დაბადების დღეს გილოცავთ, კახი! - უმნიშვნელოვანესი დღეები მსახიობის 80 წლიდან

დაბადების დღეს გილოცავთ, კახი! - უმნიშვნელოვანესი დღეები მსახიობის 80 წლიდან

ყველასთვის საყვარელი კახი კავსაძე დღეს იუბილარია, - მსახიობს 80 წელი შეუსრულდა. ვულოცავთ დიდ არტისტს იუბილეს და გვინდა, ამ ფაქტს ცოტა ხნის წინ Ambebi.ge-ზე გამოქვეყნებული სტატია - "კახი კავსაძის უნიკალური პირადი ფოტოარქივი და რთული ცხოვრების რეალიები" შეგახსენოთ, ვინაიდან ის ბატონი კახის განვლილ ცხოვრებას კარგად ასახავს.

ეროვნულ ბიბლიოთეკას კიდევ ერთმა დიდმა მსახიობმა გადასცა საკუთარი ფოტოარქივი და ეს კაცი კახი კავსაძეა.

როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, ბიბლიოთეკა ბატონ კახის დაუკავშირდა და "ციფრულ მატიანეში" მონაწილეობა შესთავაზა. მსახიობი დიდი სიხარულით ჩაერთო პროცესში, - ბიბლიოთეკის თანამშრომლების გარკვეული ჯგუფი ლაბორატორიიდან ბატონ კახის შინ ეწვია, სადაც შესაბამისი სამუშაო ჩატარდა, "გაციფრულდა" მსახიობის ფოტოალბომებში დაცული უამრავი საინტერესო და უნიკალური ფოტო.

გიორგი კეკელიძე:

- ფოტოების ნაწილი მისთვისაც გარკვეულწილად, წარსულთან ხელმეორედ მიბრუნება იყო, რადგან პირად არქივს ადამიანები ხშირად არ უბრუნდებიან... ბატონი კახი სურათებზე განმარტებებს თავადვე აკეთებდა.

ალბომი, ერთი მხრივ, ქართული თეატრისა და კინოს ისტორიას ასახავს, მეორე მხრივ, რთული ბიოგრაფიის მქონე ადამიანის ცხოვრების რეალიებს...

ახლა კი მინდა, ამ მსახიობის იმ რთული ბიოგრაფიის რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდს შევეხო. დავიწყოთ იმით, ის დიდი წინაპრის შთამომავალია. სწორედ მის ბაბუას ეკუთვნის ქართული ხალხური მუსიკის პირველი პროფესიული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის შექმნის იდეა. დიახ, ცნობილი ლოტბარი - სანდრო კავსაძე გახლდათ კახი კავსაძის ბაბუა, რომელსაც ქართულ ხელოვნებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. მოგვიანებით ეს საქმე მისმა შვილმა, კახის მამამ - დათაშკა კავსაძემ განაგრძო, რომელიც მეორე მსაოფლიო ომის დროს ქერჩთან ტყვედ ჩავარდა. ის იქიდან მისმა ფრონტელმა მეგობარმა იხსნა, ტყვეთა ბანაკიდან გამოაყვანინა, რომელმაც გერმანიაში, ქართველი ტყვეებისგან სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ჩამოაყალიბა. გუნდი ომის დამთავრების შემდეგაც აქტიურად მუშაობდა. მერე მათი ამერიკაში გადასვლის იდეაც გაჩნდა. დათაშკამ საქართველოში, საკუთარ ოჯახში დაბრუნება არჩია.

კახი საოცარი მღელვარებით ელოდა მამასთან შეხვედრას, მაგრამ მატარებელში, რომლითაც მამა უნდა ჩამოსულიყო, ის არ აღმოჩნდა, რადგანაც საქართველოსკენ მომავალი, გზად საბჭოთა მთავრობამ, როგორც სამშობლოს მოღალატე დააპატიმრა...

პატიმარი კავსაძე მოგვიანებით მეუღლემ და ორმა ვაჟმა უშიშროების ციხეში მოინახულა.

"ერთი ერთ მუხლზე დაგვისვა, მეორე კი - მეორეზე და გვკითხა: მუსიკას სწავლობთ?

მე მუსიკას კონსერვატორიასთან

არსებულ ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი, თან, კარგად, საოცარი ტექნიკა მქონდა... მამას რომ გავეზარდე, აუცილებლად მუსიკოსი ვიქნებოდი და არა არტისტი", - ჰყვება ბატონი კახი.

მსახიობის პროფესიაზე არასდროს უფიქრია, უბრალოდ, სახლში (ვორონცოვზე) სადაც დაიბადა, ცხოვრობდნენ: აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ემანუელ აფხაიძე, თამარ ჭავჭავაძე და ალექსანდრე და სესილია წუწუნავები, რომლებიც ეზოს ბავშვების სპექტაკლების სანახავად ბილეთებსაც კი ყიდულობდნენ. სწორედ ამ ადამანების გარემოცვაში მყოფმა, მსახიობის პროფესიაზე ბევრი რამ შეიტყო.

დამამთავრებელ კლასში კახი კინოსტუდია ქართულ ფილმში სინჯებზე დაიბარეს, სადაც ფილმზე - "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" მთავარი გმირის, ვეფხია ხალიბაურის როლზე დაამტკიცეს, მაგრამ დებიუტი ვერ შედგა, - მოულოდნელად მიღებული ტრავმის გამო ამ კინოგადაღებას გამოეთიშა. თუმცა კინოში გადაღების სურვილი არ უნელდებოდა და საბოლოოდ ოცნება მაინც აიხდინა, - გახდა მსახიობი, არტისტი, როგორც თავად უყვარს ხოლმე ამის თქმა.

უამრავი საინტერესო და დაუვიწყარი თეატრალური თუ კინოროლი შექმნა. მაყურებელმა ის ნახვისთანავე შეიყვარა.

რაც შეეხება ამ ადამიანის პირად ცხოვრებას, მან ბედი ულამაზეს და ნიჭიერ მსახიობს, ბელა მირიანაშვილს დაუკავშირა... ამ წყვილის სიყვარულზე ბევრი დაწერილა და თავადაც დიდი გატაცებით ხშირად უსაუბრია.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია