საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერია" პოლიტიკურ სტრუქტურად ყალიბდება და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის თოქ-შოუ "არჩევანის" ეთერში გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და საზოგადოება "ივერიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, რომ ის არჩევნებისთვის ემზადება. მისი თქმით, ვისთან ითანამშრომლებს ახალი პარტია, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"დიახ, ვართ დაკავებულები იმით, რომ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის. იქმნება პოლიტიკური სტრუქტურა, ვესაუბრებით ჩვენ თანამოაზრეებს რეგიონებში. საზოგადოება "ივერია", ყველა დანარჩენისგან განსხვავებით, ჰორიზონტალურად ვითარდება და განსხვავდება ყველასგან იმიტომ, რომ ჩვენ არავის ლიდერს არ ვუნიშნავთ. ჩვენთან ერთიანდებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. შემოდგომაზე ჩამოყალიბდება სტრუქტურა და უკვე გადავალთ უფრო აქტიურ ფაზაზე", - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.