რამდენი ადამიანი ზის ციხეში ნარკოტიკების მოხმარების გამო და მოსახლეობის რამდენი პროცენტია ნარკოდამოკიდებული - უახლოესი მონაცემები და მტკივნეული თემის ანალიზი

რამდენი ადამიანი ზის ციხეში ნარკოტიკების მოხმარების გამო და მოსახლეობის რამდენი პროცენტია ნარკოდამოკიდებული - უახლოესი მონაცემები და მტკივნეული თემის ანალიზი

ნარკომანიის პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც აქტუალურია. შსს-ს ცნობით, 2014 წელს ნარკოდანაშაულის 8 134 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2013 წლის მონაცემებთან შედარებით ნაკლებია.

ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი სამცხე-ჯავახეთში.

შსს-ს ცნობით, ნარკოტიკულ საშუალებებს ყველაზე ხშირად 25-44 წლის ასაკის მამაკაცები მოიხმარენ. ქალი მომხმარებლების დადასტურებული რაოდენობა 0.9 %-ია. როგორც სამინისტროს სტატისტიკაში ჩანს, თბილისში ყველაზე მეტი ფაქტი გლდანი-ნაძალადევის რაიონში გამოვლინდა.

2014 წელს შსს-მ 13664,6 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. მათ შორის 12076,5 გრამი კანაფი, 1312.3 გრამი ჰეროინი და 191.3 გრამი მარიხუანა.

საშუალოდ, საქართველოში, 10 000 მოსახლეზე 31.2% ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელია, ამათგან ყველაზე მეტად მოიხმარენ მარიხუანას (შერეული) 19.2 %, ოპიუმს 6.8 %, მეტადონი 3.7 %.

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და მოხმარება, 45-ე და 273-ე მუხლების თანახმად, ჯარიმას და თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იმ ფონზე, როდესაც საზოგადოების ერთი ჯგუფი მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას მოითხოვს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცნობით, ნარკოტიკების მოხმარებისთვის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სასჯელს 490 პატიმარი იხდის.

საზოგადოების უმეტესობა, მათ შორის ნარკოლოგები და ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ნარკოტიკების მოხმარების გამო ადამიანი არ უნდა დააკავონ. ამ მიზნით დღეს საპროტესტო აქცია "არ დაიჭირო" გაიმართება.

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ადამიანი ნარკოტიკების მოხმარების გამო არ უნდა დაიჭირო და ნარკომანიის პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავრობამ, სხვა სახის კომპლექსური ღონისძიებები უნდა გაატაროს.

- რამდენად სწორი პოზიცია აქვს სახელმწიფოს ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ?

- ადამიანის დასჯა იმისთვის, რომ თვითდაზიანების მეტი დანაშაული არ აქვს, წარმოუდგენელია. გამსაღებლები და შემომტანები უნდა ისჯებოდნენ. მე დეკრიმინალიზაციის მომხრე ვარ, მაგრამ არა ლეგალიზების. ლეგალიზებაში ძალიან ბევრ საფრთხეს ვხედავ, რომელსაც მოკლედ ვერ ჩამოვაყალიბებ. უნდა ჩატარდეს პრევენციული ღონისძიებები, ქმედითი, პროფესიული დისკუსიები, რისი გაკეთება სჯობს, როცა ასეთი დიდი პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა. კომპლექსურად უნდა ჩატარდეს ყველაფერი, საქართველოში სწორ საქმესაც კი ვიწყებთ ერთი სეგმენტით. ახალგაზრდა ადამიანს მთელი ცხოვრება კრიმინალურად უქციო, იმისთვის, რომ მან მოწია მარიხუანა, ეს დაუშვებელია. ამდენი დასაკარგი ადამიანიც არ გვყავს.

- შსს აქტიურ კამპანიას ეწევა სახელწოდებით "არა ბიონარკოტიკს", რას ფიქრობთ ამ კამპანიაზე?

- ყოველთვის ვთვლი, რომ არაფრის კეთებას რაღაცის კეთება სჯობს, მაგრამ არ მომწონდა ეს კამპანია. გამორჩევით, რომ "არა ბიონარკოტიკს", ეს ნაწილი არ მომწონდა. სხვა ნარკოტიკები კარგია, თუ რა?! ეს რომ ყოფილიყო სისტემური კამპანია, დღეს ბიონარკოტიკზე გაანათლებდნენ ახალგაზრდებს, ხვალ ჰეროინზე და ასე შემდეგ, იქნებოდა ლოგიკური. გამორჩევით, რომ მხოლოდ ბიო არა, სწორი არ არის. ბიონარკოტიკი იყიდებოდა ინტერენეტით, არსებობს სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემაც. არ მიყვარს ნახევრადფაბრიკატი საქმე, როდესაც არსებობს საშუალება, საქმე გაკეთდეს კომპლექსურად. მომხმარებელს სჭირდება სხვანაირი ზრუნვა, ეს საჭიროა მთელი საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ საზოგადოების ნაწილი, რომელიც ვერ მუშაობს, მონაწილეობას ვერ იღებს საზოგადოებრივ აქტივობებში, საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს დამღუპველია.

- გაახალგაზრდავდა მომხმარებლის ასაკი?

- ასაკი ყოველთვის ახალგაზრდა იყო, ამბოხების და ექსპერიმენტების ასაკში იწყებენ ძირითადად. პაციენტების უმეტესი ნაწილი, დასაწყისად ასახელებს 14-15 წელს, თუმცა არის უფრო ახალგაზრდა, 12 წლის ასაკი.

ზურა სიხარულიძე (ნარკოლოგი):

- არ არის სწორი ნარკომომხმარებლის დაკავება. დამსჯელობითი ღონისძიებები შედეგს არ იძლევა. ლიბერალიზაცია არ ნიშნავს იმას, ვისაც რა უნდა, ის გააკეთოს. სახელმწიფომ გარკვეული მექანიზმი უნდა შეიმუშაოს. თუ ადამიანი დაავადებულია ნარკომანიით, სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გაუშვას. მოხმარების გამო, ციხეში არ უნდა ჩასვა. უნდა იყოს გარკვეული ადმინისტრაციული ჯარიმები. ციხე არ არის გამოსავალი, სისტემა უნდა იყოს მწყობრი, უნდა შეძლოს ადამიანები დასჯის მაგივრად, მკურნალობას გადიოდნენ. ციხეში ყოფნა არც პრევენციაა. როგორი დაავადებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, როცა ის გამოდის ციხიდან, ისევ უბრუნდება ნარკოტიკს. რაც შეეხება მარიხუანას დეკრიმინალიზაციას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს, ერთი სიგარეტის მოწევის გამო მოზარდი ციხეში არ უნდა მიდიოდეს. ეს შეიძლება შეიცვალოს სასარგებლო შრომით, ფსიქოტერაპევტთან ურთიერთობით და ა.შ. უნდა ვიპოვოთ მიზეზი, რატომ მივიდა ადამიანი ნარკოტიკებამდე. დაავადებულებზე კი უნდა ვიზრუნოთ, ეს სოციალური პრობლემაა, ეს მხოლოდ ინფექციური დაავადებების გადადებაში არ გამოიხატება, ეს კრიმინალურ ქცევებთან არის დაკავშირებული. უნდა გვქონდეს მძლავრი პრევენციული მექანიზმი და საზოგადოებას ვაწვდიდეთ სწორ ინფორმაციას. გამსაღებლების მიმართ უნდა იყოს ძალიან მკაცრი მიდგომა. ვინც ეწევა, ისედაც მოწევს, დაავადებული მაინც დაავადებული იქნება. სახელმწიფო უნდა შეეცადოს, რომ ნაკლები ადამიანი დაავადდეს.

- რა შედეგი მოუტანა ქვეყანას შსს-ს კამპანიამ "არა ბიონარკოტიკს"?

- ბიონარკოტიკის მოხმარება შემცირდა, ერთეული შემთხვევები დარჩა. კარგად იმუშავა შსს-მ. ეს იყო ინფორმირებაზე და არა დასჯაზე ორიენტირებული კამპანია. შსს-მ იმუშავა შემოტანის შემცირებაზე. გაიგო ხალხმა, რა ზიანი მოაქვს ბიონარკოტიკს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია