თბილისის ზოოპარკში ტრაგედია დატრიალდა - 26 მაისს, დახალოებით 17 საათზე, ზოოპარკის მთავარ ძიძა-მომვლელს, გულიკო ჭიტაძეს სამი ვეფხვი დაესხა თავს. კონკრეტულად როგორ მოხდა ზოოპარკში უბედური შემთხვევა და რა საფრთხის შემცველია ზოგადად ცხოველებთან ახლო კონტაქტი, ამის შესახებ "სარკეს" თავად გულიკო ჭიტაძე ესაუბრა.
"სარკე": ქალბატონო გულიკო, რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს, რატომ და როგორ დაგესხნენ ვეფხვები თავს?
გულიკო ჭიტაძე: ვეფხვების ვოლიერთან ჩემს მეგობართან ერთად მივედი, რომ ჩემი გაზრდილი ბოკვერებისთვის ფოტოები გადამეღო. ზემოდან გადავუღეთ სურათები. ამ დროს დამთვალიერებელს, ერთ პატარა ბავშვს, ვეფხვებთან სათამაშო ჩაუვარდა და დავინახე, ქვემოთ ჩასვლას რომ აპირებდა, დავუძახე, არ ჩახვიდეთ, არ შეიძლება, საშიშია, მე თვითონ ამოგიტანთ, რადგან მე ვიცი ვეფხვებთან მოქცევის წესები-მეთქი. ჩავედი ვოლიერთან, სათამაშო ავიღე და შეცდომა დავუშვი, რადგან ქვემოდანვე ამოვგუდე პატრონს. ამ დროს ჩემი კაბა გაფრიალდა და ერთმა ვეფხვმა კლანჭი გამომდო კაბაზე, ნელ-ნელა მიმითრია. კაბა არ გაიხა და კარგადაც ვებრძოლე.
ჩემი ბრალია, არ უნდა ჩავსულიყავი, რადგან ვეფხვების წესი ვიცი, მაგრამ ბავშვი ძალიან ტიროდა იმ სათამაშოს გამო და შემეცოდა. კაბით მიმიტაცეს და ბრჭყალების ჩამოსმა დამიწყეს, კბილიც გამკრეს. ამ ბოკვერების დედა ჩემი გაზრდილი იყო და შვილებს ცემა დაუწყო, ჩამომაცილა, თორემ რა მოხდეობდა, არ ვიცი. იქვე ჩვენი სხვა თანამშრომლებიც იყვნენ, მომეშველნენ და ასე დავუძვერი ხელიდან. წარმოიდგინეთ, კატამ რომ ოთახში იცის, კლანჭებს რომ ჩამოგისვამთ და გეთამაშებათ, ისეთი სიტუაცია იყო.
"ლურჯი ვაშლი"| ქალი, რომელიც 26 წელია თბილისის ზოოპარკში ცხოვრობს და ველურ ცხოველებს ზრდის
"სარკე": რამდენი ვეფხვი იყო გალიაში?
გულიკო ჭიტაძე: ერთი დედა და სამი ბოკვერი. გამოქცევა რომ არ მომესწრო, შეიძლებოდა, ჩემთვის მთელი სხეული დაეგლიჯათ. ბავშვი შემეცოდა და ის წესი დამავიწყდა, რომ ასეთ დროს არავინ უნდა შეიცოდო. მეგონა, დაზღვეული ვიყავი, მაგრამ... 100 ვეფხვის ბოკვერი მაინც მყავს გაზრდილი, ასევე - ლომები. ჩემი გაზრდილი ცხოველები თავს არასოდეს მესხმიან. ამ ბოკვერებმა ჩემ მიმართ აგრესია კი არ გამოხატეს, მეთამაშებოდნენ. დედა ვეფხვმა კარგად მიბერტყა სამივე შვილი - გაარტყა, გამოარტყა.
"სარკე": საავადმყოფოდან რომ გამოგწერენ, რას აპირებთ, ზოოპარკში სამუშაოდ დაბრუნდებით თუ იქით გახედვა აღარ გინდათ?
გულიკო ჭიტაძე: რა თქმა უნდა, დავბრუნდები ზოოპარკში! შეიძლება შვილმა დედა დააზიანოს ან რამე დაუშავოს. ესენი ჩემი შვილები არიან. ცხოველები ძალიან მიყვარს. ის, რაც მოხდა, იმას არ ნიშნავს, რომ გავღიზიანდი, სამსახურს დავტოვებ და ჩემს ცხოველებს მივატოვებ. პირიქით, ჩემი სიყვარული მათ მიმართ უფრო გაძლიერდა. მაზოხისტი არ გეგონოთ, უბრალოდ ძალიან მიყვარს.
რუსუდან ადვაძე, ჟურნალი "სარკე"
ასევე დაგაინტერესებთ| რას ჰყვებოდა მომვლელი ვეფხვების თავდასხმამდე 4 დღით ადრე