ირაკლი ალასანიასთან ჩემი შეხვედრის დროს უზრუნველყოფილი იყო ის, რომ "რუსთავი 2" იქ ყოფილიყო, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "მაესტროს 9-იანში" განაცხადა, თუმცა არ დააკონკრეტა, ვის მიერ იყო უზრუნველყოფილი ადგილზე "რუსთავი 2"-ის ყოფნა.
მისივე განმარტებით, ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საზოგადოებამ მხოლოდ ალასანიასთან შეხვედრის შესახებ გაიგო და არ ჰქონდა ინფორმაცია მინდია ჯანელიძესთან შეხვედრასთან დაკავშირებით.
"ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის დროს უზრუნველყოფილი იყო ის, რომ "რუსთავი 2" იქ ყოფილიყო და ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომ გაიგო საზოგადოებამ მხოლოდ ამ შეხვედრის შესახებ. ამ შეხვედრის გარდა მე სხვა შეხვედრებიც მქონდა, მათ შორის მინდია ჯანელიძესთან და მას ახლაც მუდმივად ვხვდები, რადგან ის იმ საბჭოს ხელმძღვანელია, რომელთანაც თავდაცვის სამინისტრო მუდმივ კომუნიკაციაშია. მე არ ვაპირებ კამერებით ვიარო შეხვედრებზე, რადგან ჩემი ამოცანაა შეხვედრის საქმიანობის შენარჩუნება და არა პომპეზურობა. თუ, საჭიროა შემიძლია კამერებითაც ვიარო, მაგრამ, არამგონია, ამას რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს", - აღნიშნა ხიდაშელმა.