ტურისტებისთვის მიმზიდველი 5 ადგილი ბათუმში

ტურისტებისთვის მიმზიდველი 5 ადგილი ბათუმში

ძველი ბათუმის უბნები, ბოტანიკური ბაღი, საბაგირო გზა, ბულვარი და ევროპის მოედანი ბათუმში მყოფი ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილებია. ბათუმში ტემპერატურის მატებასთან ერთად ვიზიტორების ნაკადმაც იმატა. შავიზღვისპირა კურორტს ტურისტები ბელორუსიდან, ფინეთიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. საზღვაო სეზონი ბათუმში ჯერ არ გახსნილა, თუმცა ბათუმის ცენტრალურ უბნებში ტურისტების სიმრავლე უკვე შეინიშნება. "ამბები.გე" ქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილებში მყოფ ტურისტებს გაესაუბრა. ისინი აცხადებენ, რომ მოხიბლული არიან ბათუმის არქიტექტურით, ადგილობრივების სტუმართმოყვარეობითა და ქართული კერძებით:

იანა კამპარი და ესა კამპარი ფინეთიდან:

ყველაფერი არის შესანიშნავი. ჩვენთვის სიურპრიზი იყო ასეთი სიმწვანე ქალაქში. მე მომწონს არქიტექტურა, ძალიან ლამაზი ქალაქია, ზღვისპირა ზოლი მომწონს განსაკუთრებით.

რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. ბევრი რამ არ ვიცოდით ბათუმის შესახებ და გაოცებული ვართ, იმდენად მოგვეწონა აქაურობა. ხალხი არის განსაკუთრებით კეთილი და ჩვენ ვფიქრობთ, სამომავლოდ საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვას.

რედვილა საკალავსკაია ლიტვიდან (ვილნიუსიდან):

ბათუმი ძალიან მომეწონა. ნამდვილად, ზაფხულის არდადეგების ქალაქია. ძალიან კარგი ხალხია, არა მხოლოდ ბათუმში არამედ საქართველოს სხვა რეგიონებში. საქართველოში მიმოგზაურია და ძალიან მომწონს ქართული სტუმართმოყვარეობა.

ელენა და სვეტლანა უკრაინიდან:

აქ პირველად ვართ. იმდენი სტუმართმოყვარე ადამიანია, ყველაფერი ისეთი კომფორტული და ლამაზია, სურვილი გიჩნდება კიდევ მრავალჯერ ჩამოხვიდე. კარგი სამზარეულო გაქვთ, გემრიელი ქართული კერძებით. ვიყავით ბოტანიკურში, საბაგიროზე, სანაპიროზე, ყველაფერი ვნახეთ და მოგვწონს.

ანასტაცია სავჩენკო უკრაინიდან:

მიხარია, რომ მზიანი დღეა, გასულ კვირას წვიმები იყო. ვტკბები გარემოთი, კარგი რესტორნები და გემრიელი სამზარეულო გაქვთ. სანაპიროზე სამუშაოები დასასრულებელია, საბავშვო ეტლით გადაადგილების დროს პრობლემები გვექმნება, თუმცა ყველაფერი ლამაზია და ზოგადად კარგი ქალაქია ბათუმი.

მუსტაფა ბერქი თურქეთიდან:

ძალიან მომწონს ბოტანიკური ბაღი, ძალიან მწვანე, ლამაზი და საინტერესო გარემოა, აღფრთოვანებული ვართ ამ ტურში მყოფი ტურისტები. ჩვენ ბათუმის დათვალიერება ბოტანიკური ბაღიდან დავიწყეთ და იმედი გვაქვს, კარგი განწყობა დღის ბოლომდე გაგვყვება.

სეზონის დაწყებამდე ჩატარებული სამზადისის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში საუბრობენ. სოფო გუჯაბიძის განმარტებით, ტურიზმის დეპარტამენტმა ცხრა ქვეყანაში ჩაატარა მარკეტინგული ღონისძიებები, რომელთა ფარგლებშიც ხალხმრავალ ადგილებში ბილბორდები დაიდგა და აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლების ჩვენება განხორციელდა:

სოფო გუჯაბიძე - აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი

"ჩვენს ქალაქში მაისიდანვე შეინიშნება ტურისტების სიმრავლე, რაც ნიშნავს, რომ ტურისტული სეზონი რეგიონში გახანგრძლივდა. ტურიზმის დეპარტამენტი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდა და გაზაფხულიდან ჩვენს სამიზნე 9 ქვეყანაში ინტენსიური მარკეტინგული ღონისძიებები ჩავატარეთ. ხალხმრავალ ადგილებში დაიდგა ბილბორდები და ეკრანებზე აჭარისა და ბათუმის შესახებ ვიდეორგოლები გაეშვა. ჩვენ ასევე, ვუმასპინძლეთ საინფორმაციო ტურებს - 170-მდე ჟურნალისტს და ტუროპერატორს. იმედი გვაქვს, რომ წელს წარმატებული სეზონი გვექნება", - აღნიშნა სოფო გუჟაბიძემ.

ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად ფრენების რაოდენობაც იზრდება. ზაფხულის სეზონზე კვირის განმავლობაში უკრაინიდან 10 ფრენა შესრულდება. წელს აჭარაში ტურისტებს პოლონეთიდან, ლიტვიდან, ბელორუსიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ელოდებიან.

ნინო ხოზრევანიძე, ბათუმი

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია