სამეჯლისო ცეკვების დიდოსტატი, გიგი გაჩეჩილაძე ინტერვიუს ჩაწერის დროს საოცრად გულწრფელი იყო. მან თამამად ილაპარაკა საკუთარ უარყოფით თვისებებზე და არც დადებითი დაუმალავს. ამბობს, რომ დიდი სიყვარული და საყვარელი ადამიანის ცხოვრების ბოლომდე ერთგულება შეუძლია.
- რომანტიკული ხარ?
- რომანტიკული ნამდვილად ვარ, მაგრამ ბანალური - არა. ფანჯრების წინ სერენადის სიმღერა, გულის შემოხაზვა და ცეცხლის დანთება, ყვავილების გაგზავნა არ მჩვევია. ჩემთვის მარტივი გიჟობები უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ვითომ "დონე" რაღაცების კეთება.
- გასაგებია, რომ საკუთარი წესები და კანონები გაქვს, მაგრამ მაინც გკითხავ: ქართული ტრადიციები თუ მოგწონს?
- ბევრ ქართულ ტრადიციასთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს. არ მომწონს მაგალითად, ქართული ტრადიციული ქორწილი.
- შენ როგორ ქორწილს გადაიხდი?
- მომავალში გადავიხდი ისეთ ქორწილს, როგორიც დაგეგმილი მქონდა.
- გაგვიმხილე, როგორი ქორწილი გქონდა დაგეგმილი?
- ჩემი ქორწილი იქნება აუცილებლად ბუნებაში, რადგან ბუნების მოყვარული ვარ და არც ქართული მუსიკა იქნება ფონად. ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ ქართული არაფერი მომწონს, მაგრამ ვფიქრობ, ადამიანები რაღაც ჩარჩოებით არ უნდა ვიზღუდებოდეთ საკუთარ არჩევანში. ქართული ტრადიციაა ისიც, რომ ბიჭებს ცოლები მშობლების სახლში მიჰყავთ და მერე ახალდაქორწინებული წყვილის რჩენაზე დედ-მამა ზრუნავს, ჩემთვის კი ასეთი რაღაცები მიუღებელია.
- როგორი გოგონები მოგწონს?
- უპირატესობას შევგვრემან გოგონებს ვანიჭებ, თუმცა კარგი ქალი შეიძლება, ქერაც იყოს. არ მომწონს ზედმეტად ნაზი ქალები. ჩემთვის მარტო გარეგნობა არ არის მთავარი. პირველ რიგში, ჩემი რჩეული კარგი ადამიანი უნდა იყოს, ზრდილობა უნდა ჰქონდეს, უფროს-უმცროსის გარჩევა უნდა შეეძლოს.