მომავალი წლიდან ყვითელ ავტობუსებს ეტაპობრივად ახალი, ეკოლოგიური ავტობუსები ჩაანაცვლებს. როგორც ამბები.გე-ს თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა, გიორგი გურგენიძემ უთხრა, მომავალ წელს დედაქალაქში 200 ახალი, ეკოლოგიური ავტობუსი იმოძრავებს.
- მომავალ წელს ვგეგმავთ 200 ახალი ავტობუსის შემოყვანას, მთლიანობაში კი 650-დან 700-მდე ეკოლოგიური ავტობუსი შემოვა, მაგრამ ეს მოხდება პერიოდულად, ძველ, ყვითელ ავტობუსებს ახლებით ეტაპობრივად ჩავანაცვლებთ. ახლა ტენდერს გამოვაცხადებთ და შემდგომი პროცესები მალე დაიწყება. რაც შეეხება ახალი ავტობუსის ტექნიკურ დეტალებს, ევროსტანდარტებთან ის სრულ შესაბამისობაშია, ანუ იქნება ისეთი, როგორიც ევროპაში დადის. აღიჭურვება ევრო-6 ძრავით, რომელიც არა მხოლოდ ეკოლოგიური თვალსაზრისით, არამედ უსაფრთხოებისა და კომფორტის თვალსაზრისითაც ევროპულ სტანდარტებს სრულად პასუხობს. მავნე გამონაბოლქვი მინიმუმ 30%-ით შემცირდება და მომსახურების ხარისხიც გაიზრდება.
- როგორც ცნობილია ახალი ავტობუსები შშმ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
-კი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი ავტობუსი შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება, ადაპტირებული კი ნიშნავს იმას, რომ შშმ პირებს ამ ავტობუსებით სარგებლობა შეეძლებათ, კერძოდ, ავტობუსს ექნება შესაბამისი მოწყობილობა, კარები რომ გაიღება, გადმოვა სპეციალური ინსტრუმენტი, რის საშუალებითაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ავტობუსში ავა.
- რადგან ახალი და უფრო კომფორტული ავტობუსი იქნება, ფასი ხომ არ გაიზრდება?
-არა, ფასი ნამდვილად არ გაიზრდება.
- რაც შეეხება დღეს მოძრავ ყვითელ ავტობუსებს, როგორია მათი მოძრაობის განრიგი, ღამის რეისების დამატებას ხომ არ აპირებთ?
- ავტობუსების ის რაოდენობა, რომელიც მგზავრებს უნდა მოემსახუროს, მგზავრთა ნაკადის ინტენსივობით განისაზღვრება. ეს ყველგან ასეა, მარტო თბილისში არ არის, ანუ პიკის საათებში თუ ოცი ავტობუსი დადის, სხვა დროს შედარებით ნაკლებმა უნდა იაროს, იმ რაოდენობამ, რაც საჭიროა. რაც შეეხება კონკრეტულ დროს, სხვადასხვა მარშუტებზე სხვადასხვა გრაფიკია, თუმცა მინიმალური და მაქსიმალური დრო დილის 7 საათიდან ღამის პირველის ნახევრამდეა. სადაც მოთხოვნა იყო, იქ დრო გავზარდეთ, ადრე თუ ღამის 12-ის ნახევრამდე მოძრაობდნენ, ახლა დრო ერთი საათით გავზარდეთ და პირველის ნახევრამდე მოძრაობენ.
როგორც დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თბილისში მოძრავი ავტობუსების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა წლების მიხედვით, ასეთია:
2010 წელი – 62,4 მლნ. მგზავრი
2011 წელი – 64,8 მლნ. მგზავრი
2012 წელი – 69,2 მლნ. მგზავრი
2013 წელი – 105,8 მლნ. მგზავრი
2014 წელი – 121,3 მლნ. მგზავრი
რაც შეეხება მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში შესულ მოქალაქეების წერილებსა და განცხადებებს, ყველაზე ხშირად მოქალაქეები ითხოვენ ავტობუსების მოძრაობის ახალი მარშუტების დაწესებას, მოქმედ მარშუტებში ცვლილებების შეტანას, მოქმედ მარშუტებზე მოძრავი შემადგენლობების დამატებას ავტობუსებს შორის ინტერვალის შემცირების მიზნით, მგზავრთა სატრანსპორტო მოსაცდელებისა და გაჩერებებზე ავტობუსების მისვლის დროის აღმრიცხველის ელექტრონული ტაბლოების დამონტაჟებას, ახალი გაჩერებების დაწესებას, ავტობუსებში კონდიცირების მოგვარებას და სხვა. ამას გარდა, მოქალაქეები ხშირად ასაჩივრებენ მათ მიმართ შედგენილ საჯარიმო ქვითრებს და მათ გაუქმებას ითხოვენ.
თაკო ესებუა
AMBEBI.GE