ელექტროენერგიის, მოსავლისა და გზების გარეშე დარჩენილი სოფლები - სტიქიამ რეგიონები მოიცვა

ელექტროენერგიის, მოსავლისა და გზების გარეშე დარჩენილი სოფლები - სტიქიამ რეგიონები მოიცვა

წუხელ, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ნალექი დაფიქსირდა. ძლიერმა წვიმამ დედაქალაქი და რამდენიმე რეგიონი დააზარალა, ზოგან ძლიერ წვიმას სეტყვაც მოჰყვა.

მცხეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გადაუღებელმა წვიმამ დუშეთის რაიონში 15-მდე სოფელი დააზარალა, ხოლო 12 სოფელს ამ დრომდე არ მიწოდება ელექტროენერგია. ყველაზე მეტად დაზარალებულია სოფლები: ბაგა და მლაშე.

ინტერპრესნიუსის ცნობით, სტიქიამ დუშეთის მუნიციპალიტეტში გზებიც დააზიანა. დუშეთის რაიონის გამგებელის ვაჟა ჩოხელის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ ბაზალეთის თემში გზები ჩაკეტა. გზის პრობლემა შეიქმნა ასევე უკანა ფშავში.

როგორც ჩოხელმა განაცხადა, სოფელ მლაშეში ადიდებულმა მდინარემ 5 ბოძი წაიღო, რის გამოც მოხდა ელექტროენერეგიის მიწოდების შეფერხება. გამგებლის განცხადებით, ადგილზე ბრიგადები იმყოფებიან და სამუშაოები მიმდინარებს.

მისივე თქმით, წუხელ ჩაკეტილი იყო ცენტრალური გზა - ბაგიჭალა-ბაზალეთის მიმართულებით, თუმცა ამჟამად ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

რაც შეეხება სოფელ გრემისხევის გზას, გამგებლის თქმით, აღნიშნულ გზაზე ყოველი წვიმის დროს ხდება მეწყერის ჩამოწოლა და ამჟამადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ძლიერი წვიმის გამო გურჯაანის და ლაგოდეხის 11 სოფელს სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი სოფლები: კარდენახი, ვეჯინი, ძირკოკი, ჭანდარი, გვიმრიანი, აფენი, ლელიანი, ჭაბუკიანი, ცოდნისკარი, ულიანოვკა და სვიდება.

ენერგოსადისტრიბუციო კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარეობს დაზიანებების საძიებო და აღდგენითი სამუშაოები და ელექტროენერგია მოსახლეობას რამდენიმე საათში აღუდგება.

3 ივნისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ადიგენის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი, უდე და აბასთუმანი  დააზარალა. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძლიერი წვიმა საღამოს 19:00 საათის შემდეგ დაიწყო და დაახლოებით 22:00 საათამდე გაგრძელდა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ძლიერ წვიმას მალე სეტყვაც მოჰყვა.

როგორც ადიგენის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ უდეში ვანო გზირიშვილი ამბობს, სტიქიის დროს სოფელში არ იმყოფებოდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლოებისგან იცის, რომ სოფელში მნიშვნელოვნად არაფერი დაზიანებულა.

ტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლები გუშინვე მოინახულეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა. როგორც ადიგენის თვითმმართველობაში განმარტავენ, აღნიშნულ სოფლებში სტიქიამ მხოლოდ მცირე რაოდენობის ნათესები და სოფლის შიდა გზები დააზიანა.

გამგეობაში უკვე შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის", "სამხრეთის კარიბჭის", კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრების მასალების მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია