რა უფრო საშიშია, ID ბარათი თუ პარტ-ბილეთი ან ნარკომანია?!

რა უფრო საშიშია, ID ბარათი თუ პარტ-ბილეთი ან ნარკომანია?!

რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სახლში ვიყავი ID ბარათის ასაღებად. მისასვლელთან ხალხის დიდი ჯგუფი იყო შეკრებილი და რაღაცას აპროტესტებდა. თავიდან მეგონა, რომ რომის პაპის მიერ პუტინის მშვიდობის ანგელოზით დაჯილდოებას აპროტესტებდნენ, მაგრამ ეს ვერსია იმთავითვე გამოვრიცხე, რადგან ამ პროტესტისთვის იუსტიციის სახლი არ იყო შესაბამისი ადგილი. შემდეგ "მთის მინისტრის" იდეის წინააღმდეგ შეკრებილი ხალხი მეგონა, მაგრამ აქაც შევცდი. ბოლოს ნება ვიბოძე და ვიკითხე. აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი ელექტრონულ პირადობებს, ე.წ. ID ბარათებს აპროტესტებდა და ალტერნატიული პირადობის მოწმობის დაშვებას ითხოვდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის რამდენიმე სასულიერო პირიც იყო, რამაც გულწრფელად ვიტყვი, ძალიან გამაკვირვა, რადგან საპატრიარქომ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ ამ პირადობის აღება საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი არაა. ყველა ლოგიკის და საეკლესიო კანონის თანახმად, ეს სასულიერო პირები საპატრიარქოს უნდა ემორჩილებოდნენ, ხოლო თუ საპატრიარქო სცოდავს ან სცდება, მაშინ პირდაპირ უნდა ამხილონ, მაგრამ საპროტესტო აქციის მონაწილეები საპატრიარქოს არ ეხებიან, ანუ ეკლესიის მმართველი ორგანო არ ცდება, მაშინ რას დაობენ, ჩემთვის ცოტა გაუგებარია.

20 აპრილიდან 20 ივნისამდე პირადობის მოწმობის გაცემა უფასოა, რამაც იუსტიციის სახლში რიგები გაზარდა. საინტერესოა, რომ რიგში ის ხალხიც იდგა, ვინც გასულ წლებში აქტიურად აპროტესტებდა ამ პირადობის მოწმობის არსებობას. როგორც ჩანს, უფასო რადგანაა, იქ სატანა ვერ დაიბუდებს, ამიტომ ეგდოს, რა იცი, რა ხდება...

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება და 100 000-ზე მეტ ხელმოწერას შეაგროვებენ, რათა ალეტრნატიული პირადობის მოწმობა დაუშვან. არადა, რა კარგი იქნება, ეს დრო ნარკომანიის წინააღმდეგ პროტესტს მოახმარონ, მომხრეც მეტი ეყოლებათ, მართლა კარგ საქმესაც გააკეთებენ და ეგებ, ნარკომანიის სენს 1-2 ადამიანი მაინც გამოგლიჯონ, თუმცაღა, როგორც ჩანს, წამალში სატანა ვერ იბუდებს, ამიტომ მას აგრერიგად დიდი პროტესტი არ სჭირდება.

რატომღაც მგონია, რომ იმ ხალხიდან, ვინც იუსტიციის სახლთან იდგა, მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც არის ნამყოფი ისტორიულ ტაოში (ან თუ არ ყოფილა, წასვლა ნამდვილად უნდა), რომელიც ჩვენი მეზობლის ტერიტორიაზეა და იქ გადასასვლელად ან უცხოეთის პასპორტია საჭირო, ან კიდევ ID ბარათი. უცხოეთის პასპორტს მხოლოდ ტაოში წასასვლელად იშვიათად იღებენ, ანუ რა გამოდის, აპროტესტებენ იმას, რაც თვითონ უკვე გაკეთებული აქვთ? ერთობ საინტერესო ქმედებაა.

მაინტერესებს, ვინც უკვე "დაიტვიფრა", ანუ ID ბარათი აიღო, ასეთი ადამიანის ხსნის შანსი თუ არსებობს? პირადობის უკან დაბრუნება სულის გამოსყიდვას განაპირობებს? ან მრევლის იმ წარმომადგენელმა რა ქნას, ვის დაუჯეროს, საკუთარ მოძღვარს, ვისაც უკვე აქვს ID ბარათი და ამბობს, რომ ეს საშიში არააო, თუ აქციის მონაწილეებს, ვინც ID ბარათში აპოკალიფსის ნიშნებს ხედავს.

რატომღაც მგონია, რომ დონ-კიხოტი ყველაზე ქართველი პერსონაჟია, რადგან ქარის წისქვილებთან ბრძოლაში ბადალი არ გვყავს და ამასობაში კი ნამდვილი მტერი (რომელიც როგორც წესი, ჩრდილოეთიდან გვიტევს) ისე გვიპყრობს, რომ ჩვენ სიხარულით ვეგებებით.

პ.ს. სტალინის დროს (რომლის უდიდესი მეხოტბეებიც ყველაზე მძაფრად აპროტესტებენ ID ბარათს) სულ არ ყოფილა ელექტრონული პირადობის მოწმობა, მაგრამ თითქმის ყველა საბჭოელი დატვიფრული იყო პარტ-ბილეთით, რომელიც ბევრად უფრო საშიში იყო, რადგან პარტ-ბილეთი უპირველეს დარტყმას ადამიანის მენტალობას აყენებდა და ამ დარტყმის შედეგს ყოველდღიურად ვიმკით, სამწუხაროა, მაგრამ ასეა.

ლადო გოგოლაძის საავტორო სვეტი

სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია