ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით მე მაქვს კითხვები, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ გადაცემა "რეაქციაში" ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე საუბრის კონტექსტში განაცხადა.
მისივე განმარტებით, ის, როგორც პროფესიონალი იურისტი ფიქრობს, რომ მთავრობამ და პარლამენტმა უნდა განიხილონ, რამდენად ერგება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ქართულ რეალობას.
"ნაფიცი მსაჯულების სასამართლო რადიკალურად განსხვავდება ჩვეულებრივი სასამართლოსგან, ვინაიდან ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებენ არა პროფესიონალი იურისტები, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეები. შესაბამისად, აქ რიგ შემთხვევებში მთავარი არ არის ის, თუ რა მტკიცებულებებია საქმეში, არამედ ყურადღება ექცევა სხვა რიგ გარემოებას. მით უმეტეს გასათვალისწინებელია ქართველებში არსებული მენტალიტეტი. ჩემთვის, როგორც პროფესიონალი იურისტისთვის ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პროფესიონალმა მოსამართლემ, უნდა არსებობდეს შემდგომ გასაჩივრების შესაძლებლობაც. შესაბამისად მიმაჩნია, რომ იურისტების, მთავრობის, პარლამენტარების მონაწილეობით უნდა მოხდეს განხილვა რამდენად ერგება ეს ინსტიტუტი ქართულ რეალობას და ეს უნდა მოხდეს თუნდაც დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე", - განაცხადა შოთაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ ლაშა მახარაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოქროპირიძეს, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე არ გამორიცხავს, რომ ის 12 ივნისს, 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ამოწურვის მიზეზით გათავისუფლდეს.
"დღესდღეობით არსებობს ერთ საქმეზე 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი ოქროპირიძეს პროცესების დასრულებამდე გაუვა პატიმრობის ვადა, ის გათავისუფლდება. ეს არ არის დამოკიდებული არც სასამართლოზე, არც პროკურატურაზე. სასჯელაღსრულების დეპარტამენტია ვალდებული ასეთ შემთხვევაში გაათავისუფლოს პატიმარი წინასწარი პატიმრობიდან", - აღნიშნა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ.