რადგან ერთ სივრცეში ხდება ეს პროცესი, მაგრამ მეორე ნაწილია თვითონ იმ უნარ-ჩვევების შეძენა, რაც ავოტომობილის უსაფრთხო მართვისათვის არის საჭირო. შეიძლება ინტერნეტით ქირურგის უნარ-ჩვევები შეიძინო? ისევეა ავტომობილის მართვის უნარ-ჩვევები. ეს ყველაფერი პედაგოგიური უნარ-ჩვევების გადმოცემის პროცესში უნდა მოხდეს. წინა ხელისუფლებამ ეს სისტემა დაანგრია და დანგრევის ესტაფეტა ხელში ამ ხელისუფლებამ აიტაცა. გამოცდის ჩაბარება ორი კალათბურთის მოედნისხელა ტერიტორიაზე ხდება, სადაც დაძარი მანქანა, გააჩერე და ადამიანს უკვე მართვის მოწმობას აძლევენ. ეს დიდი შეცდომაა", - ამბობს შალვა ოგბაიძე.

თაკო ესებუა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია