"ადეიშვილის აღიარება ძალიან დაგვიანებულია, მეტიც, ადამიანური თვალსაზრისით, უზნეობაა"

"ადეიშვილის აღიარება ძალიან დაგვიანებულია, მეტიც, ადამიანური თვალსაზრისით, უზნეობაა"

გუშინ, "რუსთავი 2"-ს თოქ-შოუში "არჩევანი" სტუმრად საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი იყო, რომელმაც წარსული შეცდომების აღიარებისაგან თავი არ შეიკავა. მათ შორის, აღიარა რომ სანდრო გვირგვლიანის მკვლელობის დროს სახელმწიფო შეცდა, როცა დამნაშავე სათანადოდ არ დაისჯა და გამოძიებაც არასწორად ჩატარდა. ადეიშვილის გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუზე კომენტარი "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ბერძენიშვილს ვთხოვეთ:

იხილეთ| ზურაბ ადეიშვილი 7 ნოემბერზე, ციხის კადრებზე, ივანიშვილზე, ჟვანიასა და გირგვლიანის საქმეებზე

- ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მას მაინც მოუწია იმ ფაქტის აღიარება, რაც მთელმა მსოფლიომ დიდი ხანია დაადგინა, თუმცა აღიარებს, თუ არა ბატონი ადეიშვილი გვირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებულ შეცდომებს, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან გვირგვლიანის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი დანაშაული აღიარებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ და ამის მერე რას იტყვის ზურაბ ადეიშვილი,  არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. დადგენილია (და ამას აქვს კანონის ძალა), რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველანაირად ხელი შეუშალა ამ საქმის გამოძიებას. დაუდგა გვერდით მკვლელებს და მოქალაქის ინტერესები არათუ არ დაიცვა, არამედ ფეხქვეშ გათელა. სხვათა შორის, სწორედ ამას ემსხვერპლა "ნაციონალური მოძრაობა". ადეიშვილის აღიარება ძალიან დაგვიანებულია, მეტიც ადამიანური თვალსაზრისით, უზნეობაა. სიმართლე გითხრათ, მე "რუსთავი 2" ვის უთმობს ეთერს არ ვიცი, რადგან არ ვუყურებ. გულწრფელად გითხრათ, ადეიშვილის ყურება ზედმეტი მგონია.

- ადეიშვილი თქვენი პოლიტიკური ოპონენტია და არ გაინტერესებთ, რა განცხადებებს აკეთებს ის?

- ადეიშვილი პოლიტიკური ოპონენტი კი არა, დამნაშავეა რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეძებს. ადეიშვილს პოლიტიკურ ოპონენტად არ განვიხილავ 2007 წლის შემდეგ. დიდი ბოდიში, მაგრამ პოლიტიკურ ოპონენტობას დამსახურება სჭირდება და ჩვენ ლაპარაკი გვაქვს კრიმინალურ ელემენტზე.

- რამდენად სწორი იყო უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ადეიშვილის და სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა?

-მე ვარ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და უკრაინის ხელისუფლების ნაბიჯებს ვერ შევაფასებ. მე გავაკეთებ კომენტარს სააკაშვილის მხრიდან, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმაზე, რათა უკრაინის გარკვეული რანგის ტიპის ჩინოვნიკი გამხდარიყო. ეს იყო სამარცხვინო და თავისმომჭრელი საქციელი. მიმაჩნია, რომ საქართველოს არცერთ პრეზიდენტს მსგავსი სამარცხვინო ნაბიჯი არ გადაუდგამს და დარწმუნებული ვარ, არც არავინ გადადგამს მომავალში.

- ადეიშვილმა, მიუხედავად მრავალი შეცდომის აღიარების, დააანონსა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აუცილებლად დაბრუნდება ხელისუფლებაში...

- როგორც ხედავთ "ნაციონალური მოძრაობა" ნელ-ნელა ემიჯნება ადეიშვილისნაირ ფიგურებს. რაც შეეხება პარტიის დაბრუნება-არ დაბრუნებას, ეს არის ხალხის გადასაწყვეტი. ქართველმა ხალხმა, სოციალ-დემოკრატებს ილია ჭავჭავაძის მკვლელობა აპატია და ხელისუფლებაში მოიყვანა, ამიტომ გასაკვირი არაფერი არ იქნება, მაგრამ ადეიშვილი და სააკაშვილი რომ ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში (საუბარი მაქვს საქართველოს ხელისუფლებაზე, სხვა ქვეყანაზე: უნგრეთზე, უკრაინაზე, ვერაფერს გეტყვით), ამის ასპროცენტიან გარანტიას გაძლევთ.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."