ა.წ. 3 ივნისს, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის მე-14 სართულზე, 65 წლის ზუზანა საროევა გარდაცვლილი იპოვეს. ქალს შინ ნათესავებმა მოიკითხეს და ვინაიდან კარს არ აღებდა, მაშველები გამოიძახეს. ისინი ზუზანას ბინაში კორპუსის სახურავიდან ჩავიდნენ, ფანჯარა შეამტვრიეს და... ბინაში შემაძრწუნებელი სურათი დახვდათ - ქალი საწოლთან, იატაკზე სისხლის გუბეში იწვა და მთელი ტანსაცმელიც სისხლით ჰქონდა გაჟღენთილი.
თინა შ. გარდაცვლილის ნათესავი:
- საწყალი ქალი 20 წელიწადი საბერძნეთში მუშაობდა. 3 წელიწადია, რაც ჩამოვიდა. აქ მარტო ცხოვრობდა, ხშირად ამბობდა, დავიღალე, ჩემს შვილს ყველაფერი გავუკეთე და ახლა უნდა დავისვენოო. მაგის შვილიც და ძმებიც ყველანი რუსეთში ცხოვრობენ და მუშაობენ. მე ოჯახის ნათესავი ვარ, მეც მარტო ვცხოვრობ, ხშირად ვიყავით ერთად, თითქმის მთელ დღეს ერთად ვატარებდით, ვილაპარაკებდით, შვილებს გავიხსენებდით და მერე ღამე მიდიდა სახლში. ასე იყო ყოველ დღე. იმ დღეს რომ არა და არ გამოჩნდა, გამიკვირდა და დავურეკე, ტელეფონზე არ მიპასუხა, თუმცა ცუდი არაფერი მიფიქრია, საღამო იყო უკვე და ვიფიქრე, ალბათ ადრე დაიძინა-მეთქი. მეორე დილით ავდექი თუ არა, მაშინვე დავურეკე და ისევ არ მიპასუხა. ერთი ცხრაჯერ მაინც დავრეკე. მაგის კარის მეზობლის ტელეფონი ვიცოდი და მერე იმ გოგოს გადავურეკე, - აბა, ზუზანას დაუკაკუნე, კარი, იქნებ, გაგიღოს-მეთქი. მითხრა, არ მიღებსო და, - მაშინ პოლიცია გამოვიძახეთ. პოლიციამ კიდევ, ეს საშინელება ნახა. საწყალ ქალს 25-ჯერ აქვს დანა დარტყმული. კიდევ კარგი, ეგ ჭრილობები მე არ მინახავს, თორემ მოვკვდებოდი. ძალიან ცუდად ვარ, - მხეცი უნდა იყო, ადამიანს დანა 25-ჯერ რომ დაარტყა. სახეზეც აქვს ჭრილობები, ყელშიც... ერთი დარტყმა არ ეყოფოდა ამ უბედურს? ისეთი გამხდარი იყო, იფიქრებდი, ქარი წააქცევსო?
- თქვენ მისი უახლოესი ადამიანი იყავით, როგორ გგონიათ, ქალი იმის გამო ხომ არ მოკლეს, რომ მის სახლში უცხოეთში მუშაობით ნაშოვნი ფული ეგულებოდათ?
- რომელი გიჟი ინახავს ფულს სახლში?! მას მერე, რაც ეგ საბერძნეთიდან ჩამოვიდა, 3 წელიწადი გავიდა. ახლა ვაჟი ინახავდა უკვე… შეიძლება მაგის სახლში ეს ფული ეგულებოდათ. მაგრამ მაგისთვის ასე ცხოველივით უნდა მოეკლათ?!..