"პირველი" სანდროს გარეშე = "პირველი" ჩემს გარეშე - მაყურებელი, რომელიც "საზმაუმ" ცნობილაძესთან ერთად დაკარგა

"პირველი" სანდროს გარეშე = "პირველი" ჩემს გარეშე - მაყურებელი, რომელიც "საზმაუმ" ცნობილაძესთან ერთად დაკარგა

ცნობილი ქართველი კომენტატორი სანდრო ცნობილაძე "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" სამსახურიდან დაითხოვა. ამის მიზეზი 31 მაისს საქართველოსა და პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებების დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის დროს მის მიერ დაშვებული შეცდომა გახდა. რეალურად რომ ვთქვათ, შეცდომა მართლაც დიდი იყო, მაგრამ ასეთი შეცდომისაგან არვინაა დაზღვეული და ამის გამო სამსახურიდან დათხოვნა რბილად რომ ვთქვათ, არასწორი საცქიელია.

სანდრო ცობილაძეს ქართული სპორტისთვის ძალიან ბევრი გაუკეთებია. მახსოვს, პატარა ბიჭი ვიყავი, როცა 90-იანებში სანდროს წაყვანილ რეპორტაჟებს ვუსმენდი. ჩემთვის ის 90 წუთი ერთგვარი ფანჯარა იყო ევროპაში და ამ ფანჯარას სანდრო მიღებდა ხოლმე.

სანდროს გაშვებით ჩემთვის ბავშვობის რაღაც მონაკვეთი დასრულდა. დარწმუნებული ვარ, ბევრს გაუჩნდა ეს განცდა. სანდრო უმუშევარი არ დარჩება, რადგან ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ აფასებენ პროფესიონალებს და სადაც წავა, მეც იქ წავალ, რადგან ჩემი ბავშვობის გახსენების სურვილი მექნება.

რედაქციის რჩევით| "ახლა გაოცებულ-გაოგნებულ მდგომარეობაში ვიმყოფები" - სანდრო ცნობილაძის პირველი კომენტარი არხიდან დათხოვის შემდეგ

შეიძლება ბევრს არ მოსწონდა სანდროს წაყვანილი რეპორტაჟი, მაგრამ ისინიც კი ხაზგასმით აღნიშავდნენ სანდროს ინფორმაციულობას. იცოდა ამ კაცმა, რასაც ლაპარაკობდა, ფეხბურთელებსაც კარგად ცნობდა, მათი წარსულიც იცოდა და როცა საჭირო იყო წარსულიდანაც უზუსტეს პარალელს გაავლებდა ხოლმე, ჰოდა ასეთი პროფესიონალს რომ ერთი შეცდომის გამო სამსახურიდან დაითხოვ, ე.ი. "საზმაუს" შეფი ხარ.

საინტერესოა, "საზმაუს" შეფობას მაშინ რატომ არ მოუნდა სანდროს გაშვება, როცა ის ქეცბაიას დროინდელი საქართველოს ნაკრების თამაშში პოზიტივის დანახვას ცდილობდა, თუ ეს ნაკლები შეცდომა იყო?!

სოციალურ ქსელს რომ გადავხედოთ, თითქმის ყველა სანდრო ცნობილაძეს უცხადებს სოლიდარობას, მაშინ როცა ცოტა ხნის წინ უმეტესობა მისი გაშვების მომხრე იყო. საინტერსოა, როდის ვიყავით მართლები, მაშინ, თუ ახლა?!

საბჭოთა კავშირის დროს, რადიორეპორტაჟისას დიდმა ეროსიმ გოლი დამალა და ამის გამო არავის დაუსჯია. კი ბატონო, ის ეროსი იყო, მაგრამ მაშინ კომუნისტური რეჟიმიც იყო.

არ მინდა, "საზმაუს" შეფობას "ნაკოლი" მივცე, მაგრამ 6 წუთის მანძილზე, ვიდრე სანდრო ცნობილაძეს რეპორტაჟი შეცდომით მიჰყავდა, ან რეჟისორი ან პროდიუსერი სად იყო, რომ შეცდომაზე მიეთითებინა?!

შეცდომა ფეხბურთის თანმდევი მოვლენაა და მას ერთგვარ ხიბლსაც მატებს. ჩემი აზრით, ფეხბურთს მსაჯების შეცდომაც კი უხდება. რობოტიზებული რომ გახდეს, სადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი შეცდომის ალბათობა, ფეხბურთი ძალიან ბევრს დაკარგავს. ამის ფონზე კომენტატორის შეცდომის გამო დათხოვნა სასაცილოა.

"ფიფა"-ც და "უეფა"-ც მხოლოდ მკაცრი გაფრთხილებით შემოიფარგლებიან მსაჯის მიმართ, ვინც მიუტევებელ შეცდომას უშვებს და რაღა "საზმაუს" შეფობა აღმოჩნდა რომის პაპზე დიდი კათოლიკე?!

საინტერესოა, ეს შეფობა რომ 2012 წლამდე ყოფილიყო, რომელიმე ჟურნალისტის გაშვებას თუ გაბედავდა იმ ტყუილების გამო, ამ არხიდან რომ იფრქვეოდა. ალბათ - არა, რადგან ამას გამბედაობა სჭირდება, ხოლო იმ ხალხს, ვინც სანდრო ცნობილაძე ერთი შეცდომის გამო გაუშვა, გამბედაობა არ აქვთ.

ისე, პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ, "მოდელირებული ქრონიკის" ყველა შემოქმედი დაუსჯელი დარჩა და სანდრო ცნობილაძეს ერთი შეცდომა არ ეპატია.

P.S. დიდი ალბათობით "საზმაუს" ხელმძღვანელობას შეუმჩნეველი დარჩება, მაგრამ ერთი მაყურებელი ჩემი სახით დაკარგეს. არ გეგონოთ მე სანდრო ცნობილაძის თავგადაკლული ფანი ვარ და რადგან ის არაა, მაგიტომ აღარ გადავრთავ "პირველზე". უბრალოდ, ის ჩიტი ვარ, რომელიც ხეზე იჯდა და ხელის აქნევას ელოდა; ეჭვი მაქვს, ბევრი ჩიტი ელოდა ხელის აქნევას.

ლადო გოგოლაძე

საავტორო სვეტი AMBEBI.GE-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია