"ძაგნიძე ერთ-ერთი პირველი იქნება, ვისაც მოუწევს აუხსნას გამომძიებლებს როგორ "გახსნა'' გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე - ვახო სანაია

"ძაგნიძე ერთ-ერთი პირველი იქნება, ვისაც მოუწევს აუხსნას გამომძიებლებს როგორ "გახსნა'' გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე - ვახო სანაია

გუშინ, 4 ივნისს, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე წარუდგინა. ძაგნიძის ახალ თანამდებობას ვახო სანაია ეხმაურება:

"სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად სერგო ძაგნიძე დანიშნეს. ეს პერსონა 2001 წელს მონაწილეობდა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის გამოძიებაში. ეს საქმე როგორც "გამოიძიეს'', ყველას ახსოვს. ბატონი ძაგნიძე დღემდე ამაყობს თავისი წვლილით ამ საქმეში. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ სერგო ძაგნიძემ სრულიად მოულოდნელად პრესასთანაც იაქტიურა და საინტერესო ფრაზები თქვა. აი ციტატები:

1. "ამ საქმეში სისხლი მაქვს ჩაქცეული და საკუთარი შვილივით "მიყვარს". მე ამ საქმეზე მანიპულირებას არც ვახოს ვაპატიებ, მიუხედავად იმისა, რომ ძმაა''.

2. "ვახომ მადლობა მითხრას, ძმის მკვლელი რომ დავუჭირე. რომელ სპეციალისტთან ერთადაც უნდა, დავუჯდები და ერთად გავიაროთ ეს საქმე''.

3. "შეიძლება ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საქმე ჩემი გახსნილია''.

4. "ეს საქმე ქართული კი არა, მსოფლიო კრიმინალისტიკაშია შესატანი. ჩემთვის მადლობაც კი არ უთქვამთ''

გიორგი სანაიას საქმის "გახსნის'' შემდეგ მოხდა ერთი საინტერესო საკადრო გადაადგილება. 2002 წელს სერგო ძაგნიძე პროკურატურიდან სულ სხვაგან, უშიშროების სამინისტროში გადაიყვანეს. დააკვირდით, პროკურატურაში სამეცნიერო-ტექნიკურ სამსახურს ხელმძღვანელობდა და უცებ უშიშროებაში ანტიტეროსისტული ცენტრის ხელძღვანელად დანიშნეს. ამასაც დააკვირდით - მაშინ ამ ცენტრის განსაკუთრებული ყურადღება პანკისის ხეობისკენ იყო მიპყრობილი.

ჩვენი ოჯახი უკვე მეთოთხმეტე წელია, ყველა ხელისუფლებისგან მოითხოვს ამ საქმის გამოძიებას. ეს საქმე დღემდე გაუხსნელია. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც ამ მთავარმა პროკურატურამაც უარი თქვა ხელახალ გამოძიებაზე.

რაც შეეხება ბატონ ძაგნიძეს. მას მინდა ვუთხრა, რომ ამ საქმის ხელახალი გამოძიება აუცილებლად დაიწყება. უფრო ადრე, ვიდრე გვიან. ძაგნიძე კი, სხვებთან ერთად, ერთ-ერთი პირველი იქნება, ვისაც მოუწევს, აუხსნას გამომძიებლებს, სასამართლოსა და საზოგადოებას, როგორ "გახსნა'' 2001 წელს გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე" - წერა სანაია.

სამინისტროს ცნობით, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე წლების განმავლობაში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, საქართველოს უშიშროების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. 2006-2009 წლებში ის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მრჩეველი იყო. 2009 წლიდან დღემდე სერგო ძაგნიძე აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და სასწავლო პროგრამებისა და სილაბუსების ავტორია.

GAU-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტრენერი სოფო შუბლაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა

ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციისა და მონიტორინგის მნიშვნელობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

"ისტერიულად ტიროდა ბავშვი და მაინც არ ჩერდებოდნენ... ქალსაც კი ხელი დაარტყეს" - ვახო სანაია თავდასხმის დეტალებს იხსენებს