ავტორი:

GAU-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტრენერი სოფო შუბლაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა

GAU-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტრენერი სოფო შუბლაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორები საქართველოს" დირექტორი, ტრენერი სოფო შუბლაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად გარდაიცვალა.

სოფო შუბლაძე ცნობილი ჟურნალისტის, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნინო შუბლაძის უფროსი და იყო. სოფოს მდგომარეობა ბოლო თვის განმავლობაში რამდენჯერმე დამძიმდა, თუმცა ახლობლები მისი გადარჩენის იმედს არ კარგავდნენ.

"ერთად აუცილებლად დავძლევთ ყველაფერს!!!!! სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელია!" - წერდა ნინო შუბლაძე დის შესახებ რამდენიმე დღის წინ, თუმცა სამწუხაროდ, ექიმებმა სოფო შუბლაძის გადარჩენა ვერ შეძლეს. კორონავირუსის გადატანის შემდეგ, მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო და არსებული ინფორმაციით, ის თრომბის შედეგად გარდაიცვალა.

"დაუჯერებელია! ასე იშვიათად უყვართ ადამიანებს სიცოცხლე როგორც სოფოს უყვარდა. და ასე იშვიათად უყვართ ადამიანებს ერთმანეთი, როგორც თქვენ გიყვარდათ! ნინო შუბლაძე, ღმერთს ვთხოვ მოგცეს ძალა, ამ ჯოჯოხეთს გაუძლო!" - წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და მეგობარს დის გარდაცვალებას უსამძიმრებს.

"სოფო შუბლაძე, ჩვენი საყვარელი კოლეგა და მეგობარი, გარდაიცვალა კოვიდისგან. ძალიან მაგარი პიროვნება, სიცოცხლისმოყვარე, ხალისიანი და მებრძოლი ადამიანი, ლამაზი და ჭკვიანი, 13 წლის ანოს დედა. ანოც უმაგრეს პიროვნებად გაზარდა -ერთხელ სოფომ ფბ-ზე დადო ანოს მიერ თოვლის ბაბუასთან პატარაობაში მიწერილი წერილი: თოვლის ბაბუა, სხვა ბავშვებს ჩემზე მეტად უჭირთ და მათ მიუტანე საჩუქრები, ჩემზე არ შეწუხდეო" - წერს ფსიქოლოგი ჟანა ჯავახიშვილი.

"ყველაფერი მეწვის, ისე მეტკინა და მეწყინა ეს საშინელი ამბავი. ეს უკეთილესი და ძალიან ნიჭიერი, დიდი ენერგეტიკის ადამიანი როგორ წავიდა ამ ქვეყნიდან და დაგვტოვა, ვერც კი ვიჯერებ ვუსამძიმრებ ოჯახს და განსაკუთრებით ნინო შუბლაძეს, რომლისთვისაც სოფო ნამდვილად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ და. უმძიმესი დრო დაუდგა ნინოსაც და ოჯახსაც და ყველა უნდა დავეხმაროთ, ამ საშინელების გადასატანად" - წერს "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია.

"ძალიან გვიჭირს შესაბამისი სიტყვების პოვნა, ტრენინგ ინდუსტრიაში უდიდესი დანაკარგის შესახებ... არ ვიცით როგორ გამცნოთ და გითხრათ, რომ დღეს ყველაზე სიცოცხლით სავსე, ყველაზე ენერგიული ადამიანი, საქართველოში ტრენინგ ინდუსტრიის ერთ-ერთი პირველი სულის ჩამდგმელი, სამაგალითო პიროვნება დავკარგეთ... სოფო შუბლაძე გვტკივა...

2020 წელს გადაიდო ღონისძიება, სადაც სოფო შუბლაძეს მადლობის სიგელი უნდა გადასცემოდა ტრენინგ ინდუსტრიაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის! ტრენერთა ასოციაციის სახელით ვუსამძიმრებთ დღეს მის საოცარ ოჯახს, ახლობლებს, ყველა ტრენერს, ყველა მის ძვირფას ადამიანს ამ უდიდეს... აღუწერელ ტკივილს...მწუხარებას!" - ნათქვამია ტრენერთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ სამძიმრის ტექსტში.

სოფო შუბლაძე 1996 წლიდან მუშაობდა კონფლიქტების მართვის, ინტერაქციული სწავლებისა და მოზრდილთა განათლების სფეროში. მიღებული ჰქონდა პრესტონის უნივერსიტეტის მაგისტრის წოდება ადამიანური რესურსების მართვაში.

"ეტყობა ამ პარტიებს ყველას ნახმარი ჰყავს მეუფე იაკობი..." - პეტრე ცაავა ბოდბელ ეპისკოპოსს პასუხობს

ორი ამიკო, ფაქო, თემო, "კაწრო", ინგა გრიგოლიას სიძე - ვინ არიან ბერა ივანიშვილის ცნობილი მეგობრები?

საქართველოს ორ რეგიონში ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი