მეტეხის საგვირაბო კომპლექსის მიმდებარედ არსებულ ხიდებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია ორივე მიმართულებით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სსიპ "ხიდსაცდელი ცენტრის" დასკვნით, აღნიშნული ობიექტი გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. კომპლექსს ჩაუტარდა სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია, ჰიდროიზოლაცია, ტროტუარების, მოაჯირებისა და გზის საფარის მოწყობა (4სმ ქვედა 3სმ ზედა ფენა წვრილმარცვლოვანი ასფალტ-ბეტონის საფარი, სულ 2600 მ2). შეკეთდა სანაპირო და შუალედური ბურჯები.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს "კავკასუს როუდ პროჯექტმა" განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულებამ 1 მილიონი ლარი შეადგინა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 26 მარტს დაიწყო და 26 ივნისს უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ სამუშაოები 16 დღით ადრე დაასრულა. მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებული ხიდები სრულ ექსპლუატაციაში დღეიდან შევიდა.