შეკვეთილი მკვლელობების ანატომია საქართველოში - ვინ და რა ფასად ქიარობს კილერებს?

 შეკვეთილი მკვლელობების ანატომია საქართველოში - ვინ და რა ფასად ქიარობს კილერებს?

"ე.წ. კილერები საქართველოში ოკუპირებული ტერიტორებიდან გადმოჰყავთ და დავალების შესრულების სანაცვლოდ სულ რაღაც 20 000 დოლარს უხდიან."

"ბესიკ ხარძიანის მკვლელობის მომზადება ტიპურ შეკვეთილი მკვლელობის მაგალითს ჰგავს, როდესაც დაქირავებული უცხოელი მკვლელი, რამდენიმე თვით ადრე ჩადის ქალაქში, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, რათა უცხო გარემო კარგად შეისწავლოს და ყველა დეტალი გათვალოს."

რამდენიმე დღეა ქართული საინფორმაციო საშუალებები ავრცლებენ ფოტოს, რომელზეც ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის სავარაუდო მკვლელია ასახული.ერთ-ერთი ვერსიით, ფოტო თავდაცვის სამინისტროს შენობასთან უნდა იყოს გადაღებული.

მოსკოვში მცხოვრები ადამიანი, რომელმაც ფოტო "ამებები.გე"-ს გადასცა, ამტკიცებს, რომ მას ფოტოსურათი მკვლელობიდან მეორე თუ მესამე დღეს მიაწოდეს, თუმცა აცხდებს: "კონკრეტულ ადამიანს, ვინც ეს ფოტო მომაწოდა, არ დავასახელებ, თვით ღარიბაშვილმა და ივანიშვილმაც რომ დამირეკონ."

ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით პასუხზე მეტი კითხვაა, შესაბამისად, რთულია მისი ნამდვილობა დაიჯერო, მით უფრო, რომ საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, ყველა იმ შეკვეთილი მკვლელობისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ხდებოდა, პროფესიონალებს ქირაობდნენ, შესაბამისად, სამართალდამცავებმა მათ კვალს დღემდე ვერ მიაგნეს.

"ე.წ. კილერები, საქართველოში ოკუპირებული ტერიტორებიდან გადმოჰყავთ და დავალების შესრულების სანაცვლოდ სულ რაღაც 20 000 დოლარს უხდიან." - ეს სკანდალური განცხადება პიარ-ტექნოლოგმა ლალი მოროშკინამ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

გადავწყვიტეთ გავიხსენოთ რამდენიმე გახმაურებული მკვლელობა, რომელიც დღემდე გამოუძიებელია, საზოგადოების დიდი ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები კილერის ტყვიამ იმსხვერპლა...

დუდუ დადიანის მკვლელობა და ლიკვიდირებული მოწმე

22 იანვარს, 22 იანვარს დღის 12 საათზე, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, დუდუ დადიანი, ფედერაციის ახალარჩეულ პრეზიდენტთან, ბესო ლიპარტელიანთან შესახვედრად მივიდა.

დადიანს მკვლელი კიბეზე დახვდა და მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან ოთხჯერ ესროლა, სამი ტყვია დუდუ დადიანს ხელში მოხვდა (როგორც ჩანს, ხელი მკერდზე ჰქონდა აფარებული), მეოთხე კი გულმკერდში.

მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მეგობრებმა დაჭრილი დადიანი სწორედ კიბეზე იპოვეს. მძიმედ დაჭრილმა დუდუ დადიანმა კი მხოლოდ 20 წუთი იცოცხლა. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მკვლელი სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი იყო, რომელიც შენობაში შესვლიდან 5 წუთში გამოვიდა და გაიქცა... მკვლელობას ჰყავდა ერთი თვითმხილველი, რომელიც მოგვიანებით კიკვიძის ბაღში მოკლეს... მკვლელობის რამდენიმე დღეში გახსნას ელოდა მთელი საქართველო, თუმცა...

კახი ასათიანს 16 ტყვიიდან 7 მოხვდა

2002 წლის 20 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, კახი ასათიანის მანქანა ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, პარლამენტარ ნანა ბიჭიაშვილის (ასათიანის ცოლის და) სახლთან გაჩერდა. მძღოლი მანქანიდან ბიჭიაშვილების ოჯახისთვის მოსაწვევების გადასაცემად გადავიდა, რამდენიმე წუთში მანქანაში დარჩენილ კახი ასათიანს უცნობი ახალგაზრდა მიუახლოვდა და მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნა. 16 ტყვიიდან მსხვერპლს მხოლოდ 7 მოხვდა. ასათიანი მაშინვე ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელი აუჩქარებლად ჩაჯდა იქვე მდგომ BMჭ-ს მარკის ავტომანქანაში და მიიმალა...

მკვლელობას ბევრი შეესწრო - გასროლამდე წუთით ადრე გზის მოპირდაპირე მხარეს სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა, საიდანაც მგზავრები ჩამოვიდნენ. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მკვლელი ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა იყო. დადგინდა, რომ ავტომანქანა, რომლითაც მკვლელი მოძრაობდა, სავარაუდოდ, გატაცებული იყო.

პოლიციამ გადაკეტა თბილისიდან გასასვლელი გზები და ავტომანქანის ძებნა დაიწყო, მაგრამ ამაოდ... საქართველოს გენერალური პროკურატურა საზოგადოებას არწმუნებდა, რომ სამართალდამცავებმა სავარაუდო მკვლელის ვინაობა იცოდნენ და მისი დაკავება მხოლოდ დროის საკითხი იყო. მას შემდეგ უკვე 13 წელი გავიდა, ვინ მოკლა კახი ასთიანი, ჯერაც უცნობია.

კიწმარიშვილის მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?!

2014 წლის 15 ივლისს ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ ავტომანქანაში მოკლული იპოვეს. მართალია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, მაგრამ ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ეროსი კიწმარიშვილი სწორედ შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია. მიმდინარე წლის აპრილში კიწმარიშვილის საქმეში ახალი დეტალები გამოჩნდა. კიწმარიშვილის პისტოლეტზე უცხო პირის დნმ-ის არსებობა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზამ დაადასტურა. დნმ-ის იდენტიფიცირება პროკურატურამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ჩრდილოკავკასიური გარეგნობის მამაკაცის ამოცნობაზე მუშაობს, რომელიც გარდაცვალების ადგილზე,პოლიციის მისვლამდე იმყოფებოდა, რაც ავტოფარეხში დამონტაჟებულმა ვიდეოთვალმა დააფიქსირა.

ხარძიანის საქმე და ტიპური შეკვეთილი მკვლელობის დეტალები

2015 წელი, 28 მარტს, ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი საკუთარ სახლთან მოკლეს. მკვლელობის დროს, ხარძიანის მეუღლე სახლის აივანზე იდგა და დაინახა მკვლელი როგორ შეყვა მის მეუღლეს სადარბაზოში. ხარძიანების მეზობლების თქმით, მათ მხოლოდ მეუღლის ყვირილი გაიგონეს, რის შემდეგაც გამოიძახეს სასწრაფო და საპატრულო პოლიცია. მეზობლებმა შენიშნეს მარაბდის ქუჩაზე მოძრავი შავი ფერის მოტოციკლეტი, რომელსაც შავჩაფხუტიანი მამაკაცი მართავდა. მოგვიანებით აღნიშნული მოტოციკლეტი სამართავდამცავებმა მკვლელობის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიტოვებული იპოვეს. მოკლულის ქალიშვილის განცხადებით, ჩაფხუტიანი მოტოციკლისტი მკვლელობამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში, დრო და დრო ჩნდებოდა მათ ქუჩაზე, ანუ მკვლელი, სავარაუდოდ, მსხვერპლს უთვალთვალებდა. ცნობილია, რომ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიება როგორც კიწმარიშვილის საქმეში, ჩეჩნური წარმოშობის ახალაგაზრდა მამაკაცს ეძებს. დაუდასტურებელი ინფორმაციით მან საქართველოს ტერიტორია მკვლელობიდან ერთ საათში, თბილისის აეროპორტიდან უკრაინის მიმართულებით დატოვა.

დაქირავებული მკვლელის ანუ კილერის მეშვეობით პოლიტიკოსების თუ ბიზნესმენების თავიდან მოცილების პრაქტიკა არსებობის ხანგრძლივ ისტორიას ითვლის. სამწუხაროდ, შეკვეთილი მკვლელობის უმრავლესობა იმთავითვე გაუხსნელ საქმეთა კატეგორიაში ინაცვლებს. ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, კილერის იდენტიფიცირება და შემდგომ მკვლელობის შემკვეთზე გასვლა რთულია. არცთუ იშვიათად, შეკვეთილი მკვლელობის სისრულეში მოყვანის შემდეგ, კილერსაც თავიდან იცილებენ. ეს საუკეთესო გამოსავალია არასასურველი მოწმის თავიდან მოსაშორებლად. როგორც წესი, პროფესიონალი კილერი კვალს არ ტოვებს ან ყველაფერი ისე ეწყობა, რომ ის საერთოდ არ იმყოფება დანაშაულის ადგილზე, მაგალითად, იყენებენ სნაიპერის შაშხანას ან ასაფეთქებელ მოწყობილობას. ზოგჯერ მკვლელობა იგეგმება და ხორციელდება ისე, რომ ყოველგვარი ნიშნით თვითმკვლელობას ჰგავს. თუ ეს გეგმა მაღალ დონეზეა შესრულებული, გამოძიებაც შეცდომაში შედის და საზოგადოებაც.

1990 წლების რუსეთში ზოგიერთი დაქირავებული მკვლელი გაზეთში განცხადებასაც კი აქვეყნებდა. სხვათა შორის, ამ მეთოდს ამერიკაში გაცილებით ადრე მიმართავდნენ. გაზეთებში დაახლოებით ასეთი შინაარსის განცხადებები ქვეყნდებოდა: "ამერიკის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრი ეძებს სამუშაოს. იბრძოდა ვიეტნამში და ა.შ."

კილერობა საკმაოდ ორაგნიზებულ საქმიანობად იქცა მეზობელ უკრაინასა და რუსეთში. პოლტიკოსების, ბიზნესმენების თუ ჟურნალისტების თავიდან მოსაცილებლად, კილერს საკამოდ ხშირად მიმართავენ. აქაც, საქმის გამოძიების, შემკვეთისა და შემსრულებლის ვინაობის დადგენა თითქმის ნულის ტოლფასია.

კილერის საქმიანობა საკმაოდ მაღალანაზღაურებადია. თუმცა, შესასრულებელი სამუშაოსთვის განსაზღვრული ტარიფი არ არსებობს. გააჩნია სამიზნე ობიექტი რა მნიშვნელობისაა, ფასიც შესაბამისია.

ვინ შეიძლება იყოს კილერი?

განაგრძეთ კითხვა

გიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

ზაზა სარალიძე ალბათ, თავისი შვილის მკვლელს ციხესთან ყვავილებით ხელში დახვდება და მერე სახლში მშვიდად წავა - მიხეილ კალანდიას ბიძა

არასრულწლოვნის გატაცება ცოლად მოყვანის მიზნით - კახეთში 2 პირი დააკავეს