სიყვარულის სახელით არაერთი დანაშაული ჩაუდენიათ. რამდენიმე დღის წინ შემზარავი ამბავი მოხდა გორში. ეჭვით გონებადაკარგულმა ახალგაზრდა კაცმა საყვარელი ქალი სიცოცხლეს გამოასალმა. ვაჟი ქართული არმიის პოლკოვნიკი, ჯონი ქოჩქიანი გახლდათ, მისი შეყვარებული კი - კოჯრის ბატალიონის კაპრალი, ქეთი კახნიაშვილი.
ქეთი კახნიაშვილი სოფელ კარალეთიდან გახლდათ. შვიდი თვე ერაყში მსახურობდა. მერე გორში სახლი შეიძინა... იმ დღეს ნასვამი ყოფილა ჯონი ქოჩქიანი. მობილურზე დაურეკავს ქეთისთვის, მერე მესიჯიც გაუგზავნია, მაგრამ ქალმა არ უპასუხა. ჯონიმ - კარალეთში თუ წავიდაო და სოფელში ჩასულა. როცა დარწმუნებულა, სოფელში არ იყო, გორში გამობრუნებულა, ქეთის სახლის კარი ფეხით შეუმტვრევია და ჰაერში უსვრია. ამ დროს ქეთისთან დეიდაშვილი იმყოფებოდა. მისთვისაც დაუმიზნებია, მაგრამ გოგონა სასწაულს გადაურჩენია, თუმცა ეჭვიანობით დაბრმავებულ კაცს ვერ გადაურჩა საბრალო ქეთი - გონებაარეულს ორჯერ უსვრია მისთვის... მერე კაცი ეზოში გამოვარდნილა. ყელზე მიუბჯენია რევოლვერი, ჩახმახისთვის გამოუკრავს და თოვლში მოცელილივით პირქვე დაცემულა. ყოველივეს ავტოფარეხში დამალული ქეთის დეიდაშვილი მაია კაკიაშვილი შეესწრო.
კარალეთამდე არცთუ პატარა გზა გვქონდა გასავლელი. ტაქსის მძღოლმა, როდესაც შეიტყო სად მივდიოდით, აი, რა გვიამბო:
- რას აღარ ამბობენ ამ მკვლელობაზე... ძალიან შეჰყვარებია ბიჭსა, მისი გულისთვის ყველაფრისთვის მზად იყოო. ცოლად მოყვანა უნდოდა, ქალიც ჰპირდებოდა, - გამოგყვებიო, მარა ბოლოს უარი უთქვამს. უეჭვია ბიჭსა, სხვას ხომ არა ჰყვარობსო, ჩასაფრებია, მოუკლავს. აბა, რა გამოვიდა ამით? ანგელოზივით გოგო სიცოცხლეს გამოასალმა, თვითონ კიდევ, ისე მძიმედაა, არა მგონია, გადარჩეს!
კახნიაშვილების ეზოში შავოსანი მამაკაცები იდგნენ. ქეთის ძმასთან შევძელით გასაუბრება.
გიორგი კახნიაშვილი: - ქეთი ორი წლით უფროსი იყო ჩემზე. ერაყში წასვლა რომ გადაწყვიტა, დედა ნერვიულობდა, მამას კი იმედი ჰქონდა, შინ მშვიდობიანად დაბრუნდებაო. მამის ნებიერა იყო, არაფერს უშლიდა. იცოდა, ოჯახს არ შეარცხვენდა. ლამაზი გოგო იყო, ბევრს მოსწონდა, მაგრამ გათხოვებას არ ჩქარობდა. ერაყიდან რომ ჩამოვიდა, მითხრა, - მორჩა, მეტს აღარ წავალ, დავიღალე, ახლა საკუთარ თავს უნდა მივხედოო. კოჯრის ბატალიონში მსახურობდა. ჯონის ვიცნობდი, როგორც მის თანამშრომელს. სხვებთან ერთად ისიც არაერთხელ მოსულა სტუმრად. არ ვიცოდი, მათ შორის თუ რამე ხდებოდა. ერთი სიტყვა მაინც რომ წამოსცდენოდა ჩემს დას მასზე, მაწუხებსო, ამ ამბავს სხვანაირად მოვუვლიდი და ეს უბედურებაც არ მოხდებოდა. ახლა გამოტყდა დედა, რომ რამდენიმე ხნის წინ ვიღაც ქალს დაურეკავს მისთვის და უთქვამს: - ჯონი ქოჩქიანი, თქვენს შვილს რომ ჰყვარობს, თუ იცით, რომ ცოლ-შვილიანიაო. გაგიჟებულა დედაჩემი, - ეგ ვინ გითხრათო? მე ვარ მისი ცოლიო.