დავით ნარმანია "ქართული ოცნების" ოფისში დახურულ შეხვედრაზე მიიწვიეს და მკაცრად გააკრიტიკეს. მერს დედაქალაქში მდგომარეობის გამოსასწორებლად ვადაც მისცეს,- ამის შესახებ "რუსთავი 2" კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
იმას, რომ დავით ნარმანია დახურულ შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა გააკრიტიკა, დეპუტატი გოგი თოფაძეც ადასტურებს. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც იმყოფებოდა.
პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაბარების ამბავს ადასტურებს თბილისის მერი, თუმცა დავით ნარმანია ამბობს, რომ ეს არ იყო განკითხვის საათი. იგი დაძაბულ დიალოგს საქმიან დისკუსიას უწოდებს.
ამ პროცესების პარალელურად არასამთავრობო სექტორი თბილისის მერიის წინააღმდეგ ახალ მასალებს აქვეყნებს. დოკუმენტებით დგინდება, რომ ნარმანიას მერობის პერიოდში თბილისის პრობლემების მოსაწესრიგებლად ბიუჯეტში არსებული თანხიდან მერიამ 140 მილიონ ლარზე მეტი ვერ აითვისა.
ორგანიზაცია "მედიატორში" აცხადებენ, რომ ბავშვების გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისათვის გამოცხადებულ ტენდერებს საკრებულოს აპარატურის უფროსი მისი მეგობრების კომპანიებს აგებინებს.
საკრებულოს აპარატის უფროსი განმარტებების გაკეთებაზე უარს ამბობს. კითხვები მერიის ტენდერებზე მხოლოდ არასამთავრობო სექტორს არ აქვს. ამ საკითხზე საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი და ოპოზიციის წევრებიც საუბრობენ.
ავტორი: ნოდარ მელაძე, "რუსთავი 2"