წუხელ, დაახლოებით 00:15-ზე თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთის ქუჩის #13-ში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წყნეთის ქუჩის N13-ე კორპუსიდან მოსახლეობის გაყვანა იქამდე მოხდება, ვიდრე შენობის მდგრადობის შესახებ ექსპერტების დასკვნა არ მომზადდება. როგორც შსს-ში აცხადებენ, მობინადრეთა ევაკუაცია სწორედ ექსპერტების პროგნოზს უკავშირდება, რომ კორპუსს მდინარე ვერე საფრთხეს უქმნის.
ევაკუაციამ წყნეთის ქუჩის N13-ის მცხოვრებლების ნაწილის პროტესტი გამოიწვია. მათი თქმით, კორპუსს მდინარე ვერე საფრთხეს ვერ შეუქმნის. როგორც მცხოვრებლების ნაწილი ამტკიცებს, კორპუსი კლდეზეა დაშენებული, შესაბამისად, არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება მე-13 კორპუსის იმ მცხოვრებლებს, რომლებმაც შენობის დატოვების სურვილი გამოთქვეს, ვაკის გამგეობის თანამშრომლების მიერ მათი აღწერა მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, იმ მოქალაქეებს, რომელთაც დახმარება დასჭირდებათ ალტერნატიული ფართის უზრუნველყოფაში, გამგეობა ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენს.